ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრით, ხასიათდება საქონელზე რეკორდულად მაღალი ფასებითა და სუსტი ეკონომიკური ზრდით, მაღალი ინფლაციის პირობებში.

ამის შესახებ „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო“ (IAE) თავის 2023 წლის ანგარიშში წერს.

ანგარიშის თანახმად, საწვავის მაღალმა ფასებმა ელექტროენერგიის გამომუშავების ღირებულება მთელს მსოფლიოში გაზარდა, რამაც ბევრ რეგიონში დაღმავალი ზეწოლა მოახდინა მოხმარებაზე. გაუარესებული ვითარების და კრიზისის მიუხედავად, ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნა შედარებით სტაბილური დარჩა და 2022 წელს თითქმის 2%-ით გაიზარდა.

IAE-ს ცნობით, 2025 წლისთვის, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ელექტროენერგიის მოხმარების ნახევარს აზია მოიხმარს. გლობალური ელექტროენერგიის ერთი მესამედი ჩინეთში იქნება მოხმარებული.

ამ პერიოდის განმავლობაში, ელექტროენერგიის გლობალური მოთხოვნა დაჩქარებული ტემპით - წლიური 3%-ით გაიზრდება, რადგან ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება განვითარებად ბაზრებსა და განვითარებად ეკონომიკებში. აქ კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ინდოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია ლიდერობს.

ენერგეტიკული კრიზისის კლებასთან ერთად, ელექტროენერგიის მოთხოვნის გლობალური ზრდა 2023 წლის 2,6%-დან 2024-2025 წლებში საშუალოდ, 3,2%-მდე გაიზრდება.

„ეს უფრო ძლიერი ზრდაა და ბევრად აღემატება 2015-2019 წლებში დაფიქსირებულ 2.4%-იან მაჩვენებელს. 2025 წლისთვის მოთხოვნა 2022 წლის დონიდან 2 500 ტვტ/სთ-ით გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად დამატებით, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის მოხმარების ეკვივალენტური რაოდენობით გაიზრდება. ზრდის ნახევარზე მეტი ჩინეთიდან მოდის. დარჩენილი ზრდა დიდწილად ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე გადანაწილდება“ - ნათქვამია ანგარიშში.