ილია ელოშვილი: მცირე ჰესების გამომუშავებული ელექტროენერგია 8 თვე საქართველოში დარჩება

ილია ელოშვილი: მცირე ჰესების გამომუშავებული ელექტროენერგია 8 თვე საქართველოში დარჩება

ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის სამომავლო ენერგოუსაფრთოების გაძლიერების პროცესში

ხუდონჰესის მშენებლობა 2016 წლის მესამე კვარტალში უნდა დაიწყოს. სწორედ ამ დრომდე აქვს ვადა მშენებელ კომპანიას, რომ განსახლების გეგმა და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი წარმოადგინოს. ამასთან, ამ ეტაპზე პროექტში სახელმწიფოს მხოლოდ 20% თანამონაწილეობა განიხილება.

ხელისუფლება ვალდებულებებს უცვლის მცირე და საშუალო ჰესების ინვესტორებს. ჰესების გამომუშავებული ელექტროენერგიის საქართველოში დატოვება  12-დან 8 თვის განმავლობაში მოუწევთ. დღეს არსებული ნორმით კი, მცირე და საშუალო ჰესების მთელი წლის განლავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 20%-ს საქართველოში ტოვებენ. რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება, ასევე რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში – შეკითხვებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი პასუხობს.

2014 წელს 2013 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიენერგეტიკაში 2,5-ჯერ შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 244 მილიონ 745 ათასილარი იყო. ამ მაჩვენებლით ენერგეტიკა პირველ ადგილს იკავებდა. 2014 წელს კიენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიცია 98 მილიონ 740 ათას ლარს არ აჭარბებდა. რა იყო ინვესტიციების შემცირების მიზეზი გასულ წელს და რა მოლოდინებია ახლა?

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ მოიცავს მთლიან ინვესტიციებს, ეს არ არის განმსაზღვრელი იმისა, თუ რა მდგომარეობაა ბაზარზე. ინვესტიცია შეიძლება იყოს შიდა, პორტფელური და FDI-პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურდნენ ქართული ბანკები, მაგალითისთვის მარტო „თიბისი ბანკს“ ჰესების მშენებლობაში წინა წელს 40 მილიონი აქვს დახარჯული, „საქართველოს ბანკს“ კი თავისი ფონდი აქვს შექმნილი, რომელიც პროექტებს ახორციელებს და აწარმოებს. მაგრამ რა თქმა უნდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან აჩვენებს იმას, თუ რამდენად არის ქვეყანაში პირობები, რომ უცხოური ინვესტორები შემოვდნენ. საბოლოო ჯამში, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ შეიძლება, რომ ქვეყანა მარტო შიდა ინვესტიციებზე იყოს დამოკიდებული. რას გვიჩვენებს  FDI-ს მაჩვენებელი? გამოთვლა არ ხდება ასე მარტივად, რომ მაგალითად ჩარიცხა ინვესტორმა თანხა და ეს აისახა ინვესტიციებზე.  ინვესტიციებს, რომლებსაც ჩარიცხავენ, რა თქმა უნდა პლუსია, მაგრამ დივიდენდები და ზარალი, რომლებიც კომპანიებს ერიცხებათ, ეს არის მინუსში. ბალანსდება და საბოლოო ციფრი გამოდის პლუს-მინუსიდან გამომდინარე. ლარის კურსის ცვილებიდან გამომდინარე ბევრმა კომპანიამ, განსაკუთრებით სადისტრიბუციო კომპანიებმა, იზარალეს, რაც იყო მიზეზი იმისა, რამაც გამოიწვია ხილული შემცირება ინვესტიციებისა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ შეამცირეს ინვესტიციების ოდენობა ან არ  ხორციელდება ინვესტიციები ჰიდრო რესურსებში. მაგალითისთვის ჰიდრორესურსებში შემცირება არ ყოფილა, დაახლოებით იგივე რაოდენობა იყო, რაც წინა წელს. წინა წლის შუა პერიოდიდან დაიწყო შუახევის პროექტი და მან ბოლომდე ვერ მოასწრო საკუთარი თავის წარმოჩენა, წელს იმედი გვაქვს, რომ უფრო გაძლიერდება და უფრო მეტი ინვესტიცია მოხდება ამ პროექტში. დარიალი ჰესის პროექტი მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, სხვა მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს, აჭარაში განსაკუთრებით და ვფიქრობთ, რომ წელს მთლიანმა ინვესტიციებმა ჰესებში უნდა შეადგინოს 200-დან 250 მილიონამდე, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია წინა წლის მონაცემზე. რაც შეეხება სადისტრიბუციო კომპანიებს, ისინი დამოკიდებული არიან მოგება-ზარალზე. მათი პროგნოზები რთულია. მათი  საინვესტიციო ვალდებულებები სემეკის მიერ არის გათვლილი და ისინი განახორციელებენ რეინვესტირებას საქართველოში.  ვფიქრობ, ენერგეტიკაში ძალიან კარგი გარემოა შექმნილი და ტერმინი, რომ დღეს არის მცირე და საშუალო ჰესების ბუმი ჩვეულებრივად აღიქმება. გაიხსენეთ 2 წლის წინ, როდესაც გაჩერებული იყო ეს მიმართულება და არაფერი ხდებოდა. 1 და 2 მეგავატიან ჰესებზეც გვიწევდა იმის მტკიცება, რომ ჩვენ არ ვანადგურებთ გარემოს და საშინელებას  არ ჩავდივართ. ამავე დროს გააქტიურებულია კერძო სექტორი, ადრე ძირითადად მაინც ხელოვნურად ხდებოდა USAID-ის თუ სხვადასხვა დონორების მხრიდან აქტიურობა და ასეთი პროექტების ხელშეწყობა, ახლა კი კერძო სექტორი გააქტიურდა.  აღნიშნულიდან გამომდინარე საკმად დიდი მოლოდინები გვაქვს შემდეგი წლისთვის. მიმდინარეობს მშენებლობები 700 მეგავატამდე სიმძლავრეებზე, ეს არის  დაახლოებით მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომლიდანაც 250 მილიონი არის წლევანდელი წილი.  მომავალი წლიდან გვინდა, რომ დაიწყოს 2000 მეგავატამდე ახალი ჰესების შენებლობა. ამ ეტაპზე კვლევებზეა გატანილი ბევრი მათგანი. საერთო ჯამში ვფიქრობთ, რომ 4-დან 5- მილიარდ დოლარამდე ინვესტიციები უნდა განხორციელდეს შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში.  ამას მიყვება ინფრასტრუქტურის განვითარება, გადამცემი ხაზები, ქვესადგურები და ა.შ. ეს იმდენად დიდი სფეროა, რომ მხოლოდ ერთი სამინისტრო ვერ გახდება ვერაფერს, უნდა ჩაერთოს მთავრობა, ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ რომანტიკული პერიოდიდან, როდესაც ემოციები ჭარბობდა პრაგმატულ გადაწყვეტილებებს.

ემოციური დამოკიდებულება ახსენეთ და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ხუდონჰესის პროექტის გახსენება. ითქვა, რომ ხელისუფელბა აპირებს პროექტში შესვლას, რა მოცულობაზეა საუბარი?

ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესია და საუბარია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს უფლება სურვილის შემთხვევაში 20%-მდე შევიდეს. შემდეგ რა ფორმით შევა, იქნება ის, საპარტნიორო ფონდის სახით თუ რაიმე სხვა მექნიზმით, ეს შემდგომში გადაწყდება. ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს, რომ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს  შეუძლია გახდეს 20%-ით პროექტის მონაწილე და ეს არ შეაყოვნებს პროექტს.

რაც შეეხება მშენებლობის ვადებს. როდის იგეგმება მისი დაწყება?იქნება ეს 2016 წელს, რაც იყო გაცხადებული?

ხუდონჰესის მშენებელმა უნდა დააკმაყოფილოს 2 ძირითადი საკითხი, ერთი არის განსახლების გეგმის შემუშავება და მეორე არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის დასრულება, რადგან მათ აქვთ შენიშვნები მიღებული გარემოს დაცვის სმაინისტროსგან და მათ ეს პროცესი უნდა დაასრულონ. გრაფიკი არის  გაწერილი დაახლოებით ერთწლიანი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2016 წლის მესამე კვარტალში, თუ ისინი წარმატებით დაასრულებენ ამ პროცესებს, მშენებლობა დაიწყება.

ხელისუფლება აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება და ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის არა 20% დატოვოს საქართველოში, როგორც ეს ახლა ხდება, არამედ ელექტროენერგია 8 თვის განმავლობაში დარჩეს საქართველოში. რა იყო ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?

ცვლილება ეხება მცირე და საშუალო ჰესებს. ეს მოხდა  იმის გამო, რომ ჩვენი დეფიციტები გავიდა 8-თვიან პერიოდზე, ადრე თუ ძირითადად ზამთრის პერიოდში – 3 თვე – იყო დეფიციტი, ახლა 8 თვე გვაქვს დეფიციტი და გვიწევს რუსეთდან ენერგიის შემოტანა. ჩვენს მოვერგეთ ახალ რეალობას და ჰესების, წარმოებული ელექტროენერგიას, ჯობია, რომ 8 თვე საქართველოში დატოვონ ენერგია და 4 თვე გაიტანონ ექსპორტზე. ეს იქნება 15 წლის განმაბლობაში, სანამ ისინი ითხოვენ ხაზზე დაშვებას.

ახალი თბოსადგური უნდა აშედეს საქართველოში, რომელიც იქნება 500 მეგავატი სიმძლავრის. სად და როდის აშენდება, ასევე რომელი კომპანიაა დაინტერსებული ამ მშენებლობით?

ამაზე მიდის ფიზიბილითი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი აკეთებს ამას.  სავარაუდოდ, გარდაბანში აშდენდება, თუმცა, არსებობს ალტერნატიული ადგილებიც. რაც შეეხება ვადებს, ჰესების ფიზიბილითი უნდა დასრულდეს 3 თვეში. 2018 წელს უნდა იყოს შესული ექსპლუატაციაში შესული.

რა ხდება კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან დაკავშირებით, დიდი ხანიადაგეგმილია მისი გაყიდვა, თუმცა დედა კომაპნია 20 მილიონს ითხოვს. კომპანიას სხვა დავალიანებებიც აქვს. ამის გათვალისწინებით რთული სათქმელია, რომ კომპანია ამ ფასად გაიყიდოს. ამასთან კომპანია გამოჯანსაღების გზაზეა და ქსელისრეაბილიტაციასაც ახორციელებს  საკუთარი სახსრებით. ხომ არ შეიძლება იყოს ეს ნიშანიიმისა, რომ წლის ბოლოსთვის ველოდოთ კომპანიის ახალი მფლობელის გამოჩენას?იყოსაუბარიენერგო პროს მიერ ამ კომპანიის შესაძლ შესყიდვაზეც…

ზოგადად კახეთის დისტრუციასთან დაკავშირებით, პირველი, რაც უნდა მოხდეს, ესაა შეთახმება „ახემა ჯგუფთან“, რომ ჩამოშორდეს კომპანიას. თუ ეს არ მოხდა, კომპანია ყოველთვის იქნება გამოკიდებული ცაში. ეს შეთანხმება  არა ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიას, არამედ იუსტიციის სამინისტროსა და „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ შორის უნდა მოხდეს. მეორე ნაბიჯი ისაა, რომ, ჩემი აზრით, ეს კომპანია მაინც უნდა გადაეცეს „ენერგოპროს“, რადგან გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს მას. დიდი შეცდომა  იყო დაშვებული, რომ თავიდანვე ამ კომპანიას არ მისცეს. მესამე ნაბიჯია, რომ თუ „ენერგოპრომ“ არ აიღო, უნდა გაიყიდოს, ოღონდ ინვესტციების ჩადების ვალდებულებით, რადგან სავალალო მდგომარეობაშია იქ ქსელი. აი, ეს არის სამი ძირითადი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას ამ კომპანიასთან მიმართებით.

როგორია ბიზნესგარემო დღეს ენერგეტიკულ სექტორში, ქმნის თუ არა პრობლემას გრძელვადიანი ხელშეკრულებები მიმწოდებელ სექტორში, მაგალითად „თელასთან“ დადებული ხელშეკრულება?

ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. საბოლოო ჯამში, ენერგეტიკული სფერო სემეკის მიერ უნდა რეგულირდებოდეს, როცა გარკვეული ტიპის ხელშეკრულებები ხელს უშლიან  სემეკს იმისთვის, რომ მან განახორცილოს თავისი უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, რა თქმა უნდა,  მაქსიმალურად ვცდილობთ, ისე ვიმოქმედოთ, რომ არ დავაზიანოთ  იურიდიული მხარე ამ ხელშეკრულების და ჩვენი მხრიდან ინვესტორზე არ იყოს ზეწოლა. ხშირ შემთხვევაში კომპანიასაც აწყობს, რომ სემეკმა განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, რადგან სემეკის რეგულაცია ყოველთვის არის დროსთან ადეკვატური, როდესც დებ 25-წლიან ხელშეკრულებას, არასოდეს არ იცი, რა იქნება გრძელვადიან პერიოდში, შეიძლება ეს იყოს საფრთხისშემცველი. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ეტაპზე გამოვიდეთ ამ ხელშეკრულებიდან, თუმცა,  ეს საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.

ზოგადად რა პრობლემებია დღეს ენერგოსექტორში და რას აკეთებს ხელისუფლება ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად?

პირველი და უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის ის დეფიციტი, რომელიც ქვეყანას აქვს. ამის აღმოფხვრა არის  ჩვენი მთავარი ამოცანა. ამისთვის ხდება ჰესების მშენებლობა, ქვესადგურების მშენებლობა, თბოსადგურებისა და ქარის სადგურების მშენებლობა, გვინდა, რომ გავატაროთ ენერგოეფექტური ღონისძიებები. მეორე დიდი პრობლემა რაც არის, ეს არის ტარიფების პრობლემა, კურსის ცვალებადობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გამოსასწორებლად კი აუცილებელია ახალი ჰესების მშენებლობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაზარალოთ კომპანიები და ხელოვნურად დავიჭიროთ ტარიფები. აქაც სემეკის როლი და პრინციპულობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ტარიფის ცვალებადობა ნიშნავს იმასაც, რომ თუ უკეთესი პირობები იქნება, ტარიფი შეიძლება შემცირდეს კიდეც. რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და არა იქიდან, რას ფიქრობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. მესამე პრობლემა რაც არის, ესაა მშენებლობის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა და ძალიან მაღალი მოლოდინები, რომ კომპენსაციები იქნება ძალიან მაღალი და მცდელობა იმისა, რომ მიიღონ მაღალი კომპენსაციები. ასევე ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა დონეზე არ ხდება  გათვიცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალი მშენებლობები, რომლებიც მიმდინარეობს ენერგეტიკაში. ამაში ჩვენც უნდა ვიყოთ ჩართულები. ამასთან, ჩვენ გვჭირდება  სერიოზული ინფრასტრუქტურული, გადამცემის ხაზების გაძლიერება, რისთვისაც  შემუშავებულია 10-წლიანი განვითარების გეგმა.

 

Leave a Reply

Menu Title