2016 წლისთვის საქართველოს პირველად ექნება ენერგეტიკული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია

2016 წლისთვის საქართველოს პირველად ექნება ენერგეტიკული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 2014 წელს აჯამებს და მიმდინარე წლის პრიორიტეტებზე საუბრობს.

როგორ აფასებთ გასულ წელს სამინისტროს მიერ შესრულებულ სამუშაოებს და ზოგადად ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, რა მოცულობის ინვესტიციები განხორციელდა და რომელ მსხვილ პროექტებს გამოარჩევდით?

2014 წელს ექსპლუტაციაში შევიდა 4 ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის არის 87 მგვტ დადგმული სიმძლავრის “ფარავან ჰესი”. ის პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საქართველოში ბოლო 35 წლის განმავლობაში შევიდა ექსპლუატაციაში. 2014 წელსვე დაიწყო 2 ჰიდროელექტროსაგურის მშენებლობა, ხელი მოეწერა 25 მემორანდუმს 32 პროექტის განვითარების თაობაზე. მხოლოდ ჰესების მიმართულებით 2014 წელს საქართველოში 70 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი.

ასევე, მინდა ვისაუბრო “სინათლე ყველა სოფელს” პროექტის შესახებ, რომელიც 2013 წელს დავიწყეთ და უახლოეს თვეებში დავასრულებთ. 21 საუკუნეში საქართველოში არსებობდნენ სოფლები, რომლებსაც ათეულობით წლების განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ. ჩვენ შევისწავლეთ ქვეყნის მასშტაბით მსგავსი სოფლები და დღეს უკვე 16 სოფლის ასობით ოჯახი ელექტროენერგიას მოიხმარს. უშუქო სოფლების ელექტროფიცირებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარია გამოყოფილი.

დავიწყეთ ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების პროექტი, რომელიც დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს. ამ მიზნით ჩვენმა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 19 მლნ. ლარი.

2014 წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს, რეგიონში როგორც სტრატეგიული სატრანზიტო პარტნიორის როლის კიდევ უფრო გაზრდის მხრივ. დაიწყო შაჰ-დენიზის პროექტის განხორციელება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდას. აღნიშნულის ფარგლებში საქართველოში განხორციელდება 2 მლრდ დოლარის ინვესტიცია და 2019 წლისთვის ჩვენ შევძლებთ მივიღოთ ბუნებირივი აირის დამატებითი მოცულობების შეღავათიან ფასად.

რა იქნება 2015 წელს სამინისტროს პრიორიტეტი, რომელი პროექტების განხორციელებას გეგმავთ და როგორია სექტორის განვითარების სტრატეგია?

მომავალ წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, ენერგეტიკის სამინისტროს პრიორიტეტად რჩება მოსახლეობისთვის ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვაგრძელებთ გაზიფიცირებისა და ელექტროფიცირების პროგრამებს. 21 საუკუნეში, საქართველოში არ უნდა არსებობდეს სოფლები, სადაც ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები.

ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ენერგეტიკული განვითარების გრძლევადიან სტრატეგიაზე, პარლამენტში უკვე გადაგზავნილია ენერგეტიკის პოლიტიკის დოკუმენტი, მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ დავიწყებთ სტრატეგიის წერას. აქამდე ქვეყანას მსგავსი დოკუმენტი არ ჰქონდა. 2016 წლისთვის კი საქართველოს პირველად ექნება ენერგეტიკული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია.

პრიორიტეტად რჩება ჰიდრორესურსების რაციონალური ათვისება და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორის როლის გაზრდა რეგიონში. ვმუშაობთ ისეთ მასშტაბურ, მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიც არის ონი, ნენკსრა, ნამახვანის და ხუდონის ჰიდროელექტროსადგურები.

რა ხდება ხუდონჰესთან დაკავშირებით, როდის გადაწყდება საბოლოოდ პროექტის ბედი და არსებობს თუ არა შანსი, რომ ის სახელმწიფომ განახორციელოს, შესაძლებელია თუ არა პროექტში საპატრნიორო ფონდის ან თანაინვესტირების ფონდის ჩართვა?

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან პირობების ოპტიმიზაციის მიზნით. ვცდილობთ პასუხი გაეცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს. საზოგადოებას სრული უფლება აქვს იცოდეს, თუ ვინ ააშენებს ისეთ სტრატეგიულ ობიექტს, როგორიც ჩვენი ქვეყნისათვის ხუდონჰესია. მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება და ჩვენ ველოდებით კომპანიისგან შემხვედრ ნაბიჯებს.

ინვესტორს ჯერ არ აქვს მოპოვებული გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან გარემოზე ზემოქმედების შეფასების დადებითი დასკვნა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მშენებლობის ნებართვა.

იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ინვესტორთან ვერ შედგა, ჩვენ განვიხილავთ პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს ჩართვასაც. რა ფორმით და როგორ – ეს შემდეგ ეტაპებზე მსჯელობის საგანია.

ვისაუბროთ ქარის ელექტოროსადგურ “ქართლის” პროექტის შესახებ, როდის დაიწყება პროექტის მშენებლობა, როდის გაეშვება ეს სადგური ექსპლოატაციაში, რამდენი იქნება გამომუშავება, ვინ ახორციელებს პროექტს?

საქართველოში 2016 წლისთვის ჩვენ გვექნება ქარის პირველი ელექტოსადგური “ქართლი”. უკვე დასრულებულია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. ამ პროექტზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად ვმუშაობთ. ეს არის 20 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური, რომლის საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარია. ეს პროექტი იქნება ალტერნატიული ენერგიების ათვისების მიმართულებით პირველი საპილოტე პროექტი, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით განახორციელებს. პროექტის საშუალო წლიური გამომუშავება 87 მილიონი კილოვატ საათია.

როგორ გეგმავს სამინისტრო ალტერნატიული და განახლებადი ენერგიების ათვისებას, მუშავდება თუ არა რომელიმე კონკრეტული პროექტი ამ მიმართულებით და რა ეტაპზეა?

განახლებადი ენერგიების მიმართულებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით და სწორედ ჰიდრორესურსების რაციონალური ათვისება და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა არის ჩვენი პრიორიტეტი. თუმცა ჰიდრორესურსების გარდა, როგორც უკვე ვისაუბრე, ჩვენ ვიწყებთ საქართველოში პირველად ქარის ენერგიის ათვისებას. 20 მგვტ სიმძლავრიდან – 200 მგვტ-მდე გაზრდის პერსპექტივით. ვმუშაობთ მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლაზეც.

ბოლო პერიოდში საუბარი დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზურ მხარეს ენგურჰესთან მიმართებაში აქვს გარკვეული პრეტენზიები, რა პრეტენზიებზეა საუბარი, რა ბერკეტები აქვს აფხაზურ მხარეს მათი პრეტენზიების გასახორციელებლად, რა პოზიცია აქვს საქართველოს მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით და რა მდგომარეობაა სადღეისოდ, როგორ ხდება დღეს ენგურჰესის მართვა და როგორ არის პოზიციები გადანაწილებული?

ენგურჰესის წყალსაცავი ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ჰესის შენობა და აგრეგატები დღესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ამის მიუხედავად, ენგურჰესის ოპერირებას საქართველოს ეროვნული სადისპეჩერო სამსახური ახორციელებს. გასული წლების განმავლობაში, არსებული საოკუპაციო რეჟიმის მიუხედავად, ენგურჰესის ფუნქციონირება არ შეფერხებულა და ამ მხრივ პრობლემებს არც შემდგომ ველით. ჩვენ ვახორციელებთ ჰესის სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს.

რაც შეეხება, აფხაზური მხარის განცხადებას ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების დაწყების შესახებ – ჩვენ უკვე ვუპასუხეთ ამას ოფიციალური განცხადებით.

არანაირი მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან ენგურჰესთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს და აფხაზური მხარის განცხადებები აცდენილია რეალობას.

აფხაზეთი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ საქართველოს ამ რეგიონის წინაშე. მიუხედავად კონფლიქტისა და არსებული პოლიტიკური სირთულეებისა, ენგურჰესი ისევ აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა ნებისმიერ კუთხეს.

რას გვეტყვით სტუდენტური ფონდის ინიციატივის შესახებ, რა ტიპის პროექტები დაფინანსდება და რა იქნება პროექტის ღირებულების ზედა ზღვარი?

სტუდენტურმა ფონდმა, როგორც ახალგაზრდებს შევპირდით, იანვრიდან დაიწყო მუშაობა. ჯერ მხოლოდ ერთი პროექტია შემოსული. სტუდენტები აგრეთვე აქტიურობენ სოცქსელებში, ერთმანეთის მოზიდვას ცდილობენ, მუშაობენ ფონდის ლოგოზე, შეიძლება სახელწოდების შეცვლაც მოუნდეთ, ჩვენ ველოდებით პროექტებს, როგორც კი მასალები დაგროვდება, მოვაწყობთ შეხვედრას, განხილვას და დაფინანსებაზე ვიმსჯელებთ, დაფინანსდება ყველა ღირებული და საინტერესო პროექტი იმ თანხით, რასაც კონკრეტული წინადადება მოითხოვს. მთავარია აქტიურობა, ინტერესი და სწავლის სურვილი და მაქსიმალური ჩართულობა ყველა უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი სპეციალობების სტუდენტებისგან.

Leave a Reply

Menu Title