ატომური ენერგიის საერთაშორისო ექსპერტებს ირანის ბირთვული ობიექტების დაუგეგმავად შემოწმება აუკრძალეს

ირანი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო შეთანხმდნენ, რომ გაერო-ს ინსპექტორებს მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ირანის ბირთვული ობიექტების შემოწმების საშუალება ექნებათ. ამასთან, ექსპერტებს დაუგეგმავი ინსპექციის ჩატარების უფლება ჩამოართვეს და ბირთვულ ობიექტებზე მათი შესვლა შეზღუდული იქნება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ირანის ხელისულებამ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საპასუხოდ მიიღო, რომელსაც თეირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები ჯერ არ მოუხსნია.

ირანის მთავრობა გამოთქვამს სურვილს, დაუბრუნდეს ე.წ. ბირთვულ შეთანხმებას, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია პირველი ნაბიჯის გადადგმას ერიდება.

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დავა 20 წელია, გრძელდება. ირანში აცხადებენ, რომ ქვეყნის ატომური პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს, აშშ და სხვა ქვეყნები ეჭვობენ, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.

2015 წელს გაფორმებული ე.წ. ბირთვული შეთანხმებით, ირანი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას დათანხმდა, სანაცვლოდ კი აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა. 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაცია „ბირთვული შეთანხმებიდან“ აშშ გაიყვანა და ირანს სანქციები ხელახლა დაუწესა. საპასუხოდ შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარი თქვა ირანმაც.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მზად არიან სანქციები კვლავ შეამსუბუქონ, თუმცა პირველი ნაბიჯი ირანმა უნდა გადადგას და შეთანხმების შესრულება განაახლოს.

პოზიცია