პაატა ცინცაძე: საქართველოში მზის და ქარის ენერგიით ჰიდროენერგეტიკის ჩანაცვლება შეუძლებელია

საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების წევრის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის პაატა ცინცაძის შეფასებით, საქართველოში მზის და ქარის ენერგიით ჰიდროენერგეტიკის ჩანაცვლება შეუძლებელია. თემაზე მან BMG-ის გადაცემა Forbes Talk-ში ისაუბრა. „ქარის და მზის ენერგიები ძალიან კარგია და უნდა განვავითაროთ, მაგრამ მას წინ უძღოდეს ისეთი სიმძლავრეების შექმნა, რომელიც მათი გამოყენების საშუალებას მოგვცემს; სხვანაირად არ გამოვა. ამდენად, ჰიდრორესურსების ათვისება მნიშვნელოვანია და აუცილებელი”, – ამბობს ის.

საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევების და მისი დაძლევის გზებზე საუბრისას პაატა ცინცაძემ უპასუხა კითხვებს იმის თაობაზე, რამდენად რეალურია მზის და ქარის ენერგიით გამომუშავებულმა სიმძლავრეებმა ჩაანაცვლოს ჰიდროენერგეტიკა, რადგან ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების აშენების მოწინააღმდეგეები ამ არგუმენტს ხშირად იშველიებენ.

“ასეთი ტენდენცია, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს, არ არის, თუმცა ამბობენ, რომ მზის და ქარის ენერგეტიკას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს და ამით ჰიდროენერგეტიკის ძალიან დიდი ნაწილი ჩაანაცვლოს. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, უახლოეს წლებში, მზის და ქარის ენერგიით ჰიდრო სიმძლავრეების თუნდაც მნიშვნელოვანი ნაწილის ჩანაცვლება შეუძლებელია. პირველ რიგში, ეს არის ტექნიკურად შეუძლებელი, რადგან მზის და ქარის ენერგია არასტაბილურია – ქარის სადგური დამოკიდებულია ქარის სიჩქარეზე, ქარის მიმართულებაზე, მზის სადგურის შემთხვევაში კი დამოკიდებულია რადიაციაზე, ღრუბლიანობაზე და ა.შ. ეს ყველაფერი ყოველწუთიერად იცვლება და აუცილებლად უნდა გასწორდეს და დაბალანსდეს ისეთი სადგურებით, რომლებსაც აქვთ სწრაფი მანევრირების უნარი. ასეთი, ჯერჯერობით, არის ჰიდროელექტროსადგურები, რომლებსაც აქვთ წყალსაცავები“, – განაცხადა ცინცაძემ.

რაც შეეხება თბოსადგურებს, როგორც მეცნიერი განმარტავს, თბოსადგური ბალანსისთვის შეიძლება გამოდგეს, თუმცა სწრაფი მანევრირების უნარის მქონე თბოსადგურები საკმაოდ ძვირი ჯდება და ეს საქართველოს არ აქვს.

„თეორიულად ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მეზობლებზე ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან თბოსადგურები იმუშავებენ ისევ იმპორტირებულ გაზზე“, – ამბობს პაატა ცინცაძე და დასძენს, რომ ამის მაგალითები მსოფლიოში უკვე არსებობს.

წყარო: BMG

პოზიცია