ბრიუსელში ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს როლი შეფასდა

“ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების ევროკავშირის ბაზრებზე მიწოდების პროცესში, კერძოდ სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის გავლით, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირს გააძლიერებს,” – ამის შესახებ ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

შავი ზღვის გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან, ევროკავშირის ბაზრის სრული ათვისება და ახალი პროდუქციის ჯგუფების შერჩევა, – ეს გზავნილები ჩაიტანეს ქართველმა დელეგატებმა ბრიუსელში.

დახმარებების პაკეტი, ფინანსური მხარდაჭერა და ინვესტიციები – ეს ძირითადი მიმართულებებია, რა მხრივაც საქართველო ევროკავშირისგან ქართული დელეგაციის სტუმრობის შემდეგ ელოდება. ირაკლი ღარიბაშვილისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში გუშუნ წინ დაიწყო. გუშინ შედგა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომაში მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

 შეგახსენებთ, საქართველო აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის მთავარი ტრანზიტორი ქვეყანაა. საქართველო აზერბაიჯანი და თურქეთი ჩართულია ენერგეტიკულ და სატრანსპორტო გლობალურ-რეგიონულ პროექტებში, როგორებიცაა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთ კორიდორი.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის – „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება. კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

გაზის სამხრეთ დერეფნის გაფართოება იგეგმება საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) – 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს. უნგრეთი აზერბაიჯანული გაზის მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს.

გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. “ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა,” – ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში – საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

წყარო: report.ge

Leave a Reply

Menu Title