დავით მირცხულავა: კომერციული გაზის ნაწილში “გაზპრომი” კონკურენციას შექმნის

„მსოფლიოს ისტორიას ბეტონის გრავიტაციული კაშხალის ჩამონგრევა არ ახსოვს“

რადიო „კომერსანტის“ გადაცემა“კომერსანტის დილაში“ ენერგეტიკის ექსპერტმა დავით მირცხულავამ ნამახვან ჰესის მნიშვნელობაზე და ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს ჩართულობაზე ისაუბრა.

„ჰესების სამშენებლო რისკებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მუდმივად ვრცელდებოდა აპოკალიფსური პროგნოზები, იმის შესახებ, რომ თითქოს 34 მეტრიანი ტალღა წარმოიქმნება და მთელ იმერეთს, სამეგრელოს და ქუთაისს დატბორავს, ამ საკითხზე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობა დაშინებულია. მინდა გითხრათ, რომ საუბარია ნამახვანის 100 მეტრიან კაშხალზე, მსგავსი ტიპის კაშხლები 1963 წლის მერე არსად დანგრეულა, რაც ტექნიკური გადაწყვეტილებების და საინჟინრო დარგის პროგრესის დამსახურებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ზედამხედველობა უნდა  შევარბილოთ“,  — ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა “კომერსანტის დილაში“ ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს ჩართულობაზე საუბრისას აღნიშნა. 

მისი განცხადებით სახელმწიფოს, როგორც ენერგეტიკულ, ასევე სამშენებლო ნაწილში საზედამხედველო ფუნქცია უნდა ჰქონდეს, რაც შეეხება გარემოსდაცვით რისკებს, მურცხულავას განმარტებით სახელმწიფომ ინვესტორს გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგი უნდა დაავალოს.

„სეისმურ რისკებთან დაკავშირებით მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მიწისძვრამ ჰესების ჩამონგრევა გამოიწვიოს, მსოფლიოს ისტორიას ბეტონის გრავიტაციული კაშხალის ჩამონგრევა არ ახსოვს. აქ არ არის საუბარი ჩვენთან მომხდარ მიწისძვრაზე, საუბარი მაქვს იაპონიაში და ჩინეთში 9 ბალიან მიწისძვრებზე.

თავის დროზე მე ვიყავი იმ ინსპექტირების ჯგუფის წევრი, რომელმაც რაჭის ეპიცენტრთან განლაგებულ ყველა ჰიდრო ტექნიკურ ნაგებობაზე ინსპექტირება მოახდინა, ეს  არის  შაორის გრუნტის მასალის კაშხალი, ასევე ლაჯანური გუმათები და  ა.შ. არსად ამ ტიპის კაშხლებზე, მიწისძვრისგან დაზიანების ფაქტები ვერ  აღმოვაჩინეთ“, –  აღნიშნა დავით მირცხულავამ.

მირცხულავამ მოლაპარაკებების ნაწილზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს მოლაპარაკებები გარკვეულ ეტაპზე ძალიან წარმატებული იყო, რადგან 258-მა ოჯახმა 30 მილიონი ლარი მიიღო. მისივე განმარტებით, გარკვეული პერიოდი ამ თემასთან დაკავშირებით ხმაური არ ყოფილა. მირცხულავამ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ასეთი დიდი პროექტი ხორციელდება სახელმწიფო მოლაპარაკებებში გარკვეული დოზით უნდა მონაწილეობდეს, რადგან სახელმწიფო ყველა ხელშეკრულების და კანონიერების გარანტი უნდა იყოს.

მირცხულავას განმარტებით, მსოფლიოში მსგავსი ჰიდრო ნაგებობების ინტენსიური ჰიდრო ტექნიკური მშენებლობა მიმდინარეობს და მაგალითად ავსტრიაში და  შვეიცარიაში რომელებიც დაახლოებით საქართველოს ზომისაა უამრავი კაშხალი და წყალსაცავი აქვთ მოწყობილი.

 „ჩვენთან ესეთ პროგრესზე საუბარი არც არის, უბრალოდ სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებს და  ინვესტორებს  შორის მედიატორის  როლი უნდა ითამაშოს.“ –  აღნიშნა  დავით მირცხულავამ.

Leave a Reply