ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან დროებით შეთანხმებას მიაღწია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ირანის რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმად, ირანი შემდეგი სამი თვის განმავლობაში სააგენტოს ინსპექტორებს ბირთვული აქტივობის შემოწმების უფლებას დართავს, რამაც ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბირთვულ საკითხებზე საუბრის პოტენციური საფუძველი შეიძლება შექმნას.

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ორმა მხარემ მიაღწია დროებით “ტექნიკურ შეთანხმებას” მას შემდეგ, რაც ირანმა გასულ კვირას სააგენტოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ამით გაამყარა დასავლეთის ეჭვი, რომ ირანმა ურანის გამდიდრება გაზარდა და ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს.

მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა თეირანში გამართული მოლაპარაკებები ისე დაასრულა, რომ ვერ მოახერხა საგარეო საქმეთა მინისტრის დარწმუნება, გაეუქმებინა კანონი, რომელიც ბირთვული საქმიანობის ყოვლისმომცველ შემოწმებას და მონიტორინგის სხვა ზომებს ეწინააღმდეგება. 

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი სამი თვის განმავლობაში „ჩაწერს და შეინახავს ინფორმაციას“ ბირთვული საქმიანობისა და მონიტორინგის შესახებ. სანქციების მოხსნის შემთხვევაში, ირანი IAEA-ს ინფორმაციას გადასცემს, საწინააღმდეგო შემთხვევაში, ინფორმაცია ერთხელ და სამუდამოდ წაიშლება.”

კომპრომისი მოჰყვა აშშ-ს და ევროპის მოწოდებებს დამატებითი პროტოკოლის გაგრძელების შესახებ, რათა დიპლომატებს მოლაპარაკების გაგრძელების საშუალება ჰქონოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა პროტოკოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, აღნიშნული დროებითი შეთანხმება ექსპერტებმა ირანის მხრიდან კომპრომისად შეაფასეს, რაც ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებისთვის მოლაპარაკებებს ხელსაყრელ ნიადაგს უქმნის.

გასულ კვირას ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის მზადაა შეხვდეს ირანს და ბირთვული შეთანხმების აღდგენისთვის „დიპლომატიური გზები“ განიხილოს, რაც დაძაბულობის განმუხტვის პირველი ნაბიჯი იყო. ირანი კი აცხადებს, რომ აშშ-ს მხოლოდ სანქციების მოხსნის შემთხვევაში შეხვდება.

პოზიცია