მურმან მარგველაშვილი: ენერგეტიკული ბირჟა თხილამურებით სრიალს ჰგავს, სანამ ისწავლი, ბევრჯერ დაეცემი

გასული წელი და მიმდინარე წლის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იყო ენერგეოსექტორში მიმდინარე სიახლეებით: სატეტსტო რეჟიმში მუშაობა დაიწყო ენერგეტიკულმა ბირჟამ, „ნამახვანი“ ჰესის მშენებლობა მუდმივი გამოსვლების ფონზე გრძელდება; საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა. აღნიშნულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკაში არსებული გამწვევებსა და პერსპექტივებზე „ენერგონიუსი“ ენერგეტიკის ექსპერტს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა.

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ენერგეტიკული ბირჟის არსებობა ძალიან კარგი მოვლენაა, ისეთ დეფიციტურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა მის დაარსებას და ზოგადად ბაზრის ლიბერალიზაციას თან ახლავს ძალიან დიდი რისკები. მაგალითად მოჰყავთ ის, რომ სანამ ისრაელმა დამატებით 30%-იანი სარეზერვო სიმძლავრეები არ შექმნა, მანამდე ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია არ გარისკა. რა რისკების წინაშე შეიძება აღმოჩნდეს საქართველოს ენერგოსექტორი და რა ღონისძებების გატარებაა საჭირო, რომ სწორად მოხდეს მათი შეფასება და გამოვლენილი საფრთხეების წარმატებით დაძლევა?

რისკები შეიძლება იყოს ის, რომ მოხდეს ფასების სწრაფი ზრდა, ან ვერ მოხერხდეს ფასების სწორი პროგნოზირება და იყოს რყევები. საკმაოდ ფაქიზი და რთული ინსტრუმენტია. ციგურებით ან თხილამურებით სრიალს ჰგავს, სანამ ისწავლი, ბევრჯერ დაეცემი. თუმცა, აღნიშნული მაინც უნდა შექმნილიყო, რადგან ქვეყნის კანონმდებლობითაც გვაქვს გათვალისწინებული და ამას ჩვენი ევროკავშირისკენ სწრაფვაც გულისხმობს. ცუდად გაკეთება შესაძლებელია და საშიშროებაც სწორედ ეგაა, მაგრამ შეიძლება ბევრი რამის სწავლაც და პირიქით – კარგად გაკეთებაც. აი, რომელს შევძლებთ, ეგ უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, კონკრეტულ ხალხზე, კონკრეტულ პროცესებზე, მხარდაჭერაზე, თუ რამდენად ფრთხილად გაკეთდება აღნიშნული და რამდენად კარგად მოემზადებიან მონაწილეები. სწორედ ამის პროგნოზირებაა ძნელი. რეალურად ხსენებული ბაზარი მთელი თავის დადებითი მხარეეებით იწყებს ამოქმედებას მაშინ, როდესაც გაჩნდება სტაბილობა, რასაც დასჭირდება გარკვეული დრო. თავიდან კი იქნება რყევები, ტექნიკური მხარეები გასაწორებელი. ასევე, სანამ ხალხი ისწავლის გამართულად ვაჭრობას და ა.შ. ამ პერიოდის გავლის შემდეგ უკვე იქნება ის სარგებელი, რასაც აუცილებლად მოიტანს ფასებისა და ჯანსაღი კონკურენციისთვის. აქ უკვე გაჩნდება წინასწარმეტყველების შესაძლებლობაც, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს და შეიცვალოს ფასები. შემდეგ ამას შეიძლება უკვე მოყვეს სართაშორისო დონეზე ვაჭრობა, მაგალითად პირდაპირი ვაჭრობა თურქეთთან. თუმცა, აქ უკვე ვაწყდებით კიდევ ერთ პრობლემას. ჩვენთან არ არის საათობრივი ტარიფები. საქართველო ელექტროენერგიას პიკში ყიდულობს ორჯერ უფრო ძვირად ვიდრე ღამე და საღამოს. თუმცა, შეიძლება საერთაშორისო ვაჭრობის მექანიზმებმა იმოქმედოს აღნიშნულზე და შესაბამისად გადაეწყოს, რადგან თურქეთში საათობრივი ვაჭრობა და ფასებია, ასევეა რუსეთშიც. მსგავსი მექანიზმების ამუშავება უკვე ძალიან კარგია, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ამას უნდა ველოდოთ მხოლოდ პირველადი რყევების შემდეგ. ანუ, თავიდან სირთულეები გარდაუვალია.

როგორ გესახებათ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი? რა შესაძლებლობებს იყენებს და კიდევ რის გამოყენება გამოყენება არის შესაძლებებლი მომავალში?

აქ არის ძალიან მკაცრი და მკაფიო რეგულაციების დანერგვა საჭირო. მაგალითად რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტი უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული და არ უნდა იყოს „მინისტრი მოელაპარაკა ვიღაცას „გაზპრომში““ დონეზე. ტარიფები უნდა იყოს გამჭვირვალე. ჩემი ეს ნათქვამი არ ეხება „სახრეთ კავკასიისა“ და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენებს, სადაც ყველაფერი გარკვეული და ცნობილია – თუ, რისთვის რას და რამდენს ვიღებთ და ყველაფერი გამჭვირვალეა. ანუ, სწორედ გაუმჭვირვალობა არის უპირველესი საფრთხე ტრანზიტის დროს, იმიტომ, რომ აღნიშნული ქმნის გარე ძალების მიერ პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის საშიშორებას. შესაბამისად, მინისტრს არ უნდა ჰქონდეს პირდაპირი ინსტრუქცია, თუ რა როგორ უნდა იყოს დათვლილი და საერთოდაც, მსგავს მოლაპარაკებებში მინისტრი არც უნდა იღებდეს მონაწილეწობას. აღნიშნული უნდა გაააკეთოს უშუალოდ მონაწილე კომპანიების ხელმძღვანელებმა. აქედან დასკვნა, უმთავრესი არის ის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და ტარიფები იქნას დადგენილი მარეგულირებელი ორგანოს მიერ შესაბამისი მეთოდოლოგიით.  

მეორე ფაქტორი კი იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებრივია ჩვენი როლი დამოკიდებული იქნება ტრანზიტში მონაწილე ქვეყნების პოტენციალზეც. ანუ, თუ აზერბაიჯანს არ ექნება ზედმეტი ენერგია თურქეთში გასატანად, ჩვენი მხრიდან ძნელია რაიმის გაკეთება. რეალურად, ჩვენ რაც შეგვიძლია, რომ განვავითაროთ და ავითვისოთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვითვისებთ, არის ჩვენი ქვეყნის ჰიდრო პოტენციალი.

როგორ ფიქრობთ, რა არის აღნიშნულის მიზეზი? რატომ ახლავს ჰესების მშენებლობას მუდმივად საზოგადოების გაკვეული ჯგუფების პროტესტი და რით არის განპირობებული საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და გარემოს ზოგიერთი დამცველის ასეთი ნეგატიური განწყობა?

აქ ვაწყდებით რამოდენიმე სახის არგუმენტებსა და მიზეზებს. ზოგი მათგანი არის სწორი და სამართლიანი, მაგალითად, რომელიც ეხება სხვადასხვა ბიზნეს თუ საკანონმდებლო პროცედურების დაცვას, გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინებას, პროცესების გამჭვირვალობას, ანუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა ტენდერი და ა.შ. ბუნებრივია, როდესაც ჩნდება კორუფციული გარიგების ეჭვები, აღნიშნული იწვევს უნდობლობას საზოგადოებაში, რომელსაც შემდეგ უკვე მოსდევს მათი მხრიდან წინააღმდეგობაც. მაგრამ არის მეორე მხარეც, რომელიც ავრცელებს დიდ დეზინფორმაციას და რომელთა განცხადებებიც წმინდა დემაგოგიური ხასიათისაა.

თქვენი აზრით, რითაა აღნიშნული განპირობებული?

ძალიან ძნელია რამის თქმა. ძალიან ხშირად ვრცელდება რუსული ძალების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია. ზოგს, სავარაუდოდ, უბრალოდ თავის გამოჩენა სურს. ზოგი, შეიძლება, გულწრფელადაც ფიქრობს, რომ ამით სამშობლოს იცავს, სინამდვილეში კი თავის საყვარელს სამშობლოს მსგავსი ქცევით ძალიან დიდ ზიანს აყენებს. ანუ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ორი სახის არგუმენტებს ვაწყდებით ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეებში, პირველს – სავსებით სამართლიანს და მეორეს –  აშკარა ტყუილსა და უსამართლოს. ჩვენი ამოცანა ახლა იმაში მდგომარეობს, რომ მოვახერხოთ მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. დემაგოგებს არ ავყვეთ, ხოლო სამართლიან არგუმენტებს მოვუსმინოთ და მოვთხოვოთ მთავრობასაც და კომპანიებსაც მათი გათვალისწინება.

აქვე შევეხოთ ენერგეტიკის სხვა დარგებსაც. ალტერნატიული ენერგეტიკის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგიები, ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც ვერ უწევენ მნიშვნელოვან კონკურენციას ენერგეტიკის უფრო ტრადიციულ დარგებს. რით ახსნით აღნიშნულ ფაქტს და რამდენად ხედავთ მომავალში საქართველოში მზის, ქარის, გეოთერმული და განახლებადი ენერგიების სხვა მიმართულებების აქტიურად განვითარების შესძლებლობებს?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენდება, მაგალითად, 50 მგვტ.სთ-იანი მზის ელექტრო სადგური, ასევე უნდა აშენდეს ქარის სადგურებიც. თუმცა, ამ მიმართულობით ინერტულობა მაინც შეინიშნება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მზისა და ქარის ენერგიების შედეგიანად გამოყენებას ესაჭიროება პიკური ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც დააბალანსებენ მათ ცვალებადობას.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასევე იყო წინააღმდეგობა გადამცემი ოპერატორისგან, რადგან მან არ იცოდა, თუ როგორ უნდა მოეხდინა დაბალანსება. ახლა უკვე შეძლეს გათვალა, რომ გარკვეულ სიმძლავრეზე შეუძლიათ აღნიშნულის განხორციელება, თუმცა, ხსენებული სიმძლავრისთვისაც კი ვერ შენდება ვერაფერი.

მესამე პრობლემა კი არის სუბსიდირებული ტარიფები, რომელიც პრობლემას შეუქმნის მსგავს სადგურებს, რადგან ოპერირებისთვის მათ შემოსავალი ესაჭიროებათ.

დავუბრუნდეთ ჰესებს და შევეხოთ ქვეყნის ყველაზე დიდ სადგურს – „ენგურჰესს“. რეაბილიტაციის შემდეგ სადგური დამატებით 100 მლნ კვტ.სთ. ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ 2020 წელს აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამენგურჰესისგენერაციის 93% შეადგინა, რეალურად რამდენად ღირებული იქნება აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს ენერგოსისტემისთვის, თუ ენერგომოხმარების არსებული შეფარდება უცვლელი დარჩება?

სამწუხაროდ, აღნიშნულზე პასუხი მხოლოდ ერთია –  რეაბილიტაციის შედეგად, რაც ისედაც „მიაქვს“ აფხაზურ მხარეს, იმას „წაიღებს“ და ჩვენ „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგიიდან შეიძლება ცოტა უფრო მეტი დაგვრჩეს. თუმცა, რა თქმა უნდა, აღნიშნული რამდენად მისაღებია, ეს სხვა საქმეა. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ხსენებული რეაბილიტაცია შედეგიანად გამოვიყენოთ, რათა მივაღწიოთ ახალ, უფრო საფუძვლიან შეთანხმებას, განსხვავებულს არსებული სიტყვიერი შეთანხმებისგან, რომელიც არასოდეს არ ყოფილა დაცული აფხაზური მხარის მიერ. რადგან, თუ იგივე სიტუაცია გაგრძელდა, გამოდის, რომ ჩვენთვის აღნიშნული რეაბილიტაცია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფაქტი ნამდვილად მისასალმებელია, იქნება ნაკლებად მნიშვნელოვანი და რეალურად იმის მაჩვენებელი, რომ ვკარგავთ „ენგურჰესს“. ამიტომ, აუცილებელია „ენგურჰესის“ საკითხის განხილვა მოხდეს ერთიანი სტრატეგიული მიდგომით, სადაც ყოველი ნაბიჯი იქნება გათვლილი და გამოყენებული იმისთვის, რომ არსებული, საქართველოსთვის სრულიად მიუღებელი და დამამცირებელიც კი, სიტუაცია შეიცვალოს, რადგან ასე გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply