იაპონიაში, ფუკუშიმას მიერ ბირთვულად დაბინძურებული წყლის ოკეანეში ჩაშვების საკითხზე დისკუსია გრძელდება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ფუკუშიმას წყლის ოკეანეში გაშვებას ტრანსსასაზღვრო ეფექტი შესაძლოა, არ ჰქონდეს. მისივე თქმით, ორწლიანმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ იაპონიის გეგმა - დამუშავებული რადიოაქტიური წყლის ოკეანეში გაშვების შესახებ, უმნიშვნელო ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე.
შეფასებას არ იზიარებს ჩინეთი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იაპონიის ბირთვულად დაბინძურებული წყლის ჩაშვების გეგმის შეფასების ანგარიში ნაჩქარევია და იაპონიას წყლის გაშვების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს.
„IAEA-ის მიერ ნაჩქარევად გამოქვეყნებული მოხსენება სრულად არ ასახავს ყველა ექსპერტის მოსაზრებებს, ვერ ასახავს საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას წყლის ჩაშვების შესახებ. ამიტომ მიღებული დასკვნები შეზღუდული და ცალმხრივია. ჩინეთი მოუწოდებს იაპონიას, არ შეეცადოს გამოიყენოს სააგენტოს ანგარიში, როგორც საშვი ბირთვულად დაბინძურებული წყლის ჩასაშვებად და შეწყვიტოს ჩაშვების გეგმის იძულება. იაპონურმა მხარემ პასუხისმგებლობით უნდა განკარგოს ბირთვულად დაბინძურებული წყალი", - განაცხადა სპიკერმა ვანგ ვენბინმა.
იაპონია გეგმავს მალე დაიწყოს მილიონ ტონაზე მეტი დამუშავებული რადიოაქტიური წყლის გამოშვება, რომელიც ახლა ტოკიოს ჩრდილოეთით, დაშლილ ქარხანაში ინახება. წყლის უმეტესი ნაწილი 2011 წლის მარტის ცუნამის შედეგად განადგურებული რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენებოდა.