სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ახალი, გაძვირებული ტარიფი დაადგინა. სემეკმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე წარმოადგინა თბოელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფის ორი პროექტი. პირველში გათვალისწინებული იყო ის ზარალი, რომელიც თბოელექტროსადგურებმა ლარის კურსის ვარდნის შედეგად განიცადეს, მეორე პროექტი კი, ზარალის და ეკონომიის ერთბაშად გაქვითვას ითვალისწინებდა. კომისიამ კენჭი სწორედ მეორე პროექტს უყარა, რომელიც თბოელექტროსადგურებისთვის მიუღებელი იყო.
მოქმედი ტარიფი კომპანია “ჯიფაუერისთვის” 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი. შპს “მტკვარი ენერგეტიკისათვის” – მოქმედი ტარიფი 7,229 ლარი გაიზარდა 10,871 ლარამდე. რაც შეეხება საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, დღევანდელი ტარიფი 7,319 იყო, ახალი ტარიფი კი 10,194 ლარით განისაზღვრა.
თბოსადგურებისთვის გენერაციის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებას გარდაუვლად მიიჩნევენ ანალიტიკოსები. ენერგეტიკის საკითხებში „აფბას“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, სემეკის გადაწყვეტილება თბოსადგურებისთვის ტარიფის კორექტირების თაობაზე ადეკვატური და გარდაუვალი იყო, რაც გამოწვეულია ბოლო დროს დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით.
„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს დოლარის გამყარების ფონზე თბოელექტროსადგურებს ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასი გაეზარდათ, რამაც გარდაუვალი გახადა მათი მოთხოვნა ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით.
სემეკმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ტარიფი ნაწილობრივ დაკორექტირდა, ვფიქრობ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკის მხრიდან სრულიად ადეკვატურია, გამომდინარე იქედან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თბოსადგურებს მუშაობის შეწყვეტა მოუწევდათ, რაც თავის მხრივ ენერგეტიკული სისტემების მდგრადობას და საიმედოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ასევე ეჭვქვეშ დადგებოდა თბოსადგურების მფლობელი კომპანიების არსებობის საკითხი გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიები პრაქტიკულად ვეღარ განახორციელებდნენ ელ.ენერგიის გენერაციას და სისტემაში მიწოდებას“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
ანალიტიკოსმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ სამომავლო სტაბილურობისთვის აუცილებელია დიდი მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა, რომელიც იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებული არ იქნება, და საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების საშუალებით უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გენერაციას.
„მომავალში ენერგოუსაფრთხოებისა და ზოგადად ენერგოსექტორის განსავითარებელად მნიშვნელოვანია იმ ჰიდრორესურსების ათვისება, რაც საქართველოს გააჩნია. საბედნიეროდ გვაქვს საკმაოდ დიდი წყლის რესურსები, რომლის რაციონალურად ათვისების საშუალებით სრულიად რეალისტურია საქართველოს ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობა. საქართველოს ჰიდროენერგეტიკის პოტენციალი 80 მლრდ/კვტ-საათია საიდანაც 40 მილიარდის რესურსის ათვისება ეკონომიკურად სრულიად გამართლებული და რენტაბელურია. ჩვენი რესურსები დადგმული სიმძლავრეების კუთხით ჰიდროენერგეტიკაში 15,500 მეგავატია საიდანაც სამწუხაროდ მხოლოდ 2800 მგვტ ენერგიის პოტენციალია ათვისებული რაც სრული რესურსის მხოლოდ 18%-ს შეადგენს.“- აცხადებს გვიდიანი