სომხეთის ბირთვული ელექტროსადგური მეწამორში – საფრთხე მთლიანი რეგიონისთვის

სომხეთის ბირთვული ელექტროსადგური მეწამორში რეალურ საფრთხეს უქმნის თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთისა და სამხრეთ ევროპის მოსახლეობას, განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, „გლობალური ენერგიის საკითხთა ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა ბრენდა შაფერმა. სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკულ ჟურნალში „ატომური მეცნიერების ბიულეტენი“, შაფერმა განმარტა, თუ რატომ უნდა დაიხუროს სომხეთის მოძველებული ატომური ელექტროსადგური სამუდამოდ: „მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დახურვით, სომხეთი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საკუთარი და მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არამედ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის  გაძლიერებასაც”.

როგორც „კასპიან ნიუსი“ იუწყება, სომხეთის ორ რეაქტორიანი ელექტროსადგური ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგურია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მდებარეობს ერევნიდან დაახლოებით 36 კილომეტრში. აშენდა მეწამორის სეისმურ ზონაში პირველადი შემაკავებელი გარსის გარეშე და ექსპლუატაციაში შევიდა 1976 წელს. 1988 წელს სპიტაკში, სადგურიდან ჩრდილოეთით, 70 კილომეტრში მომხდარი 6,8 ბალიანი მიწისძვრის გამო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ატომური ელექტროსადგური დაიხურა. 1995 წლისთვის მისი ერთ-ერთი რეაქტორი გადაკეთდა. 2019 წელს ელექტროსადგურმა გამოიმუშავა სომხეთში წარმოებული ელექტროენერგიის 27.8%, ანუ 2 ტერავატსაათი (ტვ.სთ).

ჯერ კიდევ 1995 წელს დამკვირვებლებმა მას უწოდეს სომხეთის მომავალთან და მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები მილიონობით ადამიანის ცხოვრებასთან “უგუნური თამაში”. იმ დროისთვის, ვაშინგტონში „ბირთვული ენერგიის ინსტიტუტმა“ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ მეწამორის ატომური ელექტროსადგური არ აკმაყოფილებს დასავლეთის უსაფრთხოების სტანდარტებს და  ჩერნობილის განადგურებულ ბირთვულ ელექტროსადგურსაც კი შეადარა. სადგურს ასევე არ გააჩნდა დამცავი გარსი, რომელიც, ავარიის შემთხვევაში ხელს შეუშლიდა რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფას.

მეწამორის ბირთვულ ელექტროსადგურს ხშირად უწოდებენ ყველაზე საშიშ ბირთვულ რეაქტორს პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსოფლიოში ხუთ შესაძლო ბირთვული კატასტროფიდან ერთ–ერთ შესაძლო ვარიანტადაც კი მოიაზრებენ, ბრიტანეთის ბირთვულ წყალქვეშა ფლოტთან, რუმინეთში ჩერნოვოდსკის, რუსეთში „ლენინგრადისა“ და შეერთებულ შტატებში „ენრიკოს“ ბირთვულ ელექტროსადგურთან ერთად. 2011 წელს ჟურნალმა National Geographic-მა „მეწამორი“ დაასახელა “მსოფლიოში ყველაზე საშიშ ბირთვულ ელექტროსადგურად“.

შაფერი დარწმუნებულია, რომ სომხეთს შეუძლია შეცვალოს მეწამორის ატომური ელექტროსადგური თბოელექტროსადგურებით და განახლებადი ენერგიის წყაროებით, მით უმეტეს, როცა სადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი ირანში გადის ექსპორტზე.

”სომხეთში ენერგიის მოხმარების უმეტესი ნაწილი საცხოვრებელ სექტორსა და ტრანსპორტირებაზე მოდის, მხოლოდ 15% – ინდუსტრიაზე”, – წერს ექსპერტი და დასძენს, რომ თუ სომხეთი დახურავს მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს და შეაჩერებს ელექტროენერგიის ექსპორტს ირანში, შიდა საჭიროებების დაკმაყოფილება დამატებითი თეს-ების აშენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება.

ანალიტიკოსმა ასევე დასძინა, რომ მოსალოდნელია ევროკავშირმა სომხეთს მოუწოდოს, განიხილოს ბირთვული ელექტროსადგურის დახურვის საკითხი ბოლო მოვლენების ფონზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასული წლის ომის გათვალისწინებით. ომის შედეგები იმედს იძლევა, რომ სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირები რეგიონში საფუძვლიანად გადაიხედება.

შაფერის სიტყვებით, ომის შემდგომი გეგმები გზებისა და რკინიგზის, ისევე როგორც ენერგოპროექტების განვითარებასთან დაკავშირებით, ხელს შეუწყობს სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ განახლებული ინფრასტრუქტურისა და დამატებითი დაფინანსების წყალობით, სომხეთს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს ახალი, უსაფრთხო და მრავალფეროვანი ენერგიის წყაროები.

ამავდროულად, 1990-იანი წლების ბოლოდან, ერევანი და ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დახურვასთან დაკავშირებით. სომხეთმა რეაქტორის დახურვის პირობა 2004 წელს დადო. ევროკავშირმა თანხებიც კი გამოყო სადგურის დახურვისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოსაძებნად. თუმცა, ერევნის მიერ ატომური ელექტროსადგურის არდახურვის გამო, 2005 წელს ხსენებული ფინანსური დახმარება გაიყინა. ევროკავშირსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი ოფიციალური შეთანხმებები, მათ შორის 2006, 2011, 2016 და 2017 წლებში, არ დასრულებულა მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დახურვასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებით.

რეზოლუციაში “ბირთვული უსაფრთხოება ევროპაში” აღნიშნულია, რომ ევროპაში მოქმედი 184 რეაქტორიდან 82 არის 35 ან მეტი წლის და თითქმის ყოველი მეექვსე რეაქტორი, მათ შორის მეწამორის, მუშაობს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ევროკავშირმა მოითხოვა ბულგარეთში, სომხეთში, სლოვაკეთსა და ლიტვაში მოძველებული ატომური ელექტროსადგურებისა და მსგავსი ობიექტების დახურვა. ყველა, გარდა „მეწამორისა“, დაიხურა.

”ევროკავშირი სრულად აცნობიერებს მეწამორის ბირთვულ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ რისკებს, ამიტომ ელექტროსადგურის რაც შეიძლება სწრაფად დახურვა და გაჩერება გაერთიანების მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან აღნიშნული სადგურის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ბირთვული უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზება შეუძლებელია”, – ნათქვამია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის – ფედერიკა მოგერინის განცხადებაში, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.

2020 წლის თებერვალში სომხეთის მთავრობამ ატომური ელექტროსადგური შეიტანა 2040 წლამდე ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიულ პროგრამაში, სადაც ნათქვამია სადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებისა და წარმოების 12-15%-ით გაზრდის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა მეწამორის ბირთვული ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება და განაცხადა: ”ჩვენ მაქსიმალურად გავახანგრძლივებთ ბირთვული ელექტროსადგურის სასიცოცხლო ციკლს, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ის სამუდამოდ ვერ იმუშავებს.”

2020 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2021 წელს მოდერნიზაციის მიზნით, მეწამორის ატომური ელექტროსადგური ხუთი თვის განმავლობაში დაიხურება.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title