ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პროტესტი და ძირითადი კითხვები მოხსნილიყო. კაშხალი არ აშენდება, ვიდრე სანდო ექსპერტები ყველა ძირითად კვლევას არ გადაამოწმებენ. ზუსტად ეს პასუხობს იმ წუხილს, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებასა და ეკოლოგიას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან, ნამახვანჰესზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, ნამახვანჰესი არის იმ მსხვილ ჰიდროსადგურთაგან ერთ-ერთი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას განამტკიცებს.
„დღეს ამ ჰესის აშენებზე გადის საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საფუძველი. იქმნება ხეობის განვითარების 5-მილიონიანი ფონდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭიროებას დააფინანსებს. საჭიროების შემთხვევაში, ის კიდევ უფრო გაიზრდება. მშენებლობის ზედამხედველობისთვის, შეიქმნება დიდი საზოგადოებრივი საბჭო და ამას ისიც გააკონტროლებს. ამიტომ, ყველა ობიექტური და რაციონალური კითხვა ჩვენ მოვხსენით. ხალხი თავად გადაწყვეტს, თუ რაში დაიხარჯება ის 5 მილიონი. რაც შეეხება კომპენსაციებს – კომპანიამ უკვე 34 მილიონ ლარამდე დაარიგა 280 ოჯახზე კომპენსაციები ადგილზე“ – განაცხადა ნათია თურნავამ.