მირცხულავა: ისეთ ჰიდროელექტროსადგურებს, როგორებიცაა „ნამახვანი“ ან ნენსკრა“, შეუძლიათ ქვეყნის წლიური მშპ 1%-ით გაზარდონ

გასული წლის დეკემბერი და მიმდინარე წლის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იყო ენერგეოსექტორში მიმდინარე სიახლეებით: გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის; საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა; უკონტროლო კრიპტომაინინგის გამო, გამწვავდა სიტუაცია სვანეთში. აღნიშნულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკაში არსებული გამწვევებსა და პერსპექტივებზე „ენერგონიუსი“ ენერგეტიკოს დავით მირცხულავას ესაუბრა.

2021 წლიდან საქართველოს ბიზნესსაც და მოსახლეობასაც ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ. თქვენი აზრით რით იყო აღნიშნული გამოწვეული და რამდენად ოპტიმალური და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როგორც ენერგოკომპანიებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის?

იმის დასადგენად, თუ რამდენად ოპტიმალური იყო მიღებული გადაწყვეტილება, ძალიან ბევრი ნიუანსი და დეტალია გასათვალისწინებელი. ზოგადად, სიტუაცია არის ძალიან მძიმე, როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომპანიებისთვის. მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება რეალურ გათვლებზე, მონაცემებსა და ციფრებზე დაყრდნობით და შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით. აქ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია მთავრობის როლი, რომელმაც სწორად უნდა განსაზღვროს ის მოწყვლადი ჯგუფები, რომელთაც სჭირდება დახმარება და მათ აუცილებლად დაეხმაროს.

ბევრ ექსპერტს ტარიფების სუბსიდირება ზოგადად პოსტ საბჭოთა სატარიფო პოპულიზმადმიაჩნია და თვლის, რომ აღნიშნული ძალიან უშლის ხელს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. რამდენად ეთანხმებით აღნიშნულ მოსაზრებას და მიაგჩნიათ თუ არა გამართლებულად მთავრობის ეს გადაწყვეტილება, არსებული პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით?

მეც მიმაჩნია, რომ არ უნდა იყოს საყოველთაო. მსგავსი სიტუაციაა ბუნებრივი აირის ტარიფებთან მიმართებაში, როდესაც გვაქვს „სოციალური გაზის“ მცნება, სადაც ნებისმიერი აბონენტი  ერთი და იგივე ფასს იხდის, თუმცა მომხმარებლების 4% მოიხმარს მთლიანი გაზის მოცულობის 40%-ს, რაც არასწორია და მოსაძებნია მეთოდი, რომელიც ხსენებულ პრობლემას მოაგვარებს. მაგალითად, მოხდეს მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენა და მათი დახმარება თუნდა უშუალოდ ფულადი რესურსით, ხოლო დანარჩენმა აბონენტებმა გადაიხადონ საბაზრო ფასი.

ენერგეტიკის ბაზარზე დაგეგმილი  რეფორმის თანახმად, მიმდინარე წლიდან ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს გამანაწილებელი ქსელის ფლობის და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესი. რა რისკებისა და გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყნის ენერგეტიკა ხსენებული რეფორმის გამო?

ხსენებული რეფორმის თანახმაც, მოხდება გამოყოფა ენერგეტიკის კონკურენტული ნაწილის და ეს კონკურენტული ნაწილი იქნება მწარმოებელი ენერგეტიკულ ბირჟაზე, თუმცა აქაც საკმაოდ რთულ ეტაპზე ხდება გადასვლა, სადაც უმნიშვნელოვანესია რიკსები იყო სწორად შეფასებული და აწონ-დაწონილი. თავად ენერგეტიკული ბირჟის არსებობა ძალიან კარგი მოვლენაა, თუმცა ისეთ დეფიციტურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა მის დაარსებას ახლავს ძალიან დიდი რისკები. მე ბუნებრივია მსურს, რომ ქვეყანაში არსებობდეს ენერგეტიკული ბირჟა და ძალიან დიდი ხანია მომხრე ვარ ენერგობაზრის ლიბერალიზაციისკენ სვლის, თუმცა ბევრ ქვეყანაში მსგავსი ნაბიჯების გადაგმა თავის დროზე ძალიან დიდ რისკის შემცველად შეაფასეს. მაგალითად, სანამ ისრაელმა დამატებით 30%-იანი სარეზერვო სიმძლავრეები არ შექმნა, მანამდე ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისკენ სვლა არ გარისკა. შესაბამისად, რისკები არის და საკმაოდ დიდი, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ სწორად მოხდება მათი შეფასება და გამოვლენილი საფრთხეების დაძლევაც წარმატებით განხორციელდება.

საქართველოში ჰესების მშნებლობას მუდმივად თან ახლავს საზოგადოების გაკვეული ჯგუფების პროტესტი და საბოლოო ჯამში ყველა ჰესის მშენებლობა დაბრკოლებით მიმდინარეობს. რეალურად,  რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ახალი ჰესების მშენებლობა და რას მისცემს ეს ქვეყანას თუნდაც ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით?

საქმე მხოლოდ ენერგოდამოუკებლობაში არ არის. არსებულ მძიმე პოსტ-პანდემიურ სიტუაციაში თუ გვსურს ეკონომიკის აღმავლობაზე საუბარი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პაკეტი სწორედ ჰიდროელექტროსადგურებშია. ჰესების პროექტების განხორციელებით ფაქტობრივად საქართელოს ყველა რეგიონში დაიწყება მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტოტალურად მიდის შეტევა რადიკალური ჯგუფების მხრიდან, თითქოსდა გარმოს დაცვის მოტივით, თუმცა, სინამდვილეში ეს ჯგუფები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებსაც კი აღარ ესწრებიან, არ აინტერესებთ აკადემიური მოსაზრებები და არსებულ კითხვებზე მეცნიერულად დასაბუთებული პასუხები.

თქვენი აზრით, რითაა ხსენებული მიდგომა განპირობებული?

მიზეზი ბევრია, სამწუხარო ისაა, რომ აღნიშნული ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებთანაა პირდაპირ კავშირში. მათ უბრალოდ არ სურთ, რომ ეს უზარმაზარი საინვესტიციო მიმართულება, რომელსაც შეუძლია საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, იყოს ათვისებული და განვითარებული, მაშინ როდესაც, საამისო რესურსები ქვეყანას გააჩნია. ყველაზე აბსურდული მაინც ისაა, რომ ეს ჯგუფები ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი ჰესის მშენებლობას, საუბარი არ არის მხოლოდ დიდ ჰესებზე. ამ დროს, ისეთ ჰიდროელექტრო სადგურებს, როგორებიცა „ნამახვანი“ ან ნენსკრა“, შეუძლიათ ქვეყნის წლიური მშპ-ს 1%-ით გაზრდა. მხოლოდ ამ მონაცემით შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ პროექტებს საქართველოს ეკონომიკისთვის. რეალურად კი რა ხდება? პროტესტების გამო ყველა რეგიონში გაჩერებულია მნიშვნელოვანი პროექტები. მე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნულ პროცესებს ლობირებენ გარკვეული ძალები, რომელთაც არ სურთ საქართველოს კეთილდღეობა.  არ გამოვრიცხავ ძალებს ქვეყნის გარედანაც. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მსგავსი რესურსი და მან ის არ გამოიყენოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მთავრობამ, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ ეს არის ჩვენი ძირითადი რესურსი და მის გამოყენებაზეა სწორედ საქართველოს ეკონომიკის აღმავლობა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა მნიშვნელოვნად დამოკიდებული. მე ორი პროექტი დაგისახელეთ და მოაგახსენეთ, რომ თითოეულს თითო პროცენტით შეუძლია ქვეყნის წლიური მშპ-ს ზრდა. ეს ხომ თითოეულ მოქალაქეზე მოახდენს პოზიტიურ გავლენას.

მიუხედავად ძალიან ბევრი დადებითი მხარისა და „პოპულარობისა“, ალტერნატიული ენერგეტიკის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგიები, ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც ვერ უწევენ მნიშვნელოვან კონკურენციას ენერგეტიკის უფრო ტრადიციულ დარგებს. რით ახსნით აღნიშნულ ფაქტს და რამდენად ხედავთ მომავალში საქართველოში მზის, ქარის, გეოთერმული და განახლებადი ენერგიების სხვა მიმართულებების აქტიურად განვითარების შესძლებლობებს?

საქართველოს 2030 წლისთვის აქვს პოტენციალი, რომ ქარის ენერგიის მიმართულებით აითვისოს დაახლოებით 1350 მგვატის სიმძლავრის ენერგია და 507 მგვატი –  მზის ენერგიის მიმართულებით. წინასწარი პროგნოზით კი, 2030 წლისთვის საქართველოში ელქტროენერგიაზე მოთხოვნა მთლიანობაში იქნება დაახლოებით  23 მილიარდ კვტ/სთ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ არსებული ჰიდროელექტროსადგურების შესაძლებლობების და ქარისა და მზის ენერგებიის პოტენციალის ათვისებით აღმოვჩნდებით უზარმაზარი დეფიციტის პირობებში. კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომაა ასე მნიშვნელოვანი ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება. რა თქმა უნდა, ყველა ენერგორესურსი უნდა მაქსიმალურად ავითვისოთ, შესაბამისად, მზისა და ქარის ენერგიების ათვისებაც აუცილებელია, უბრალოდ, როგორც ხედავთ, აღნიშნული არა არის საკმარისი, რადგან მათი პოტენციალი ვერ შეძლებს ქვეყნის ენერგომოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. ამ დროს, ჩვენი ქვეყნის ჰიდროენერგორესურსების მინიმუმი გვაქვს მხოლოდ ათვისებული. მთელს მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც აქვს ამხელა შესაძლებლობები და იყენებს ასე მცირედს.

ანუ, თქვენ თვლით, რომ ქვეყანას გააჩნიას იმის პოტენციალი, რომ სრულად თქვას უარი იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე?

იმპორტზე დამოკიდებულება ცალსახად შემცირდება, თუმცა, მე მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი, რადგან ჩვენი ეკონომიკის გავითარებისთვის აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავრჩეთ სატრანზიტო ქვეყენად.

გულისხმობთ აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით?

არა მხოლოდ, ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ და ჩვენი ქსელების განვითარებაც იძლევა აღნიშნულის შესაძლებლობას. თუმცა, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამას გარდა, ევროპაში უკვე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ნახშირბადის ემისიის შემცირებას, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ელექტრომობილების რიცხვმა საქართველოშიც მოიმატოს. აქედან გამომდინარე, 2025 წლისთვის დამატებით დაახლოებით 1.5 მილიარდ კვტ/სთ. იქნება საჭირო იმისთვის, რომ მხოლოდ ელექტრომობილებისთვის საჭირო ენერგიის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. თუმცა, აღნიშნული პროცესი მიდის და არ არის გამორიცხული, მოთხოვნა ელექტროენერგიაზე კიდევ უფრო გაიზარდოს. ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება კი სწორედ ახალი ჰესების აშენებით იქნება შესაძლებელი. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. რა თქმა უნდა, აუცილებელია განვითარდეს ენერგეტიკის სხვა მიმართულებებიც, სავარაუდოდ დარჩება თბოსადგურებიც, რომლებიც, სხვათა შორის იმპორტირებულ საწვავზე მუშაობს, თუმცა, მნიშვნელოვანია პირველ რიგში სწორედ განახლებადი ენერგიების განვითარება და ნუ დაგვავიწყდება, რომ ჰიდროენერგია განახლებადი ენერგიაა.

რას გვეტყვით ქვეყნის ორ რეგიონისაფხაზეთისა და სვანეთის ისეთ მწვავე ენერგოპრობლემაზე, როგორიცაა უკონტროლო კრიპტომაინინგი?

აფხაზეთზე ძალიან ძნელია საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ხორციელდება ხსენებულ რეგიონზე კონტროლი. სიტუაცია მართლაც რთულია, დღითი-დღე იზრდება მომხარება სწორედ კრიპტომაინინგის გამო. ალბათ, საჭიროა დაიწყოს მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან, რათა აფხაზებმა „მოახერხონ“ დაცვა იმ შეთანხმების პირობების, რომელიც ბუნებრივია არსებობს, მაგრამ ამას ალბათ უფრო სიტყვიერი შეთანხმება შეიძლება ეწოდოს. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილება მოხდებოდა 40/60-ზე, თუმცა აფხაზურმა მხარემ ბოლო წლებია მნიშვნელოვნად გადააჭარბა მოცემულ მაჩვენებელს. აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებაა ალბათ ერთადერთი გამოსავალი.

რაც შეეხება სვანეთს, ადგილობრივი მმართველობისა და თავად საზოგადოების ჩარევით მოხდა უკანონო კრიპტომაინერების გამოვლენა, რადგან რეალურად მწვავე პრობლემა შეექმნა სვანეთის ენერგომომარაგებას. ხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია შემუშავდეს შესაბამისი პროგრამა, რომელშიც იქნება გაერთიანებული გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის გამრიცხველიანება და სხვ. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ არის ორი თვის ან თუნდაც ერთი წლის საქმე, მაგრამ სვანეთის ენრგოპრობლემის მოსაგვარებლად, მსგავსი პროგრამის შემუშავება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title