საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში გაიმართა ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები და ძირითადი ასპექტები“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა და დარგის ექსპერტებმა.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ქუთათელაძემ.  ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიები, ადგილზე გაეცნენ პრაქტიკული სწავლების პროცესს.

დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში:

„დღეს ჩვენ გავეცანით ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიებს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სწავლების პროცესში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიიღონ თეორიული და პრაქტიკაზე დამყარებული ფუნდამენტური ცოდნა, რაც უმნიშვნელოვანესია პროფესიონალ ენერგეტიკოსად ჩამოყალიბებისთვის. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტს 95-წლიანი ისტორია აქვს და არის ლიდერი ენერგეტიკის დარგის სპეციალისტების მომზადების კუთხით.

სემეკი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. კომისიაში დასაქმებული არაერთი პროფესიონალი ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. კომისიაში სტაჟირება გაიარა ტექნიკური უნივერსიტეტის 18-მა სტუდენტმა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე წარმატებით დასაქმდნენ არა მარტო კომისიაში, არამედ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებში. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ენერგეტიკის ფაკულტეტის განვითარებას, ახალგაზრდების მოზიდვას ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით გურგენიძის განცხადებით, ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგებისა და ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისა და ინდუსტრიების მჭიდრო პარტნიორობით უნდა განხორციელდეს.

„ენერგეტიკის სექტორი საქართველოს მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ენერგეტიკის სისტემაში. ძლიერი, ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგების ეფექტიანი განვითარება და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადობა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, უნივერსიტეტმა, ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა და ინდუსტრიებმა, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და ერთად ჩამოვაყალიბოთ პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობა.

უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა სტუდენტებს მისცეს არა მხოლოდ მყარი თეორიული საფუძველი, არამედ თანამედროვე ინდუსტრიული მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენი მისიაა ისეთი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, დააკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და გლობალურ გამოწვევებზეც შეძლებენ რეაგირებას”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.