შვედეთი საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილსა და საქართველოში შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, შვედეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ერიკ ილსს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ერიკ ილსს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ერიკ ილსს გარემოსდაცვითი განვითარების კუთხით სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების, დაცული ტერიტორიების გავრცობის და მართვის, კლიმატის ცვლილების შერბილების, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეფექტიანი სისტემების დანერგვის კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხებს. 
ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარემოსდაცვითი მიმართულების ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური და ტექნიკური დახმარება, ასევე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრაზე, ერიკ ილსმა  განაცხადა, რომ  საქართველოში გარემოსდაცვითი კუთხით არსებული პროგრესი თვალსაჩინოა და სამომავლო მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.

ონლაინ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელი, ხათუნა ზალდასტანიშვილი ესწრებოდა.

Leave a Reply