ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.5% იმპორტით დაკმაყოფილდა.
მათივე ცნობით, საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა; 2024 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა 1,5%-ით და 3.011 მლრდ კუბ.მ შეადგინა.
"საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2024 წელს 1,528 მლნ კუბ.მ შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის კი – 1,483 მლნ კუბ.მ, მათ შორის 615 მლნ კუბ.მ თბოსადგურების მოხმარებაა.
2024 წელს ბუნებრივი გაზის საბითუმო და საცალო ბაზრებზე საქმიანობას ახორციელებდა 30 მიმწოდებელი; საქართველოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბუნებრივი გაზის იმპორტი ქვეყანაში განახორციელა სამმა მიმწოდებელმა; საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი გაზით საბითუმო დონეზე ვაჭრობა განახორციელა 11-მა მიმწოდებელმა, რომელთა შორის სამი უმსხვილესი მიმწოდებლის წილი 95%-ს შეადგენდა; 2024 წელს 2023 წელთან შედარებით გაზრდილია გათბობის გრადუს დღეების ოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით 2024 წელს შენობების უფრო მეტი გრადუსით გათბობა იყო საჭირო; 2024 წელს კვლავ გაგრძელდა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც საცალო მომხმარებელთა რაოდენობამ (საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო) საანგარიშო წლის ბოლოს 1,603,788 შეადგინა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოპერირებდა 18 განაწილების ლიცენზიატი. მათ შორის სამი ყველაზე მსხვილი ლიცენზიატია (შპს „თბილისი-ენერჯი“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“). აღნიშნულმა სამმა მსხვილმა განაწილების ლიცენზიატმა გაანაწილა მთლიანი განაწილებული გაზის 90%.
bp.ge