თბილისის მერიის გარემოსდაცვითი სტრატეგიის შემუშავებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალაქზე გამავალი მდინარე მტკვარის პრობლემის მოგვარების საკითხს. მდინარეს დიდი როლი ენიჭება თბილისის კლიმატური თავისებურებების ჩამოყალიბებაში. გთავაზობთ თბილისის მერიის გარემოსდაცვითი სტრატეგიიდან ამონარიდს მდინარე მტკვარის საკიტხის შესახებ.
მდინარე მტკვარი:
ქალაქ თბილისს კვეთს მდინარე მტკვარი, რომელიც არის ტრანსსასაზღვრო მდინარე და მისი აუზი მოიცავს 5 ქვეყანას (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი).
მდინარე მტკვარი თბილისში დაბინძურებულია ძირითადად ნუტრიენტებით. განსაკუთრებით, ამონიუმის აზოტით, რომლის კონცენტრაციები რამდენჯერმე აღემატება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის დასაშვებ საქართველოში მოქმედ, ასევე თევზის ეკოსისტემების შენარჩუნებისათვის აუცილებელ ევროკავშირის ზღვრულად დასაშვებ სტანდარტებს. აღნიშნული დაბინძურება შეიძლება გამოწვეული იყოს გაუწმენდავი ურბანული ჩამდინარე წყლების პირდაპირი ჩაშვებით და სოფლის მეურნეობაში აზოტის შემცველი სასუქების ჭარბი გამოყენებით. აქედან გამომდინარე, თბილისის ქვემოთ არსებული ქალაქის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა საკმარისი არ არის მდინარე მტკვრის დაბინძურების პრობლემების გადასაჭრელად.
მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან, მტკვარმა დანიშნულება დაკარგა როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილმა (მდინარე ჩაისვა ბეტონში და ორივე მხარეს გაშენდა სანაპირო).
ძირითადი პრობლემად რჩება ძლიერი დაბინძურება სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემებით და მყარი ნარჩენებით.
ამჟამად, ფუნქციონირებს ერთი ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, ხოლო მეორე, გარდაბანში არსებული გამწმენდი ნაგებობა, რომელიც თბილისიდან და რუსთავიდან ტრანსპორტირებული მუნიციპალური ჩამდინარე წყლების გაწმენდას ემსახურება, უზრუნველყოფს მხოლოდ პირველად, მექანიკურ გაწმენდას. გარდა ამისა, ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არ უერთდება შემკრებ სისტემას და პირდაპირ ჩაედინება მდინარე მტკვარში. გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულია მისი სრული რეაბილიტაცია 2018 წლამდე. თუმცა, ჯერჯერობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა.
მდინარე მტკვარს თბილისის კლიმატური თავისებურებების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ენიჭება. ამასთან მისი სანაპიროები დატვირთულია შეუფერებელი ფუნქციებით (იგულისხმება ბაზრები, საწვავგასამართი და ტექმომსახურების ობიექტები და სხვა). ქალაქთმშენებლობის თეორიაში ხაზობრივი ქალაქების გამწვანება სწორედ წყლის აკვატორიების პარალელურად ვითარდებოდა (რიგა, ვალენსია, ვარშავა). ამასთან დაკავშირებით თბილისის გამწვანების, ბაღ-პარკების ქსელის შექმნის რეალურ რეზერვს სწორედ მდ. მტკვრის სანაპიროები წარმოადგენს (სატრანზიტო დატვირთვისაგან განთავისუფლებისა და მათთვის მხოლოდ საქალაქო მნიშვნელობის გზების სტატუსით ფუნქციონირების შემთხვევაში). ასეთმა საპარკო სისტემა მტკვრის ორივე ნაპირზე გაზრდის ქალაქში გამწვანების ნორმატიულ და სანიტარულ-ჰიგიენურ მაჩვენებლებს, გააუმჯობესებს ჰაერის ინვერსიას, შეამცირებს ქალაქის ქუჩებში ხმაურის აკუსტიკური ბარიერის როლს, განტვირთავს არსებულ ბაღებსა და პარკებს ზედმეტი ფუნქციური დატვირთვისაგან, თავის თავზე აიღებს გარკვეულად ცენტრალურ ფუნქციებს (სასტუმროები, რეკრიაცია, ვაჭრობა და ა.შ.). რითაც გამოაცოცხლებს სანაპიროებს, შეამცირებს კრიმინოგენილ უკაცრიელ უბნებს და აქტიურად ჩართავს მტკვარს და მის სანაპიროებს თბილისის სასიცოცხლო გარემოში.