მურმან მარგველაშვილი: ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ენგურჰესის“ რეაბილიტაცია შედეგიანად გამოვიყენოთ და მივაღწიოთ ახალ, უფრო საფუძვლიან შეთანხმებას

ენგურჰესი თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ფუნქციით უნიკალურ როლს ასრულებს რთულ ქართულაფხაზურრუსულ ურთიერთობებში: ერთი მხრივ, განაპირობებს სოხუმისა და თბილისის მშვიდობიან თანამშრომლობას მრავალი წლის განმავლობაში, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ენერგოდამოუკიდებლობას რუსეთის ფედერაციისგან, რომლის სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სახის ზეწოლა წლიდან წლამდე სულ უფრო ძლიერდება.

20 იანვარს სარემონტო სამუშაობების გამო გაჩერებული ენგურჰესი სამი თვის შემდეგ ამუშავდება. სადგურის გაჩერების ძირითად მიზეზად სახელდება სადერივაციო გვირაბის ნაწილობრივი ჩამოშლა, რის გამოც ყოველწლიურად იკარგება, დაახლოებით, 260 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის შესაბამისი წყლის რესურსი.

ენგურჰესი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის ელექტროგენერაციის ერთადერთი ობიექტია: სოხუმის კონტროლირებად ტერიტორიაზე (გალში) მდებარეობს სადგურის სამანქანო დარბაზი-ქვესადგური და ვარდნილჰესების კასკადი, ხოლო კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნაწილი წალენჯიხის რაიონშია.

ამგვარი გეოგრაფიული მდებარეობა თბილისსა და სოხუმს თანამშრომლობის გარდა სხვა გზას არ უტოვებს: არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 % აფხაზეთში მიდის, ხოლო 60 %-ს დანარჩენი საქართველო იღებს. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ბოლო წლებში აფხაზეთი რეალურად 40 %-ზე ბევრად მეტს მოიხმარს.

როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ენერგეტიკის სექტორის მომოხილვაშია აღნიშნული, აფხაზეთში გასულ წელს ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის საშუალო მოხმარება სამჯერ მეტი იყო, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.

”აფხაზეთში დენის მაღალი მოხმარება განპირობებულია იაფი ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზის ნაკლებობით, არასრულფასოვანი გამრიცხველიანებით და კრიპტოვალუტის მაინინგით. 2020 წლის პირველ 11 თვეში აფხაზეთის მზარდმა მოხმარებამ შეადგინა ენგურჰესის გამომუშავებული ელენერგიის 88 %. რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 24 % -ით გაიზარდა და რეკორდული გახდა საანგარიშო პერიოდისთვის ”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში.

რეაბილიტაციის შემდეგ სადგური დამატებით 100 მლნ კვტ.სთ. ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ 2020 წელს აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ „ენგურჰესის“ გენერაციის თითქმის 90% შეადგინა, რეალურად რამდენად ღირებული იქნება აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს ენერგოსისტემისთვის, თუ ენერგომოხმარების არსებული შეფარდება უცვლელი დარჩება?!

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სამწუხაროდ, აღნიშნულზე პასუხი მხოლოდ ერთია –  რეაბილიტაციის შედეგად, რაც ისედაც „მიაქვს“ აფხაზურ მხარეს, იმას „წაიღებს“ და ქართულ მხარეს „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგიიდან შეიძლება ცოტა უფრო მეტი დარჩეს. ექსპერტის აზრით, არსებული სიტუაცია გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას რეაბილიტაციის პროცესი შედეგიანად გამოვიყენოთ, რათა მივაღწიოთ ახალ, უფრო საფუძვლიან შეთანხმებას, განსხვავებულს არსებული სიტყვიერი შეთანხმებისგან, რომელიც არასოდეს არ ყოფილა დაცული აფხაზური მხარის მიერ. „თუ იგივე სიტუაცია გაგრძელდა, გამოდის, რომ ჩვენთვის აღნიშნული რეაბილიტაცია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფაქტი ნამდვილად მისასალმებელია, იქნება ნაკლებად მნიშვნელოვანი და რეალურად იმის მაჩვენებელი, რომ ვკარგავთ „ენგურჰესს““ – აცხადებს ენერგეტიკოსი. მისი აზრით, სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ „ენგურჰესის“ საკითხის განხილვა მოხდეს ერთიანი სტრატეგიული მიდგომით, სადაც ყოველი ნაბიჯი იქნება გათვლილი და გამოყენებული იმისთვის, რომ არსებული, საქართველოსთვის სრულიად მიუღებელი და დამამცირებელიც კი, სიტუაცია შეიცვალოს.

ნინო სამადაშვილი

პოზიცია