აზერბაიჯანული დენი გაიაფდა

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 404 მლნ კვტ / სთ ელექტროენერგია დააექსპორტა, რომლის ღირებულებაა 16.1 მლნ აშშ დოლარი. 

აზერბაიჯანის საბაჟო სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ქვეყნის ექსპორტი 7.85% -ითაა გაზრდილი, თუმცა 9.9% -ითაა შემცირებული ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტმა აზერბაიჯანის მთლიან ექსპორტში 0.6% შეადგინა, ხოლო ნავთობპროდუქტების სექტორის ექსპორტში – 4.9%.

ორი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანის მიერ ექსპორტირებულ თითოეულ კილოვატ ელექტროენერგიაზე ფასმა შეადგინა 0,04 აშშ დოლარი ანუ 0,07 აზერბაიჯანული მანათი. ყოველწლიური შედარებისას,მონაცემი 13% -ითაა შემცირებული.

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის გაიაფებაზე იუწყება კომპანია „ელგრინიც,“ რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოში დენის იმპორტითაა დაკავებული. 

იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროებას ითხოვენ. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციურ პოლიტიკური ძალები ააქტიურებენ კითხვებს, თითქოს ზერბაიჯანიდან დენის იმპორტი პოლიტიკურია და ფასიც მაღალია. მათივე მტკიცებით, “ელ გრინს” ეძლევა უფრო მაღალ ფასად ელექტროენერგიის შემოტანის შესაძლებლობა, რადგან სახელისუფლებო გუნდიდან ვიღაც წილშია და სწორედ ამიტომ გახდა ელექტროენერგიის იმპორტში დომინანტი აზერბაიჯანი. ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, ბიზნესმენ, უჩა მამაცაშვილთან, კავშირში მყოფი კომპანია შუამავალია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის ელექტროსისტემას შორის, რაშიც მამაცაშვილის კომპანია წლიურად 9 მილიონ დოლარს იღებს. ამაზე განმარტებები ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, რამდენჯერმე მოუწია. მისი თქმით, აზერბაიჯანული ელექტროიმპორტი რუსული დენის ალტერნატივაა და იმპორტის ღირებულებაც წლების მანძილზე მცირდება. მინისტრის მტკიცებით, დენის იმპორტში არცერთი მეზობელი ქვეყანა არ არის დომინანტი. ნათია თურნავამ ამ ბრალდებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან დენის იმპორტთან უჩა მამაცაშვილი კავშირში არ არის.

საქართველო ელექტროენერგიას რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან ყიდულობს.

2020 წელს საქართველომ ყველაზე მეტი დენი აზერბაიჯანისგან იყიდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 45%-ს უტოლდება. კილოვატ საათი თურქული ელექტროენერგიის იმპორტში საქართველომ შარშან 3 ცენტი გადაიხადა. ამ ქვეყნიდან საქართველომ შარშან ჯამში 313,100,000 კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, რაც ჯამში 13,564,140 აშშ დოლარი დაჯდა. შარშან საქართველომ რუსეთისგან ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3 ცენტად შეიძინა. ქვეყანამ გასულ წელს ჩრდილო მეზობლისგან ჯამში 570,600,000 კილოვატ საათი დენი იყიდა, რაშიც 14,553,200 დოლარი გადაიხადა.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის იმპორტის წყროების დივერსიფიკაციაზე საქართველო წლების განმავლობაში მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ახლა საქართველო ბევრად უფრო ენერგოდამოუკიდებელია, ვიდრე 2012 წელს, როცა 90% ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის მოდიოდა რუსეთზე და დენი საქართველოში “ინტერ რაოს” შემოჰქონდა. ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ეს “ქართული ოცნების” მთავრობამ შეცვალა და უკვე შარშან საქართველოში დენის იმპორტის მთავარი წყარო აზერბაიჯანი გახდა. საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი, ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო კომპანია “ელ გრინში” აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტსა და აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს კურირებს, აცხადებს, რომ უსაფუძვლოა ეჭვები, თითქოს აზერბაიჯანიდან დენის იმპორტში კორუფციული სქემა მუშაობს.

წყარო: report.ge

Leave a Reply

Menu Title