ანდრია გვიდიანი: ანომალიურია, რომ დე ფაქტო აფხაზეთის 250 000 მაცხოვრებელი იმდენივე ენერგიას მოიხმარს, რამდენსაც 1,2 მილიონიანი თბილისი

საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციასა და დანაჩენ საქართველოს შორის განაწილების ფაქტობრივ მდგომარეობას და ის უნდა დაუბრუნდეს თავის დროზე შეთანხმებულ 60/40-ზე ნიშნულს.

დღესდღეობით, რეალობა ის არის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული რესურსი ენგურგჰესის გამომუშავების 90%-საც კი აღწევს. – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გვიდიანის თქმით, ცხადია, რომ არსებული მდგომარეობა ერთგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს შედეგი პირდაპირ აისახება საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფზე, ანუ საქართველოს მოსახლეობაზე და საქართველოში ბიზნესის მდგომარეობაზე.

„დე ფაქტო აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით სრული განუკითხაობაა. იქ ყვავის იატაკქვეშა მაინინგი და მარტივი ფაქტობრივი მონაცემების გაცნობაც კი მთელი სიმძაფრით გვაჩვენებს არსებული სურათის არაადეკვატურობას. კერძოდ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, ცხოვრობს სულ 250 000 ადამიანი. აფხაზეთის მოხმარება არის 2,5 მლრდ კილოვატი. ეს მაშინ, როცა 1,2 მილიონიანი თბილისის მოხმარება შეადგენს ასევე 2,5 მლრდ კილოვატს. ხომ შეუძლებელია, ობიექტურად 5-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარდეს აფხაზეთის მოსახლე თბილისის მოსახლესთან შედარებით.

ამდენად, ვფიქრობ, რომ არსებული ვითარება სასწრაფოდ არის გადასახედი და საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული რესურსის არსებული პარიტეტით, ანუ 60% საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, ხოლო 40% დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციას, განაწილება“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

Leave a Reply

Menu Title