“ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნა კარგია, თუმცა ხარჯიანი და პროდუქციის ღირებულებაზე აისახება”

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე თვლის, რომ ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნის ხარჯი საწვავის თვითღირებულებას გაზრდის.

ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, კომპანიებს შესაბამისი კაპიტალდაბანდება მოუწევთ, რაც საწვავის ფასზე აისახება.

„კომპანიებს მოუწევთ გარკვეული სახის პროდუქტის დასაწყობება. კაპიტალდაბანდება, თანხების გამოყოფა – ეს დამატებითი ხარჯია, ცალსახად. ამიტომ მარაგების შექმნა ძალიან რთული თემაა, ევროკავშირის ქვეყნებში კი ბატონო მარაგების არსებობა სავალდებულოცაა. მაგრამ ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა. მარაგების შექმნის ძირითადი მიზანი არის ყოველთვის ის რომ გაუთვალისწინებელი სიტუაციისას ქვეყანას ჰქონდეს დასაწყობებული პროდუქტი, რომელიც ქვეყნის მიმდინარე მოთხოვნებს პრობლემას არ შეუქმნის. თუმცა, ჯერჯერობით არ შექმნილა დეფიციტი ამ კუთხით. ომი გამოვიარეთ და არც იმ პერიოდში.

ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნა ცალსახად კარგია, თუმცა დამატებით ხარჯებს გამოიწვევს კომპანიებისთვის რაც ალბათ რაღაც დოზით პროდუქციის თვითღირებულებაზეც აისახება,“ – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანიებს შესაძლოა, ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნა დაევალოს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ქვეყანას ევროდირექტივა ავალდებულებს. საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორთან კონსულტაციები დაწყებულია.

პოზიცია