გაეროს პროგნოზით, 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა სამი გრადუსით მოიმატებს

გაერო-ს განცხადებით, მიუხედავად პანდემიის პერიოდში სათბურის აირების გამოყოფის შემცირებისა და სხვადასხვა ქვეყნის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შეჩერების პირობისა, დედამიწა მაინც ადგას კურსს, რომელიც საუკუნის მიწურულს მას 3 გრადუსით გაათბობს.

გამონაბოლქვის დონის ყოველწლიურ შეფასებაში, გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამა აღნიშნავს, რომ 2020 წელს ნახშირბადით დაბინძურების მოცულობაში დაფიქსირებულ 7-პროცენტიან ვარდნას „უმნიშვნელო გავლენა“ აქვს გათბობაზე, წიაღისეულ საწვავზე ვრცელი და სწრაფი უარის თქმის გარეშე.

მოხსენების ფარგლებში ანალიზი ჩაუტარეს პარიზის კლიმატური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაგეგმილ დაბინძურების შეჩერების მაჩვენებლებს შორის სხვაობას.

აღმოჩნდა, რომ პანდემიით გამოწვეულმა „მწვანე აღდგენამ“ ნულოვანი გამონაბოლქვის პირობა დააჩქარა და 2030 წლისთვის, გამონაბოლქვის დონე შეიძლება 25 პროცენტით შემცირდეს.

შედეგად, მსოფლიო ახლოს მივა იმ დონესთან, რაც პარიზის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული — არ მოხდეს საშუალო ტემპერატურის მატება 2 გრადუს ცელსიუსზე მეტით.

დედამიწის საშუალო ტემპერატურამ ინდუსტრიამდელი ხანის შემდეგ 1°C-ით მოიმატა და ეს მაჩვენებელიც კი, უკვე იწვევს ხშირ გვალვებს, ტყის ხანძრებსა და სუპერშტორმებს, რომლებსაც ზღვის დონის მატება კიდევ უფრო აძლიერებს.

„მაშინ, როდესაც მსოფლიო ლოკდაუნში იყო, გამონაბოლქვის დონე 7 პროცენტით შემცირდა, მაგრამ ვიცით, რომ მსოფლიოს ჩაკეტვა გამოსავალი ნამდვილად არ არის“, — ამბობს გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ინგერ ანდერსენი.

მისივე თქმით, წლევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ პანდემიით გამოწვეულ მწვანე აღდგენას შეიძლება უზარმაზარი გავლენა ჰქონდეს სათბურის აირების გამოყოფაზე და კლიმატის ცვლილების შენელებაზე.

გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) შარშან მიუთითებდა, რომ იმისათვის, რათა შევინარჩუნოთ პარიზის ხელშეკრულების ამბიციური გეგმა (ტემპერატურის მაქსიმუმ 1,5 გრადუსით მატება), 2030 წლამდე გამონაბოლქვის დონე ყოველწლიურად 7,6 პროცენტით უნდა შემცირდეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ამ მაჩვენებლის მიღწევა მოხერხდა, ეს მოხდა ინდუსტრიის, მოგზაურობისა და სხვადასხვა წარმოების უპრეცედენტო შენელების ხარჯზე.

ექსპერტები შიშობენ, რომ 2021 წელს ნახშირბადის გამოყოფის აღდგენა თითქმის გარდაუვალია; წინა კვირაში გაერო-მ განაცხადა, რომ ამ ათწლეულში ქვეყნები წიაღისეული საწვავის წარმოების 2 პროცენტით ზრდას გეგმავენ.

იმისათვის, რათა ტემპერატურამ 1,5°C-ზე მეტით არ მოიმატოს, საჭიროა, რომ ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის წარმოება წელიწადში 6 პროცენტით შემცირდეს.

ახალი ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ატმოსფეროში გაიფრქვა 59,1 გიგატონა ნახშირორჟანგი.

UNEP-ის განცხადებით, ეს 2,6 პროცენტით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე და დიდწილად ტყის ხანძრების გახშირებით არის გამოწვეული.

მთლიანობაში, დედამიწა ადგას კურსს, რომელიც მას 2100 წლისთვის 3°C-ით მაღალ ტემპერატურასთან მიიყვანს; ტემპერატურის ამ მაჩვენებლით მატება ასობით მილიონ ადამიანს საცხოვრებლის შეცვლას აიძულებს, რადგან აიწევს ზღვის დონე, შემცირდება მოსავალი და გაიზრდება ექსტრემალური ამინდის მოვლენები, მათ შორის, გვალვები და შტორმები.

პანდემიის დროს მოგზაურობის, სამრეწველო საქმიანობისა და ელექტროენერგიის წარმოების შემცირებამ მსოფლიოში გამონაბოლქვის 7 პროცენტით შემცირება გამოიწვია.

თუმცა, ეს გლობალური დათბობის 0,01°C-ით შემცირებას ნიშნავს 2050 წლისთვის.

UNEP-ის განცხადებით, COVID-19-ით გამოწვეული მწვანე აღდგენის გამო, 2030 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვი 44 გიგატონა იქნება, რაც პროგნოზირებულ 59 გიგატონაზე ნაკლებია და კაცობრიობას 66-პროცენტიან შანსს აძლევს, რომ არ მოხდეს ტემპერატურის 2°C-ზე მეტით მომატება.

ორგანიზაციის განცხადებით, ამას კი სჭირდება განახლებად ენერგიაზე ფართოდ გადართვა, ნლოვანი გამონაბოლქვის მქონე ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა, წიაღისეული საწვავის სუბსიდირების შემცირება, ქვანახშირის ახალი საწარმოების გახსნაზე უარის თქმა და ტყეების ფართომასშტაბიანი აღდგენა.

აღსანიშნავია, რომ G20 ქვეყნების მხოლოდ მეოთხედი ხარჯავს თანხებს ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებაზე.

მოხსენებაში ასევე ასახულია დიდი უთანასწორობა ნახშირბადით დაბინძურებაში: ყველაზე მდიდარ ერთ პროცენტზე იმაზე ორჯერ მეტი გამონაბოლქვი მოდის, ვიდრე ყველაზე ღარიბ 50 პროცენტზე.

UNEP-ის განცხადებით, საჭიროა, რომ ამ ჯგუფმა ნახშირბადის გამონაბოლქვი 30-ჯერ შეამციროს, რათა პარიზის ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში იყოს.

პოზიცია