ბიზნესისთვის ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულებები არ გადავადდება

ბიზნესის მოთხოვნის მიუხედავად, ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულებები არ გადავადდება. როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აცხადებენ, კომპანიები ახალი რეგულაციის შესახებ დიდიხანია ინფორმირებულები არიან და ვალდებულების გადავადება არ განიხილება. შესაბამისად, კომპანიებს მოუწევთ 1 ივნისამდე დაამონტაჟონ თვითმონიტორინგის სისტემა, რომელიც გარემოს დაბინძურების დონეს განსაზღვრავს.

თავის მხრივ კი ბიზნესასოციაციაში განმარტავენ, რომ კერძო სექტორს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ. აქედან გამომდინარე არსებობს რისკი, რომ კომპანიებმა მოცემულ დროში ვერ შეძლონ ახალი მოწყობილობის მონტაჟი, შედეგად კი დაჯარიმდნენ.

„გაცილებით გონივრული იქნებოდა ამ რეგულაციის რამდენიმე თვით გადავადება, რადგან კომპანიებმა მოასწრონ შესაბამისი მოწყობილობის დამონტაჟება. არ გვინდა  ისეთი კანონის მიღება, რომლითაც ავტომატურად სამართალდამრღვევად იქცევა 85 საწარმო. ასევე ჩვენი წინადადებაა, რომ არ დაჯარიმდეს კომპანია, თუკი მას უკვე შეკვეთილი ექნება შესაბამისი აღჭურვილობა, თუმცა 1 ივნისამდე ვერ მოასწრებს მის დაყენებას“, – განაცხადა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ვეფხვაძემ.

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონპროექტით, თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირველ ჯერზე ჯარიმა 10 ათას ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება. რაც შეეხება ხარჯებს, თვითმონიტორინგის სისტემის მოწყობა თითოეულ მავნე ნივთიერებაზე ბიზნესს საშუალოდ 10-15 ათასი ევრო დაუჯდება.

Leave a Reply

Menu Title