ნორვეგიულმა საერთაშორისო კომპანიამ, „დეტ ნორსკე ვერიტასმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეწყვიტა

ნორვეგიულმა საერთაშორისო კომპანიამ, „დეტ ნორსკე ვერიტასმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეწყვიტა. ნორვეგიის სერტიფიკაციის და კლასიფიკაციის კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზსადენის ამუშავებისთვის საჭირო სერტიფიკატის გაცემის პროცესი ამერიკული სანქციების გამო შეწყდა.

აშშ-ის სანქციები, რომელიც პირველ იანვარს, აშშ-ის კონგრესში თავდაცვის ბიუჯეტის მიღებით ამოქმედდა, ფაქტობრივად უკრძალავს უცხოურ კომპანიებს მილსადენისთვის შემოწმების, ინსპექტირების და სერტიფიკაციის სერვისების მიწოდებას.

კომპანიებს 30 დღე ეძლევათ პროექტიდან გასასვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები ემუქრებათ.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი გულისხმობს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე, რომელთა მოცულობა 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში.

დღეისათვის, გაზსადენი დასრულებულია 93 პროცენტით. სამუშაოები შეჩერდა 2019 წლის დეკემბერში მას შემდეგ, რაც შვეიცარიის კომპანია, „ალსისმა“ უარი თქვა მილების ჩალაგებაზე აშშ-ის შესაძლო სანქციების გამო. ამასთან, ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის 11 დეკემბერს, მუშაობა განახლდა.

პოზიცია