„ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამახვანჰესი, რომელთა აშენება ჩვენს ენერგოსისტემას წელში გამართავს“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
„აუცილებელია რამდენიმე მსხვილი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომელიც წყალს ინახავს. წყალი არის უძვირფასესი რესურსი და ახლა, გლობალური დათბობის პირობებში კიდევ უფრო ძვირფასი რესურსი ხდება – დნება მყინვარები.
მით უფრო უნდა შევინახოთ წყალი. არის რამდენიმე პოტენციური პროექტი – ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამახვანჰესი, რომელთა აშენება ჩვენს ენერგოსისტემას წელში გამართავს“, – აღნიშნა თურნავამ.
მინისტრის თქმით, ჰესების მშენებლობით მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ მუნიციპალური ბიუჯეტებიც.
„თვალსაჩინოებისთვის მინდა მოვიყვანო მესტიის მუნიციპალიტეტის მაგალითი, სადაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ჰესების მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილმა ქონების გადასახადმა საერთოდ შეცვალა იქაურობის იერსახე. 500 000 ლარი იყო თავდაპირველად მესტიის ბიუჯეტი და ახლა 10 მილიონი ლარია.
შესაბამისად, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურის აშენება და ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება“, – აღნიშნა თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში.