ევროპის მხრიდან რუსული გაზის აზერბაიჯანულით ჩანაცვლება მოხდება

ევროპის მხრიდან რუსული გაზის აზერბაიჯანულით ჩანაცვლება მოხდება

2015 წლის 17 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდეტნმა ილხამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყარსში საფუძველი ჩაუყარეს ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობას.

„დღეს ყარსში საფუძველი ჩაეყარა ევრაზიული მნიშვნელობის თანამშრომლობას, „ტრანსანატოლური ბუნებრივი გაზსადენის“ ევრაზიულ პროექტს, რომელიც კასპიურ გაზს ევროპის შუაგულში გაიტანს. მომავალში კასპიური გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. საქართველოსთვის TANAP-ი იქნება კიდევ უფრო მეტი დაცულობის, ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გარანტი როგორც პროექტის მშენებლობის განმავლობაში, ისე მომავალში პროექტის განხორციელების შედეგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის“– აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავის სიტყვით გამოსვლაში.

ღონისძიებას ასევე სამივე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი ესწრებოდა. ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყარსში თურქი კოლეგის თანერ ილდიზის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტი ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემსახურება და ითვალისწინებს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ევროპის ბაზრისთვის მიწოდებას. როგორც მოგეხსენებათ ევროპისა და დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების ფონზე, ევროპას მიღებული აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რუსული გაზის ალტერნატივის მოძებნის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ აღნიშნულ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდი აშშ დოლარია, რომელიც მიმართული იქნება: აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მეორე ფაზის გასანვითარებლად, რომელიც დამატებით 22 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოპოვებას უზრუნველყოფს, ასევე სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდას, რაც გულისხმობს ახალი მილსადენის მშენებლობას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ტერიტორიაზე 2 ახალი საკომპრესორო სადგური და 50 კმ-მდე გაზსადენი აშენდება. თურქეთის ტერიტორიაზე კი, საბერძნეთის საზღვრამდე ტრანს-ანატოლიური (TANAP) გაზსადენი აშენდება.

ტრანს-ადრიატიკული(TAP) მილსადენის გაგრძელება თურქეთის საზღვრიდან საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიამდეა განსაზღვრული, ხოლო იტალიიდან როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან მთლიანი ევროპის ტერიტორიაზე გავრცელდება.

„სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების“ პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები მასშტაბურია და უაღრესად მნიშვნელოვანი – ინვესტიციები, დასაქმება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა სწორედაც რომ არის ის შედეგი, რასაც “სამხრეთ გაზის დერეფნის” განვითარება საქართველოს მოუტანს! როგორც უკვე ვთქვით შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამ თანხიდან საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, რაც ერთმნიშვნელოვნად სიკეთის მომტანი იქნება დასაქმების კუთხით, კერძოდ: პროექტის მშენებლობის ეტაპზე 2000 ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა 2019 წლიდან საქართველო როგორც პროექტის წევრი ქვეყანა, ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად მიიღებს.

აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე, რაც ჩვენთვის, როგორც პოლიტიკურად ისე ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საგულისხმოა, რომ „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტი ძალიან გაზრდის და გააძლიერებს საქართველოს რეგიონული როლის მნიშვნელობას.

Leave a Reply

Menu Title