კომუნალური სერვისების დაფინანსება დარჩება იმას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება

ოჯახები, რომლებიც კომუნალური ვაუჩერით დაფინანსებას რეალურად არ საჭიროებენ, ამ კუთხით შეიძლება იქნას “ჩახსნილი”, ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, გაუქმდება თუ არა კომუნალური ვაუჩერის აქამდე არსებული სისტემა.

ლექვინაძის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია სემეკის გადაწყვეტილებას ელოდება და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის მაქსიმალურად შეღავათიანი პირობები იქნება გათვალისწინებული.

“კომუნალური ვაუჩერით დღეს თბილისში ყველა სარგებლობს, მათ შორის მეც, მათ შორის თითოეული თქვენთაგანი. ჩემი პოზიციაა, რომ პირადად მე ასეთი ვაუჩერით სარგებლობის აუცილებლობა და მიზანშეწონილობა არ მაქვს. ამიტომ ის ოჯახები, რომლებიც მსგავსი ტიპის ვაუჩერებით დაფინანსებას რეალურად არ საჭიროებენ, შეიძლება ამ კუთხით იქნას “ჩახსნილი”. დაფინანსება დარჩება იმას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ასეთი საჭიროების ოჯახები თბილისში რეალურად არიან. ის, რომ მაღალი შემოსავლის მქონე პირები, საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლიანობის მქონე პირები, მათ შორის ბიზნესმენები, ასეთი ტიპის ვაუჩერული დაფინანსებით სარგებლობდნენ და ზოგიერთმა მათგანმა არც კი იცის ამის შესახებ, ეს არის ხარჯი, რომელიც უფრო ეფექტურად შეიძლება იყოს გამოყენებული”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ლექვინაძემ.

Leave a Reply

Menu Title