გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენაზე განხილვას მხარი დაუჭირა

კომიტეტის სხდომაზე განსახილველად საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა,  – ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი.

თუ საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, საწარმო ვალდებულია გასწიოს ამ ზიანის გამოსასწორებლად საჭირო ხარჯები და შეასრულოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები, რაც მიმართული იქნება დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენაზე.

ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტს, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, შემოაქვს საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციები“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

უწყების ცნობით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ზიანის ფონდის შექმნას. ცალკეულ შემთხვევაში, ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები სწორედ აღნიშნულ ფონდში ჩაირიცხება. მსგავსი ფონდები უკვე მრავალი წელია არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში.

ცნობისთვის, საქართველო არის პირველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სადაც ასეთი ტიპის ფონდი შეიქმნება.

აღნიშნულ ფონდში აკუმულირებული თანხები მოხმარდება გარემოს მდგომარეობის აღდგენას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, პრიორიტეტული გარემოსდაცვითი ღონისძიებების დასაფინანსებლად და გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტი წინგადადგმული ნაბიჯია, ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების კუთხით.

საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილება მიმდინარე წელს, ხოლო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის დიდი ნაწილი, 2022 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში, რაც კანონქვემდებარე აქტების მიღებისა და აღსრულების ეფექტიანად განხორციელებისთვის, სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველყოფით არის განპირობებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კანონპროექტი ევროკავშირის დახმარებით შეიმუშავა.

მათი თქმით, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან. კანონპროექტი პირველი ორი მოსმენით მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო.

Leave a Reply