„ნამახვანჰესის” ინვესტორის მხრიდან ღია და გამჭვირვალე მიდგომა მაძლევს რწმენას, რომ პროექტში მართლაც არ არის ხარვეზები“

გუშინ ქუთაისის მერიის შენობაში ნამახვანჰესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მინისტრები, ექსპერტები,  „რიონის ხეობის მცველები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას კომპანიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება გააცნო.

განცხადების შემდეგ, შეხვედრა ექსპერტებსა და „რიონის ხეობის გუშაგებს“ შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო. მინისტრებმა შეხვედრა დატოვეს, რასაც მცველებისგან უკმაყოფილება მოჰყვა. მათ აღარ ისურვეს ექსპერტებისთვის კითხვების დასმა და შეხვედრა დემონსტრაციულად დატოვეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ენერგონიუსი“ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაია ესაუბრა:

ნამახვან ჰესთან დაკავშირებით დღეს მინისტრები რიონის მოსახლეობას შეხვდნენ, ამ საკითხს თქვენ სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურეთ, რომ გვითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია, მოიტანს თუ არა შედეგს და თუ გადაჭრის არსებულ პრობლემას ის შეთავაზებები რომელიც მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერეს?

აუცილებლად ხაზი უნდა გასვას ერთ რამეს, მაგალითად, როდესაც მე გამოვდიოდი და ვსაუბრობდი აღნიშნული პროექტის სარგებლიანობაზე, ვსაუბრობდი, როგორც ეკონომისტი და ბუნებრივია მეც მქონდა იმის განცდა, რომ შეიძლება ვცდებოდი. დასაშვებია, რომ პროექტი ეკონომიურად საინტერესეო იყოს, მაგრამ ახლდეს სხვა რისკები და მე ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამდი ჩემი გამოსვლების დროს. თუმცა, სამინისტრომ ინვესტორთან ერთად გადადგა ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს კაშხლის მშენებლობას არ დაწყებას მანამ, სანამ ახალი კვლევა არ დაადასტურებს იმას, რომ პირველი კვლევა იყო სწორი, ან იმას რომ ჩვენ რაიმე ხიფათის მოლოდინი უნდა გვქონდეს. აღნიშნული არის ძალიან დიდი მიღწევა და შეიძლება ითქვას, დათმობაც ინვესტორის მხრიდან, რადგან მან ამაში უნდა დახარჯოს ფული, დაკარგოს ძალიან დიდი დრო, რომელიც ასევე ფული ღირს. აქდან გამომდინარე, სახელმწიფომ, რომ მოახერხა ამაზე ინვესტორის დაყოლიება, ცალსახად მისასალმებელია, და ინვესტორის პოზიციაც დასაფასებელია, რაც იმასაც ნიშნავს, რომ მას არაფერი აქვს დასამალი.

გარდა ამისა, ინვესტორის მოტივაცია ისიცაა, რომ დასაქმდნენ აღნიშნული დარგის ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი და უცხოელი ქსპერტები, იქნებიან ეს სეისმოლოგები, თუ კაშხლების ინჟინერ-მკვლევრები. აღნიშნული ნაბიჯი მისცემს საშუალებას, მაგალითად ჩემნაირ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ეკონომიკური კუთხით აფასებენ პროექტს და ერიდებოდნენ საინჟინრო, თუ გარემოსდაცვითი კუთხით დეტალებზე საუბარს, უფრო თამამად და გაბედულად ისაუბრონ პროექტის სარგებლიანობაზე, რადგან მსგავსი ღია და გამჭვირვალე მიდგომა მაძლევს რწმენას, რომ პროექტში მართლა არ არის ის ხარვეზები, რომლებზეც იყო საუბარი საზოგადოების ძალიან მცირე ჯგუფის მხრიდან.  

თქვენი აზრით, რამ გამოიწვია დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა. რამდენად მზად არიან პროტესტის მონაწილეები, რომ რეალურად შედგეს მოლაპარაკება და გადაიჭრას ის საკითხები რომელსაც ისინი ასე მწვავედ აყენებენ?

რა თქმა უნდა, იქ დგანან გულით ანთებული პატრიოტები, რომლებიც დაწმუნებულები არიან, რომ მათი პროტესტი საფუძვლიანია, მაგრამ მე მინდა ყურადღება გავამახვილო მათზე, ვინც ამ ადამიანებს აწვდის მცდარ იფორმაციას. ხსენებულ პირებს არ სურთ თავისი ტოლი პროფესიონალების თანდასწრებით ისაუბრონ, მათგან მოისმინონ პასუხები და ეკამათონ. მათ ყოველთვის ურჩევნიათ დარგის არასპეციალისტებთან დასვან ისეთი კითხვები, რომლებიც ვითომ ძალიან საინტერესოა და ბუნებრივია, როდესაც ხსენებული არასპეციალისტებისგან ვერ იღებენ პასუხს, ახდენენ აღნიშულით მანიპულირებას. მაგრამ, როდესაც სამინისტროდან მივიდნენ შეხვედრაზე შესაბამისი კომპეტენციის ხალხი, ამ ადამიანებმა ხსენებული შეხვედრა დატოვეს, რაც ჩემი აზრით მიუღებელია და ბევრის რამის მაჩვენებელიცაა. პირობითად, მინისტრისგან ან პრემიერმინისტრისგან ძალიან სპეციფიური და ტექნიკური ნიუანსების ცოდნის მოთხოვნა, ან ისეთი კითხვის დასმა, თუ მაგალითად, რამდენ ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი კაშხალი, რომელზეც ბუნებრივია ვერც ეკონომიკის და ვერც პრემიერმინისტრი ვერ გიპასუხებთ, არასწორია. ამ დროს, ეს ადამიანები ცდილობენ სწორედ მათ დაუსვან მსგავსი კითხვები, რადგან იციან, რომ ბუნებრივია, ეკონომიკის მინისტრს  არ ექნება პასუხები აღნიშნულ კითხვებზე. მაგრამ, როდესაც მათ შეახვედრეს სამინისტროდან ის ადამიანები, ვისაც მსგავს კითხვებზე პასუხები აქვთ, საუბარი მათთან არ ისურვეს. ასეთი ქმედება ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

და ბოლოს, თქვენი პოზიცია რომ გვითხრათ, სად ხედავთ გამოსავალს, როგორ უნდა მოგვარდეს ის დაპირისპირება რომელიც დღეს ნამახვანჰესის გარშემო არსებობს?

იქამდეც თუ მივა საქმე, რომ ხსენებული ადამიანები იმ ღონისძიებებშიც არ ჩაერთვებიან, რომლებსაც გვთავაზობს სახელმწიფო დაინტერებულ პირებს, ეს იქნება უკვე ცალსახა ნიშანი იმისა, რომ მათ რეალურად არ აინტერესებს აღნშნული პროექტის ავ-კარგიანობა და უბრალოდ ჩაშლა სურთ. ხოლო, თუ მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ შიგნიდან დაიწყებენ უკვე სიტუაციის არევას, ესეც მარტივად გამოჩნდება, რადგან იქ უკვე წარმოდგენილი იქნებაიან წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და ძალიან საეჭვოა, რომ ერთმა, ორმა და თუნდაც რამოდენიმე ადამიანმა, რომელთაც შეიძლება სხვა მიზნები აოძრავებდეთ აღნიშნულ ჰესთან დაკავშირებით, ჩაშალონ პროცესი. რადგან, საზოგადოება მარტო ხსენებულ ორ და სამ ადამიანს არ ენდობა, ისინი ასევე ენდობიან კომპეტენტურ პირებს, რომელთაც მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნიათ, როგორც ქვეყნის, ასევე სართაშორისო მასშტაბით და ვისაც განუხორციელებია მსგავსი პროექტები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ წამყვან ევროპულ ქვეყნებშიც. აღნიშნული უკვე ძალიან კარგი არგუმენტი იქნება ხსენებული ჰესის ასაშენებლად, თუ ის რეალურად ასაშენებელია. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი თვითმიზანი ჰესის აშენება არა. ჩემი თვითმიზანი მით უმეტეს არაა ყველაფრის ფასად ჰესის აშენება. თუ გამოიკვეთება, რომ მაღალი რისკის შემცველია, ბუნებივია, არ უნდა ავაშენოთ, მაგრამ ინვესტორისა და სახელმწიფოს მხრიდან მსგავის გამჭვირვალე დამოკიდებულება, მე საპირისპიროში მარწმუნებს. ანუ, იმაში, რომ ეს ჰესი გამართულია თავისი მახასიათებლებით და რისკებიც მინიმუმადე შემცირებული. რაც შეეხება რისკებს, თვითფრინავიც შეიძლება ჩამოვარდეს, მაგრამ 10 მილიონიდან ერთი და 10 წელიწადში ერთხელ, თუმცა აღნიშნული გამო არავინ წყვეტს თვითფრინავით მგზავრობას. მანქანით რომ დავდივართ, ავარიაში მოყოლის რისკის ქვეშ ვართ, მაგრამ ამის გამო ტრანსპორტით მგზავრობას არ ვწყვეტთ.

ნინო სამადაშვილი


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply