ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის დავით შარიქაძის თქმით, საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, ამისთვის კი, მისი აზრით, ახალი ჰესების მშენებლობაა საჭირო.
„ქვეყანაში ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ქვეყანა იყენებს მდიდარი ჰიდრორესურსის პოტენციალს. შესაბამისად, მიმდინარეობს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისება-ჰესების მშენებლობით. სწორედ ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი. რაშიც მოიაზრება-ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება“, – აღნიშნავს „ნიუპრესთან“ საუბარში დავით შარიქაძე.
რისთვის სჭირდება ქვეყანას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა?
ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2014 წლის მონაცემებით, საქართველომ მოიხმარა- 10,170.13 მლნ.კვტ.სთ. ენერგია ( აფხაზეთის მოხმარების გათვალისწინებით); აფხაზეთის მოხმარებამ შეადგინა – 1,638.63 მლნ.კვტ.სთ; საქართველოს მოხმარება აფხაზეთის გარეშე არის – 8,531.50 მლნ.კვტ.სთ. რაც შეეხება საკუთრივ ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებას, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში არსებული ჰესების გამომუშავება არის – 8,335.00 მლნ.კვტ.სთ, თბოსადგურების გამომუშავება – 2,035.89 მლნ.კვტ.სთ; ხოლო 2014 წლის მოხმარებაში იმპორტის წილი არის – 8%.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ენერგიის კუთხით ჩვენს მეზობელ ქვეყანაზე ვართ დამოკიდებული.
„სექტემბრიდან მარტის ჩათვლით ჩვენ გვიწევს ელექტროენერგიის შემოტანა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი. ეს იმ პირობებში, როცა ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. ის, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, რა თქმა უნდა, დადებითია, მისასალმებელია, რადგან ეს მიუთითებს იმას, რომ ეკონომიკა იზრდება. მე დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იქნება უფრო მაღალი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რესურსები, ის წყლის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, იყოს რაციონალურად ათვისებული. რამდენადაც არ უნდა იყოს პოპულარული იმაზე საუბარი, რომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი ჰიდროელექტროსადგურები, ჩვენდა სამწუხაროდ, ვართ ამ რეალობის წინაშე: იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, აუცილებლად უნდა ავითვისოდ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს პროექტები იყოს განხორციელებული და არ ვიყოთ მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებული,” – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში.
იპორტირებული ენერგიის 8 %-დან, 2014 წლის მონაცემებით, საქართველომ ელ. ენერგია შემოიტანა რუსეთიდან 76,5%- 607, 0 მლნ.კვტ.სთ; აზერბაიჯანიდან – 23,2 % – 184,2 მლნ.კვტ.სთ; სომხეთიდან – 0,3 % – 2,1 მლნ.კვტ.სთ. სულ 851.9 მლნ.კვტ.სთ. სულ საქართველოში 63 მოქმედი ჰიდროელექტროსადგურია, აქედან ყველაზე მეტ ენერგიას ენგურჰესი 3331.9 მლნ.კვტ.სთ. გამოიმუშავებს. რომლის ნაწილი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ნიკოლოზ ჯავშანაშვილი ახალი ჰესების მშენებლობის ერთ-ერთ მიზეზად ამ ფაქტორსაც ასახელებს:
„ენგურჰესი არის კონფლიქტის ზონაში და რუსეთ-საქართველოს შორის დავის საგანია, თუმცა სიტუაცია თითქოს დაწყნარებულია და არ მწვავდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ ენგურჰესიდან ელ.ენერგიის მიწოდება შეგვიწყდეს – მე მგონი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რა საფრთხის და კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ვიყოთ მშვიდად იმის გამო, რომ მოსახლეობას ელ.ენერგიის მიწოდება 24 საათიანი გვაქვს და რატომ არის საჭირო ახალი ჰესების აშენება“, – მიაჩნია ჯავშანაშვილს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე დიდი ჰესების აშენებას ემხრობა და მიიჩნევს, რომ თუ მთავრობამ არ დაიწყო ზრუნვა ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდაზე, საქართველოს სამომავლოდ ენერგია აღარ ეყოფა და იმპორტის მოცულობის გაზრდა მოუწევს.
“ტრანსელექსტრიკა ჯორჯიას” (კომპანია, რომელმაც ხუდონჰესი უნდა ააშენოს) ტექნიკური დირექტორს დავით მირცხულავას თქმით, საქართველოს თავისი ჰიდრორესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული და ამ ფონზე წყლის რესურსების ინტენსიურად ათვისება აუცილებლად მიაჩნია. იგი ოპტიმისტურად უყურებს ხუდონჰესის აშენების იდეას და ამბობს, რომ ყველა პროცედურა თავიდან უნდა გაიაროს პროექტმა:
„2012 წელს შევიტანეთ გარემოს დაცვის სამინისტროში გზშ-ს ანგარიში, ახლა კი ახალ მემორანდუმს ვაფორმებთ სახელმწიფოსთან, რომელიც ყველა პროცედურის თავიდან გავლას ითვალისწინებს. მემორანდუმის შემდეგ იურიდიული პროცედურებია, საჯარო მოსმენები თავიდან გასაკეთებელი. როგორც არის კანონმდებლობით დადგენილი, იმ ვადებში მოხდება ყველაფერი“, – განაცხადა მირცხულავამ.
ენერგეტიკის სამინისტროს ჰიდრორესრურსების ასათვისებლად მიმდინარე 88 პროექტი აქვს, საიდანაც ლიცენიზირების და მშენებლობების ეტაპზეა 22 პროექტი. ამ 22 პროექტში შედის ხუდონჰესი 702.00 (მგვტ.) სიმძლავრით, დარიალი ჰესი 108.00 (მგვტ.),შუახევი ჰესი 175.00(მგვტ.), კორომხეთი ჰესი (მდინარეები: აჭარისწყალი, ჭვანისწყალი, აკავრეთა) 150.00(მგვტ.) სიმძლავრით.
ამას გარდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა 66 ჰესი, საიდანაც ყველაზე დიდი სავარაუდო სიმძლავრის ალპანაჰესი 70.60 (მგვტ.) და სადემლი ჰესი 153.00 (მგვტ.) რაჭა-ლეჩხუმში მდინარე რიონზე უნდა აშენდეს, ასევე ნენსკრაჰესის აშენება სავარაუდო სიმძლავრით 210.00(მგვტ.) სამეგრელო -ზემო სვანეთშია დაგეგმილი.
newpress.ge