გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 290 ფაქტი გამოავლინეს.

ყველაზე მეტი, 119 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 73 - ბათუმში, 55 - რუსთავში, 43 კი - ქუთაისში.

290 სამართალდარღვევიდან 244 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 46 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია, რომ 173 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 108 - მიკროავტობუსის, 9 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.

2025 წლის პირველ ოთხ თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 1437 სამართალდარღვევაა  გამოვლენილი.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, არაერთი მიზნობრივი ღონისძიება ხორციელდება. ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსაც რეგულარულად აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 35 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. კომპლექსური ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს.