საწვავის ფასის ცვლილების მიზეზები საქართველოში

ბენზინის ფასმა 2.85 ლარს გადააჭარბა – უახლოეს პერიოდში შემცირების რესურსი არ არსებობს

საქართველოში საწვავის მორიგი გაძვირების შემდეგ, ბრენდირებულ ბენზინგასამართს სადგურებზე, ყველაზე იაფი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასმა 2.65-ს, პრემიუმისამ კი 2.85-ს გადააჭარბა, რაც 3 კვირის წინანდელ მაჩვენებელს 15 თეთრით, ნახავარი წლის წინანდელ მაჩვენებელს კი 70 თეთრით აღემატება. უახლოეს პერიოდში გაიაფების პერსპექტივა არ არსებობს.

საწვავის ღირებულების ცვლილებაზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ იმპორტირებულ პროდუქტზე მოთხოვნა-მიწოდებასთან ერთად, გავლენას ლარის კურსი და საერთაშორისო ფასი ახდენს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გადასახადებია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არ იცვლება.

1 წლის წინ, 2020 წლის აპრილში, როდესაც 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებით სახლებში იყო გამოკეტილი და პრაქტიკულად მთელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სრული კარანტინი იყო გამოცხადებული, საწვავის მოხმარება და შესაბამისად ნედლ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა, რამაც Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი 73%-ით $18-მდე შემაცირა, ეს XXI საუკუნის მინიმუმი იყო. ბევრად უფრო ეგზოტიკური ამბავი ამერიკულ მსუბუქ ნავთობს – WTI-ს გადახდა. მარაგების გადავსებისა და კონტრაქტების ვადის ამოწურვის შედეგად, ღირებულება მინუსში გავიდა და -$38-ზე დაფიქსირდა, ეს კი ნავთობის წარმოების  ისტორიაში აბსოლუტურ მინიმუმს ნიშნავდა.

ავტომობილში ნედლი ნავთობი არ ისხმება, მართალია პლატსზე გადამუშავებული საწვავის ფასიც მკვეთრად შემცირდა, მაგრამ არა 73%-ით. ამავე დროს იგივე დარჩა აქციზი, სახელფასო ხარჯი და თითქმის იგივე ტრანსპორტირების ღირებულება. ყოველივე ამის გამო, დაგვიანებით მაგრამ მაინც საწვავზე საცალო ფასები საქართველოშიც შემცირდა, მაგრამ მხოლოდ 20-25 პროცენტით.

მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასების ზრდა მაისიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც OPEC+ მოპოვების რეკორდულ, 10%-იან შეთანხმებას მიაღწიეს. მოპოვების კლებას ზაფხულში რეგულაციების მკვეთრი შემცირება დაემატა, დეკემბრიდან კი უკვე ვაქცინაცია. შედეგად დეკემბერში 1 ბარელი ნავთობის ფასი $50-ს გადასცდა, თებერვალში $60-ს. დღეს $64-ს უდრის. პირველ კვარტალში 4.5%-ით გაუფასურდა ლარიც.

ბოლო პერიოდში იმპორტიორები ხშირად აქციზის ფასის განახევრებას ითხოვენ. ეს გადაწყვეტილება 1 ლიტრ ბენზინს ერთჯერადად 19 თეთრით გააიაფებს, თუმცა ამავე დროს 2020 წლის იმპორტის მოცულობის გათვალისწინებით ბიუჯეტის შემოსავლებს 276 მლნ ლარით შეამცირებს. მაშინ როცა ბიუჯეტის დეფიციტი 7%-ს აჭარბებს და სახელმწიფო ვალმა მშპ-ს მიმართ 60%-იანი ზღვარი გადალახა გადასახადების შემცირების ალბათობა უკიდურესად დაბალია.

აქციზის განაკვეთი 2017 წლის იანვრამდე 1 ტონა (1300 ლიტრ) ბენზინზე 250 ლარს შეადგენდა, დიზელზე 150 ლარს. მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედების შედეგად ბიუჯეტში შემცირებული გადასახადების კომპენსირების მიზნით ბექნზინზე აქციზის ფასი 500 ლარი გახდა, დიზელზე კი 400. გასულ წელს პირდაპირი უცხოური ივესტიციების მოცულობა 15 წლიან მინიმუმამდე შემცირდა და ამ მინიმუმის 90%-იც რეინვესტირება იყო.

განსხვავებით სხვა, თუნდაც პირველადი მოხმარების პროდუქტისგან ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა გავლენას მთელს სამომხმარებლო კალათაზე ახდენს. მარტში ინფლაციამ ორწლიან მაქსიმუმს 7.2%-ს მიაღწია. მასში ბიუჯეტიდან სუბსიდირების მოტივით, გაძვირებული ელექტროენერგია ასახული არ არის. საქსტატის სადავო მეთოდიოლოგიას ეკონომისტთა დიდი ნაწილი არ ეთანხმება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბიუჯეტს გადასახადის გადამხდელები ავსებენ. გადასახადს კი ყველა იხდის, მათ შორის უმუშევარიც. მაღაზიაში რაიმეს შეძენისას +18% დღგ-ს სახით არა მეპატრონის, არამედ ბიუჯეტის ანგარიშზე ირიცხება. ელექტროენერგია ერთადერთი არა, მაღაზიის პურის ფასიც ხელოვნურად ტომარა ფქვილზე 15 ლარიანი სუბსიდიით ნარჩუნდება, სადაც სუბსიდია არ ვრცელდება, თონეებში პური 20%-ით 1.20 ლარამდე გაძვირდა.

აღსანიშნავია, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ისეთებზე როგორებიცაა, ყავა, ჩაი, შაქარი, ზეთი, სამედიცინო მომსახურება, ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია, რითაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირების მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის მარტამდე სოციალურად დაუცველ პირთა რაოენობა 110 000-ით 542 000-მდე გაიზარდა.

ნავთობზე გლობალურმა ფასების ვარდნამ 2020 წელს საქართვლოს იმპორტი თანხობრივად $259 მლნ-ით $498 მლნ-მდე შეამცირა. რაოდენობრივად კი პირიქით 0.9%-ით 1.106 მლნ ტონამდე გაიზარდა კიდეც. ბენზინის იმპორტი 0.7%-ით 540 ათას ტონამდე შემცირდა, დიზელის კი 2.5%-ით 566 ათას ტონამდე გაიზარდა. როგორც ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა “კომესანტთან” საუბარში განმარტა, კომენდანტის საათის გამო რეალურად მოხმარებაც შემცირდა და რაოდენობრივად გაზრდილი იმპორტი კომპანიებმა მარაგების შესქმნელად გამოიყენეს.

უახლოეს პერიოდში ლარის გამყარება, ან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საცალო ბაზარზე საწვავი თუ კიდევ არ გაძვირდა, გაიაფებით კი არ გაიაფდება.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title