აზერბაიჯანი რეგიონში ბუნებრივი გაზის უმსხვილეს მწარმოებელთა სამეულში მოიაზრება

2050 წლისთვის აზერბაიჯანს შეუძლია წელიწადში საშუალოდ 40 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზი აწარმოოს. ამის შესახებ აღნიშულია გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) ანგარიშში “Global Gas Outlook 2050”.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ამ მაჩვენებლით, აზერბაიჯანი ევრაზიის რეგიონში მესამე ადგილს დაიჭერს რუსეთისა და თურქმენეთის შემდეგ. ანგარიშსი განმარტებულია, რომ აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის უმეტესი ნაწილი მოდის შაჰ დენიზისა და აფშერონის საბადოებზე, რომლებიც კასპიის ზღვის ოფშორულ ზონებშია განლაგებული. 

“2019 წელს ევრაზიის რეგიონიდან 920 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განხორციელდა, რაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების 23% -ია. გაზის ექსპორტის მხრივ, ეს რეგიონი მეორე ადგილზეა მსოფლიოში ჩრდილოეთ ამერიკის შემდეგ. რეგიონში გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი რუსეთია, რომელზეც მთლიანი ექსპორტის  78% მოდის, გაზის ექსპორტის 9% ახერხებს თურქმენეთი, 6% -ს კი ყაზახეთი. 2050 წლისთვის ევრაზიის რეგიონში “ლურჯი საწვავის” წარმოება 1.3 ტრილიონ კუბურ მეტრს მიაღწევს, საიდანაც 78% შემოვა რუსეთიდან, ხოლო 17% თურქმენეთიდან “, – ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული გაზის წარმოებისა და ექსპორტის ზრდა “აწყობს” საქართველოსაც, რადგან ის არის მონაწილე, “მასპინძელი” ქვეყანა სამხრეთ გაზის დერეფანში, რომლითან აზერბაიჯანული გაზი მიდის ევროპაში.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის – „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება. კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

გაზის სამხრეთ დერეფნის გაფართოება იგეგმება საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) – 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს. უნგრეთი აზერბაიჯანული გაზის მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს.

შეგახსენებთ, 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, 2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს. მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 მლნ მ³-ით მეტი იქნება.

გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. “ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა,” – ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში – საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

წყარო: report.ge

Leave a Reply