ენერგეტიკული ბაზრის კონკურენტუნარიანობა იზრდება

ენერგეტიკოს გია არაბიძის შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის კონკურენტუნარიანობა მატულობს. ამის განსაკუთრებულმ საფუძველს, მისივე თქმით, ენერგეტიკული ბირჟა იძლევა, რომლის შექმნაც კონკურენციის ზრდის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია. 

,,ცივილიზებული ფორმით ხდება შესაძლებელი ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა. შესაბამისად, ენერგეტიკული პროცესები გახდება უფრო გამჭვირვალე, რაც სავარაუდოდ, ინვესტიციებზეც მოახდენს გავლენას. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი, თანამედროვე მექანიზმია, რისგანაც სიკეთეს უნდა ველოდოთ. პირველ რიგში, გარემო უფრო კონკურენტული უნდა გახდეს, ეს აუცილებელია, რათა ხარისხი და ფასები უფრო ნორმალური და კარგი იყოს. თუმცა შედეგზე საუბარი ჯერ ნაადრევია, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როცა დასტაბილურდება ელექტროენერგიის მოხმარება და გამომუშავებაც, მერე უკვე სრულად ამუშავდება ბირჟა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. ენერგეტიკული ბირჟის შექმნა ამ მხრივ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი სიახლე. როდესაც საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა სრულყოფილად ამუშავდება, მეტი კაპიტალის შემოსვლის შესაძლებლობა მოგვეცემა” – აცხადებს ენერგეტიკოსი.

ენერგეტიკოსის შეფასებით, კომპანიების შემდეგ, დროთა განმავლობაში ენერგეტიკულ ბირჟაზე დაიშვებიან ფიზიკური პირებიც, რის მოდელიც ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს და ძალიან წარმატებულია.

,,ყველა ევროპულ ქვეყანაში, სადაც ენერგეტიკული ბირჟა მოქმედებს, დაშვებული არიან ფიზიკური პირებიც ანუ მოსახლეობაც ვაჭრობს. არჩევანი დიდია, რადგან  მომხმარებელს სთავაზობენ უამრავ მიმწოდებელს სხვადასხვა ტარიფით, რასაც მყიდველი აკვირდება და საბოლოოდ თვითონ აკეთებს არჩევანს. იდეაში აქამდეც მივალთ, თუმცა ასეთი ცვლილებისთვის ჩვენი ბაზარი ჯერჯერობით მზად ვერ იქნება. მსხვილი კომპანიების მოხმარება წლიურად 60 მლნ კვტ/სთ-ზე მეტია, თუ სექტორი კარგად განვითარდება, ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შევძლებთ. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობაც შევუშვათ ენერგეტიკულ ბირჟაზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ალბათ, ეს სისტემაც დამკვიდრდება, ამისთვის დაახლოებით 6 წელი გვჭირდება. მთავარია, პანდემიურ მდგომარეობას ქვეყანამ დრიოულად დააღწიოს თავი, მერე ყველაფერი თანდათან დალაგდება”, – ამბობს არაბიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, სემეკში, ახალი ენერგეტიკული ბაზრის შესახებ იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგიის ახალი ბაზრის პირობებში, მომხმარებელთა შესაძლებლობებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის აუცილებლობაზე.

„ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე მომხმარებლის როლი და ინტერესი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი. ჩვენი მიზანია, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ბაზრის სტრუქტურა, სადაც ბაზრის მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით. მნიშვნელოვანია, ბაზარზე გამჭვირვალედ ჩამოყალიბდეს კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს მისცემს არჩევანის გაკეთების საშუალებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

წყარო: report.ge

პოზიცია