ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა გარდაუვალია და ამას უნდა შევეგუოთ
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში - ვაჟა ბერიძე

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა გარდაუვალია და ამას უნდა შევეგუოთ

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი რეგიონებში გაიზარდა და ენერგოპროს შემთხვევაში ტარიფის მატებამ 3,95 თეთრი შეადგინა. სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით სემეკს კომპანია თელასმაც მიმართა და ამ საკითხზე საჯარო განხილვები უკვე მიმდინარეობს.

ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ ტარიფების ზრდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზეც აისახება, თუმცა ეს გარემოება გარდაუვალი რეალობაა. ექსპერტის აზრიტ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბოლომდე გასაჯაროვდეს ის დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც ხდება ტარიფების დათვლა.

“ელექტროენერგიის გაძვირება ძალიან მგრძნობიარე თემაა, რადგან ეს ყოველთვის იწვევს ისეთი პროდუქტის გაძვირებას, როგორიცაა მაგალითად, პური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა პროდუქტი. ასეთი ჯაჭვური რეაქცია  სავსებით ბუნებრივია და უნდა ველოდოთ, რომ ზოგიერთ პროდუქტზე ფასი მართლაც გაიზრდება. თუნდაც ამიტომ, ამ სფეროში ყველაფერს გონივრული აწონ-დაწონა და გააზრება სჭირდება. ტარიფების გაზრდა ნებისმიერი ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა და მთავრობა უნდა ეცადოს, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ტარიფის მომატება ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარდაუვალი იყო, უფრო მეტიც – ამას შექმნილი რეა¬ლობა მოითხოვდა. სხვა საკითხია, რამდენად შეესაბამება ეს ამბავი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებებს. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარკვეული მოცულობით ტარიფი მართლაც შემცირდა, მაგრამ გავიდა ხანი და ჩვენ უკვე იძულებული ვხდებით, მომატებულ ტარიფებს შევეგუოთ. არსებობს რეალობა, რომელსაც ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს და ამ რეალობის წინააღმდეგ წასვლას ხელისუფლება ვერ შეძლებს. ახლა სწორედ ასეთი, არასასურველი რეალობა დადგა: ტარიფმა რეგიონებში უკვე მოიმატა და “თელასმაც” წარადგინა განაცხადი ტარიფის გაზრდაზე, თანაც, “ენერგო პროც” კმაყოფილი არ არის იმ დონით, რომლითაც რეგიონებში ტარიფი გაიზარდა. ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც სავარაუდოდ, მოიმატებს. რატომ? – საამისო არგუმენტები ხელისუფლებამ უკვე წარმოადგინა, თუმცა, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, მოითხოვოს დენის ტარიფის შემადგენელი კომპონენტების გამომზეურება. სამწუხაროა, რომ ამ კომპონენტებს მალავენ და კომერციულ საიდუმლოებად აქვთ გამოცხადებული. ცნობილია, რომ სხვადასხვა ვალდებულება, რომლებიც ხელისუფლებას წინა წლებში ჰქონდა ნაკისრი, ტარიფში ჩაიდო და ჩვენ არ ვიცით, დამთავრდა თუ არა ხალხის ჯიბიდან იმ ფულის ამოღება, რომელიც თავის დროზე კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა შეჭამეს. ჩემი აზრით, ტარიფის სტრუქტურა საჯაროდ უნდა გაცხადდეს. ამით საზოგადოება დაინახავს, რამდენად რეალურია დღევანდელი ტარიფები ან ხომ არ არის ეს ენერგომაფიის გავლენით მიღებული შედეგი? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რადგან წლების განმავლობაში ტარიფის კომპონენტები დაფარულია და ბევრი რამ არის გასაიდუმლოებული კომერციული საიდუმლოს ნიღბის მიღმა. გარდა ამისა, ჩვენი ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ნაწილია და იქ მიწოდებული ელექტროენერგიის ტარიფსაც იხდის, ოღონდ ჩვენ არ ვიცით, რა მოცულობაა ეს. გასაგებია, რომ ელექტროენერგიას სჭირდება გამომუშავება, ტრანსპორტირება და მომხმარებლამდე მიტანა, მაგრამ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს გაძვირება არ არის ახირება ან რომელიღაც მაფიოზური კლანის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომ ეს ობიექტური რეალობაა. მაშინ შეკითხვები აღარ გაუჩნდებათ. უნდა ვაღიაროთ, რომ მთავრობა იძულებულია გარკვეული ფორმით ტარიფის სუბსიდირება მოახდინოს, მაგრამ ეს დაძაბულობას ვერ აგვარიდებს იმდენად, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარს ან უფრო მეტს ისევე გაუჭირდება გაძვირებული დენის საფასურის გადახდა, როგორც 70 ათასი ქულის ქვემოთ მყოფს. ამიტომ, მე დასაშვებად მივიჩნევ სოციალურად დაუცველის ცნება 70 ათასზე მეტი ქულის მქონე ოჯახებზეც გაგვევრცელებინა, ვინაიდან ასეთი საქართველოში უფრო მეტია.”

 

Leave a Reply

Menu Title