ცნობილი ავტოკომპანიები, რომლებიც მომავალში მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებას გეგმავენ

2030 წლისთვის ავტომობილების კომპანია Volvo-ს სურს მხოლოდ ელექტრომობილები აწარმოოს. მათი გეგმით, ხსენებული დროისთვის, ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანები სრულად უნდა გაქრნენ საწარმოო ხაზიდან.

Volvo არ არის ერთადერთი საავტომობილო კომპანია, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში განაცხადა ელექტრომანქანებზე კონცენტრირების სურვილის შესახებ. თებერვლის დასაწყისში გერმანიის კომპანია Porsche–მ მსგავსი გეგმების შესახებ გააზიარა ინფორმაცია. თუმცა, Porsche–ს გეგმები შედარებით ნაკლებად ამბიციურია: 2030 წლისთვის მწარმოებელი გეგმავს, რომ ელექტრომობილების წილი გამოშვებული ავტომანქანების 80%-ს მიაღწევს.

თუმცა, უკვე ხუთ წელიწადში ელექტრომანქანებმა უნდა შეადგინონ Porsche–ს გაყიდვების ნახევარზე მეტი. ამ დროის განმავლობაში, კომპანია 15 მილიარდი ევროს ჩადებს მათ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ პანდემიამ ხელი არ შეუშალა Porsche-ს გაეზარდა წარმოებაში ელექტრომობილების წილი. გასულ წელს აღნშნული მაჩვენებელი 60%-ით გაიზარდა.

Porsche-სა და Volvo-ს არ ჩამორჩნენ ბრიტანული კომპანიებიც. თებერვლის შუა რიცხვებში Jaguar Land Rover–მა ელექტრომობილების მიმართულებით მუშაობის შესახებ განაცხადა. იგეგმება, რომ 2025 წლისთვის Jaguar გახდება ლუქს კლასის ელექტრომობილების ბრენდი. ამავდროულად, 2030 წლისთვის Land Rover–ის გასაყიდი მანქანების ნახევარზე მეტი აღჭურვილი იქნება ელექტროძრავებით.

ცოტა ხნის წინ კი Bentley Motors-მაც განაცხადა, რომ გეგმავს მთლიანად გადავიდეს ელექტრომობილების წარმოებაზე. ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა ხსენებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 2020 წლის ნოემბერში გაავრცელა. Bentley–ს, ისევე როგორც მის კონკურენტებს, სურს აღნიშნული მიზნის 2030 წლისთვის მიღწევა. ხოლო, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში კომპანია გადავა მხოლოდ ჰიბრიდული მანქანების წარმოებაზე.

ნინო სამადაშვილი


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply