ლევან დავითაშვილი – მოსახლეობაზე დიდია კონკრეტული ჯგუფების გავლენა, მათ მივაწვდით ობიექტურ ინფორმაციას და დარწმუნებული ვარ, „ნამახვანჰესის“ პროექტი წარმატებით განხორციელდება

ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის განხილული იყო კვლევები, თუმცა, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი, მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც მზად ვართ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, სახელმწიფოს ჰესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონკრეტული კვლევების გარეშე არ მიუღია და არგუმენტები ემყარება იმ კვლევებს, აგრეთვე ექსპერტულ შეფასებებს, რომლებიც გარემოსდაცვითი შეფასების პროცესშია განხილული.

„გარემოს შეფასების კოდექსი ითვალისწინებს მოსახლეობის ჩართულობას. ჩვენ ამ პროცესში რა თქმა უნდა გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის განხილული იყო წარმოდგენილი კვლევები, მაგრამ, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი ეს კომუნიკაცია და კიდევ მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ. ჩვენი არგუმენტები ემყარება იმ კვლევებს და ექსპერტულ შეფასებებს, რომლებიც არის განხილული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში და ჩვენი გადაწყვეტილების ნაწილი. ჩვენ გადაწყვეტილება არ მიგვიღია კონკრეტული კვლევების გარეშე, ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელშიც პირობით განსაზღვრულია, რომ კომპანიამ რაღაც სამუშაოები უნდა ჩაატაროს მხოლოდ კვლევების ჩატარების შემდეგ. კვლევები უკვე იყო ჩატარებული და წარმოდგენილი.

ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩატარებულია ძალიან მაღალი დონის, რეპუტაბელური საერთაშორისო, ამ კონკრეტულ სფეროებში წამყვანი საექსპერტო კომპანიების მიერ, როგორიც არის იტალიური, შვეიცარიული და ა.შ. ანუ იმ თემებში ყველაზე გამოცდილის, ალპებში მსგავსი რელიეფი, მსგავსი გარემო პირობებია, იქ არის ყველაზე მეტად განვითარებული მათ შორის ჰიდროელექტროენერგიის გენერაცია, ასეთი ტიპის კაშხლები, რომელიც მაგალითად, იქ დაშვებულია და შესწავლილია, რომ ფაქტობრივად თეორიული შანსიც არ არსებობს, იგივე მიწისძვრის შედეგად მოხდეს ასეთი დამბის გარღვევა, არ ყოფილა ისტორიაში ასეთი კონსტრუქციის ნაგებობებთან მიმართებაში. ანუ, ფაქტობრივად გამოირიცხება და ამას ამბობენ ყველაზე უფრო რეპუტაბელური ექსპერტები, მაშინ, როდესაც ჩვენ გვესმის საწინააღმდეგო, ფაქტობრივად არაფერზე დაფუძნებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, ნებისმიერი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ვებგვერდზე ქვეყნდება.

„ძალიან გულისტკივილით მინდა ვთქვა, როდესაც იყო საუბარი ამ კონკრეტულ მიმართულებებზე, საკითხებზე, როგორიც არის იგივე კლიმატის ზემოქმედება, გეოლოგიური საფრთხეები და ა.შ. ერთი მხრივ ამბობდნენ, რომ არ იყო საჯარო და გამჭირვალე პროცესი, არ გვაქვს ინფორმაციაზე წვდომაო, ეს წარმოუდგენელია. ნებისმიერი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებგვერდზე, სხვანაირად პროცესი უბრალოდ არ იმართება, ეს ავტომატურად ასეა. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ვითომ ექსპერტებმა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ოპონირებენ, ყველაზე კარგად იციან ეს პროცედურები. შეიძლება, რიგითმა მოქალაქემ არ იცოდეს, მაგრამ ისინი დაინტერესებული არიან და არაერთი გადაწყვეტილების ნაწილში ან გვიჩივიან, ჩვენთან დავაში არიან, ან ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან. ეჭვიც მაქვს, რომ გარკვეული დღის წესრიგიც გააჩნიათ. სამწუხაროდ, ისინი ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ, ცდილობენ, მოსახლეობის  გრძნობები გამოიყენონ. ესეც უპასუხისმგბელობაა. დავუშვათ, ეს კვლევები არ არის საკმარისი, ან არ არის სრული და ა.შ. თუ მასალა არ უნახავთ, როგორ აფასებენ კვლევებს? ხშირად, თავის თავს ეწინააღმდეგებიან ხოლმე. ალბათ, ჩვენ გვაკლია კომუნიკაცია, მეტი გვჭირდება, მეტი მედია პლატფორმა, მეტი დაფარვა, რათა მოსახლეობამდე მივიტანოთ სიმართლე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს კომუნიკაციაზე უარი არასდროს უთქვამთ.

„პირდაპირ გეტყვით, არასოდეს ჩვენ კომუნიკაციაზე უარი არ გვითქვამს. არაერთხელ, ჩემს კოლეგებთან ერთად პირადად მე ვიყავი კომუნიკაციაში ჩართული. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაციაო, ამაზე იყო საუბარი პრემიერის მხრიდან, მეტი არაფერი. ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი, ობიექტური აზრი მოსახლეობაში და პატივი ვცეთ მოსახლეობის აზრს. ანუ, რამდენადაც დიდი იქნება გამოწვევა, იმდენად დიდი იქნება ჩვენი მხრიდან პასუხი. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ისე, რომ ჩვენ დავარწმუნოთ ჩვენი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი. ბევრი ჯგუფია – ადგილობრივი მცხოვრებლები, სხვადასხვა ენთუზიასტები, სხვადასხვა ვითომ ექსპერტული ჯგუფების წარმომადგენლები, ასეთივე არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანამშრომლები, ტექნიკური სპეციალისტები, ასევე მოადგილეები, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები უკვე რეგულარულ კომუნიკაციაში არიან, ალბათ პოლიტიკოსების მხრიდანაც მეტი კომუნიკაცია, ჩართულობაა საჭირო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სეისმოლოგიური კვლევებიც გაკეთებულია ძალიან რეპუტაბელური კომპანიების მხრიდან. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტული ჯგუფების შესაძლო ინტერესებზეც.

„იქ არის რამდენიმე საკითხი, ერთი ეხება სეისმოლოგიას, მეორე გეოლოგიას და ქანებს. ვსაუბრობთ ქვედა ნამახვანზე. ასევე კლიმატზე გავლენასთან დაკავშირებით შესწავლილია, მოდელირება აღებულია იგივე ენგურისგან, რომელიც ბევრად უფრო დიდი ჰესია. გვესმის, რომ იქ არის აგროსამეურნეო საქმიანობა და მოსახლეობის წუხილი, რამდენად მოახდენს ეს მათ საქმიანობაზე გავლენას. ყველაფერი დასაბუთებულია კვლევებით. ამიტომ, ჩვენ ვართ მყარად ამ პოზიციაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია, გასაგებ ენაზეა ინფორმაცია მისატანი თითოეულ ჯგუფთან, რადგან როცა ჩვენ ეს პროცესი ჩავატარეთ, მათ შორის საჯარო განხილვების, ალბათ არ იყო იმ დონეზე ინფორმირებული ხალხი, ყოველ შემთხვევაში, ამდენ ადამიანს არ აინტერესებდა იმიტომ, რომ დიდი ხნით ადრეა ხოლმე გაცხადებულიდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა საჯარო განხილვებში.

სამწუხაროდ, კონკრეტული ჯგუფებზე ეჭვს გამოვთქვამ, რომ შეიძლება, კონკრეტულ ინტერესს ატარებდნენ. ყოველთვის როგორ არიან განახლებადი ენერგიის პროექტების მოწინააღმდეგეები და არასოდეს არ არიან იგივე ტრადიციული, არაგანახლებადი, ძველი ენერგოგენერაციის პროექტების მოწინააღმდეგე. ამას ეჭვის დონეზე ვამბობ. სამწუხაროდ, ამ ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე არის ძალიან ნეგატიური, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელში გვაქვს ყველაფერი, რომ მოსახლეობას მივუტანოთ ობიექტური ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, პროექტი წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს.

მან ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს სთხოვა, პირადად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ უშუალო აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

Leave a Reply