ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ენერგიის წყაროების გამოყენება და „უდიდესი ეროვნული ამოცანა“ ენერგოდამოუკიდებლობაზე გადის.
მინისტრის თქმით, ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამხვანჰესი ის პოტენციური მსხვილი, წყალსაცავიანი ჰესებია, რომელთა აშენება საქართველოს ენერგოსისტემას წელში გამართავს.
„ყველა დიდი ჰიდრო პროექტი არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში არის ხოლმე ასოცირებული გარკვეულ ლოკალურ პროტესტთან, რადგან არის ეკოლოგიური საკითხები, ადგილობრივ მოსახლეობას რა სიკეთე უნდა მოუტანოს…
მე ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც დღეს ნამახვანს აპროტესტებს, არის აბსოლუტურად გულწრფელი და მიაჩნიათ, რომ ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ცდებიან და რაში ცდებიან – დღეს უდიდესი პატრიოტული და ეროვნული ამოცანა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე.
ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საკუთარი ენერგიის წყარო გამოვიყენოთ, აშენდეს ეს რამდენიმე მსხვილი ჰესი იმისთვის, რომ ჩვენი დამოუკიდებელი სიტყვა ვთქვათ რეგიონში, გავხდეთ ექსპორტიორები, მათ შორის, ევროკავშირში ექსპორტიორები და არ ვიყოთ მზარდად დამოკიდებული ჩვენი სამეზობლოს ნება-სურვილზე“, – განაცხადა ნათელა თურნავამ და აღნიშნა, რომ ნამახვანჰესი ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოკვლეული პროექტია, თუმცა მის მიმართ მაინც არის უნდობლობა.
„ვაღიარეთ, რომ ნამდვილად სხვა ტიპის კომუნიკაციაა საჭირო, როდესაც ასეთ დიდ პროექტს იწყებ. კი, არის გასამართლებელი არგუმენტები, რომ კოვიდი იყო, მაგრამ ეს არ არის კარგი განმარტება, იმიტომ, რომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – ადამიანები ვერ იგებენ, არ აქვთ ინფორმაცია, აკლიათ ჩვენგან განმარტება, კომუნიკაცია და ამიტომაც იყო, რომ პრემიერმა დაგვავალა კომუნიკაციის განახლება.
ეკოლოგიური კატასტროფები მართლაც არის ისეთი რამ, რაც სამართლიანად აფრთხობს ადამიანებს. მათ ვერ მოსთხოვ სპეციალისტების დონეზე ყველა კვლევის ცოდნას. ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ კაშხალი და წყალსაცავი, რომლებიც ყველაზე კრიტიკული ნაგებობებია ამ პროექტში, არ აშენდება მანამ, ვიდრე ძირითადი მნიშვნელოვანი კვლევები არ გადამოწმდება არა ჩვენს მიერ, არამედ ჩვენი რესურსით მოწვეული იქნებიან ის სპეციალისტები და ექსპერტები, ვისაც ენდობა ადგილობრივი მოსახლეობა. დაგვისახელონ ის ქართული ინსტიტუტები, ქართველი ექსპერტები, ვინც ამაში ჩაერთვებიან“, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, მთავრობას გეგმაში აქვს გაწერილი, რომელ პერიოდში რომელი სადგური უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში სამეზობლოსა და იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს.