გიორგი ფანგანი: “არ არის გამორიცხული, რომ ახალი ტარიფები სასამართლოში გასაჩივრდეს”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი არ გამორიცხავს, რომ სემეკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრონ. საქმე იმაშია, რომ სემეკმა ახალი ტარიფების დადგენის პროცესში არ გაითვალისწინა ენერგოკომპანიების მიერ წარდგენილი დაახლოებით 30-მილიონიანი ხარჯები, ასევე ტარიფის გაანგარიშების დროს ელექტროენერგიის მოხმარების განსხვავებულ პროგნოზს დაეყრდნო.

სემეკის განმარტებით, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელთა ინტერესის დაცვით იყო ნაკარნახევი. დავით ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ “თელასისა” და “ენერგო პროს” წარდგენილ წინადადებებს სრულად გაიზიარებდნენ, მაშინ ტარიფი 1.5-ჯერ გაიზრდებოდა.

კომისიის წევრი გიორგი ფანგანი აცხადებს, რომ გამანაწილებლებმა სემეკის მიერ მიღებული ახალი ტარიფი წინა ჯერზეც გაასაჩივრეს.

“პრეცედენტი იყო წინა ტარიფის დადგენისას, როდესაც ტარიფი გასაჩივრდა ორი მხრიდან – გასაჩივრდა კომპანიის მხრიდან, რადგან თვლიდნენ, რომ უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო ტარიფი და გაასაჩივრა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც თვლიდან რომ უფრო დაბალი უნდა ყოფილიყო ტარიფი.

რეალურად, სასამართლომ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ სემეკმა დაიჭირა ოქროს შუალედი, რომ მომხმარებლებიც რა თქმა უნდა დაზღვეული იყოს და კომპანიაც,”- აცხადებს ფანგანი.

თავად “თელასისა” და “ენერგო პროს” წარმომადგენლებს ჯერ სასამართლოში სარჩელის ინიცირების შესახებ განცხადებები არ გაუკეთებიათ. 

პოზიცია