გიორგი ცუცქირიძე: ჰიდროენერგიის განახლებადი ენერგიის გამოუყენებლობა თანაზომადი სიბეცეა

“ჰიდროენერგიის გამოუყენებლობა ისეთივე სიბეცეა, როგორც განახლებადი ენერგიის გამოუყენებლობა. მაგრამ ამავდროულად ვარ წინააღმდეგი ამ ტიპის დიდი ჰესების ასე ნაჩქარევად აშენების, სადაც ისედაც ბევრი კითხვის ნიშნებია,როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური, ისე სეისმოლოგიური თუ ეკოლოგიური დასაბუთების თვალსაზრისით,” –  ასე ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.  მისი მტკიცებით, ჰესები უნდა აშენდეს საზოგადოების გაცილებით მაღალი ჩართულობით და კონსენსუსის საფუძველზე. 

ექსპერტი მთავარ პრობლემას გრძელვადიანი სტრატეგიის არქონაში ხედავს და განმარტავს, რომ აუცილებელია ისეთი სტრატეგიის დაგეგმვა,  რომელიც განსაზღვრავდა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, საერთაშორისო ტენდენციებთან და განსაკუთრებით მწვანე ენერგის ერთიან კონტექსტში. 

“ენერგიის დეფიციტიდან თუ გვსურს გადავიდეთ პროფიციტულ ვექტორზე, გვჭირდება გაცილებით მაღალი დივერსიფიკაცია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით. აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან დღეისათვის შეჩერებული ჰიდროელექტროსადგურების პროექტების არა მხოლო ხელახალი განხილვა, არამედ ქარისა და მზის ალტერნატიული პროექტების მხარდაჭერა სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით და საგადასახადო შეღავათების გამოყენებით და ისე წარდგენა ინვესტორებისათვის. ურუგვაის მოდელი ამის თვალსაჩინო მაგალითია. ამის გასაღები იყო ქვეყნის ბუნებრივი პირობები, პოლიტიკური ნება, თანამედროვე და ეფექტური მარეგულირებელი ჩარჩო და სექტორში ინვესტიციების სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის მოდელის განხორციელება.დღეისათვის ურუგვაი ერთ – ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში ქარის ენერგიის წარმოების თვალსაზრისით, დანიასთან, ირლანდიასა და გერმანიასთან ერთად, სადაც ელექტროენერგიის მესამედზე მეტი, ქარის ელექტროსადგურებზე მოდის.” – ამბობს ექსპერტი.

შეგახსენებთ, საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია მოსახლეობის ნაწილი. ბოლო დროს ქვეყანაში პერმანენტული აქციები იმართება ნამახვანი ჰესისი მშენებლობის წინააღმდე. ექსპერტებს აქვთ ეჭვი, რომ საპროტესტო აქციები ხელოვნურად არის მართული და მიაჩნიათ, რომ მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მთავარი კომუნიკატორის როლი ხლისუფლებამ უნდა იტვირთოს.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივები ჰესის მშენებლობაზე 2015 წელს გაცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვენ.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც “პიკურ სადგურს” უწოდებენ, შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება. მათი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება – 1496 გგვტ.სთ. ნამახვან-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელია მითითებული.

ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის “ტვიშის” წარმოებასაც, თუმცა მოგვიანებით გარემოს დაცვის სპეციალისტებმა ამ ეჭვს უსაფუძვლო უწოდეს. სპეციალისტები უარყოფენ იმასაც, რომ “ნამახვანი ჰესი” წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს რაიმენაირ საფრთხეს უქმნის.

გარემოსდამცველებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის აზრით, ჰესების კასკადი საფრთხეს შეუქმნის რეგიონის კლიმატს და ეკოსისტემას; ნამახვანის ჰესი დატბორავს მიმდებარე სოფლებს, საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვისაც.”გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევების სრულად წარდგენის გარეშე, სახელმწიფომ ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მთების ბურღვა და აფეთქება დაიწყეს, რაც წინამოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებს სცდება და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს.

შპს „ენკა რინიუებლზის” განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის უნებართვო მშენებლობაზე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს იუწყეობა და საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მისვლასა და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

წყარო: report.ge

პოზიცია