მირცხულავა: „ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში, ენგურჰესი დამატებით 0.5 მლრდ კვტ/სთ უიაფეს ელექტროენერგიას მოგვცემდა“

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, თუ არ ჩავთვლით 2020-ის კრიზისს ყოველწლიურად იზრდება. მატულობს გენერაციის ობიექტთა რაოდენობაც, თუმცა გაცილებით დაბალი ტემპით რაც საერთო ჯამში, დეფიციტს და მეზობელ სახელმწიფოებზე ენერგოდამოკიდებლობას ზრდის. გაჩერებული დიდი ჰესების მშენებლობის გარდა, კიდევ ერთი პრობლემა ოკუპირებულ აფხაზეთში უკონტროლო მოხმარება და კრიპტომაინინგია.

აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ „კომერსანტი“ ენერგეტიკის ყოფილ მინისტრსა და „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარეს დავით მირცხულავას ესაუბრა.


2019-2020 წლებში ჰიდროგენერაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ თუ 2018 წელს ჰიდროგამომუშავებამ 9.936 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, 2019 წელს ის 8.932 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა, ხოლო 2020 წელს 8.248 მლრდ კვტ/სთ-მდე. უშუალოდ ენგურჰესის გენერაციაც 2 წელიწადში 32%-ით 4.019 მლრდ კვტ/სთ-დან 2.736 მლრდ/კვტ სთ-მდე დაეცა. ეს მაშინ როცა 2020 წელს ექსპლუატაციაში ხელახლა შესულმა შუახევჰესმა დამატებით 255 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავს. აღნიშნულ გარემოებას დავით მირცხულავა არახელსაყრელი ჰიდროლოგიური პირობებით ხსნის.
ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგომოხმარება მხოლოდ 2020 წელს 23.9%-ით 2.552 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, რაც თბილისის მოხმარების 97%-ს უდრის, ეს მაშინ როცა აფხაზეთის მოსახლეობა 250 ათასზე ნაკლებია და წაროებაც პრაკტიკულად არაა. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის განმარტებით უფასო დენს ადგილობრივებთან ერთად რუსეთის მოქალაქეებიც ეტანებიან და კრიპტომაინინგისთვის ოკუპირებულ ზონაში ჩადიან. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მის შესახებ სოხუმშიც კი დაფიქრდნენ. მირცხულავას თქმით, კარგი იქნებოდა თუ ძველი შეთანხმება, რომელიც 60/40-ზე განაწილებას გულისხმობდა შესრულდებოდა და არა მხოლოდ წლიურ ყოველთვიურ ჭრილშიც, რადგან ზამთრის თვეებში ყოველგვარი ბალანსი ირღვევა და მთელი გამომუშავება ენგურს გაღმა რჩება.


აფხაზეთს კიდევ ერთი პრობლემა უკავშირდება ვარდნილის ოთხიდან სამი სადგური ჯამში 120 მგვტ სიმძლავრით ოკუპირებულ ზონაშია მოქცეული და მათი ამუშავება ამ დრომდე ვერ ხერხდება.


2021 წელს მტკვარი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლაა დაგეგმილი. მისი დადგმული სიმძლავრე 53 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 252 მლნ კვტ/სთ. მის გარდა მიმდინარე წელს არც ერთი ისეთი ჰესი არ სრულდება, რომელიც ჯამურ გენერაციას 1%-ზე მეტით გაზრდიდა. დავით მირცხულავას თქმით ისეთი დიდი ჰესების მშენებლობა როგორებიცაა ნენსკრა, ნამახვანი ან ონის კასკადი დაწყებულია, მაგრამ შეჩერებულია და დასრულების ზუსტი თარიღის განსაზღვრა რთულია. კიდევ უფრო მძიმე დღეშია ხუდონი, რომელიც გარდა იმისა, რომ საკუთრივ 1.5 მლრდ კვტ/სთ-ის გამოიმუშავებდა, ენგურჰესის გენერაციასაც 0.5 მლრდ კვტ/სთ-ით გაზრდიდა. ენგურჰესის ტარიფი კი ყველაზე დაბალია და 1 კვტ/სთ-ის ღირებულება 1.86 თეთრს შეადგენს.

ენერგოდამოუკიდებლობის გარდა ჰესების მშენებლობის შეჩერებით ეკონომიკური აქტიობაც მცირდება რაც მხოლოდ ნამახვანჰესის შემთხვევაში წლიურად $200 მლნ-ს ღწევს.


საქართველოს ეკონომიკურად მომგებიანი ჰიდროპოტენციალის მხოლოდ 20% აქვს ათვისებული. ათეულობით დადგეგმილი ჰესიდან მხოლოდ სამის წყალსაცავიანი: ხუდონი, ნენსკრა და ნამახვანი. მათგან არცერთი ჰიდრომააკუმულირებელი. მსგავსი პროექტი მხოლოდ ენგურჰესის შემთხვევაში არსებობს, რომელიც გაჩერებულია. მიუხედავად ამისა, გარემოზე ზრუნვის მოტივით წინააღმდეგობა ხვდება პრაქტიკულად ყველა ჰესს განურჩევლად მისი ზომების და მასშტაბებისა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი შუახევჰესი 187 მეგავატიანია, გარდაბანი 1 და გარდაბანი 2 თბოსადგურები თითო 230 მეგავატიანია და მათი მშენებლობა, რომლებიც გარემოს ბევრად მეტ ზიანს აყენებენ არავის გაუპროტესტებია.


რაც შეეხება ქარისა და მზის მიმართულებას, დავით მირცხულავას განმარტებით პოტენციალი ქარის შემთხვევაში 1350 მეგავტია, მზის ენერგიის მიმართულებით 500 მეგავტი ჯამური წლიური გამომუშავება კი 4 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. მიუხედავად არსებული პოტენციალისა და მათზე ბოლო წლებში ფასების კლებისა გარანტირებული შესყიდვის არარსებობის გამო ინვესტორები სიფრთხილეს ამჯობინებენ და მშენებლობის დაწყებისგან თავს იკავებენ.


„კომერსანტის“ კითხვაზე თუ რამდენი იქნება მოხმარება და დეფიციტი 2030 წლისთვის დავით მირცხულავამ განმარტა, რომ ამ დროისთვის მოხმარება 22-23 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზრდება და დეფიციტი 6 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქარისა და მზის პოტენციალი სრულად იქნა ათვისებული.


ჰიდროპოტენციალის 80%-იანი ათვისების შემთხვევაშიც კი საქართველოს 20 მლრდ კვტ/სთ-ის ექსპორტის საშუალება ეძლევა. 2020 წლის საშუალო საექსპორტო ტარიფით ეს $753 მლნ-ს უდრის.


უმთავრესი მიზეზი რის გამოც ევროპაში ჰესებს აღარ აშენებენ ისაა, რომ პოტენციალი უკვე ათვისებულია. ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც ნორვეგიაა 1600 ჰესია, საიდანაც 1000 წყალსაცავიანია. ჰესები და კაშხლები შენდება სეისმურად აქტიურ იაპონიაშიც. დღემდე არ არსებობს 1 პრეცენდენტიც კი დამთავრებული კაშხალი რომ ჩამონგრეულიყოს. სამი ხეობის კაშხალმა ჩინეთში 2020 წელს 112 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა, რაც იმავე წლის საქართველოს ჯამურ ჰიდროგენერაციას 13.6-ჯერ აღემატება.

წყარო: “კომერსანტი”

პოზიცია