“„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტმა ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა”

გარემოს დაცვითი კუთხით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ერთ-ერთი კარგად შესწავლილია, რომელმაც ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო იყო და დღესაც არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაწილში. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, ყველა ექსპერტი, რომელსაც აინტერესებს, თუ რა წერია კვლევებში, მათი ვალიდურობა, პროფესიულად რამდენად მაღალდონეზეა შესრულებული, მივწოდოთ ეს კვლევები. ისინი ჩაატარეს საერთაშორისო, კომპეტენტურმა ორგანიზაციებმა, კომპანიებმა, რომელთაც არაერთი ცნობილი საერთაშორისო პროექტისთვის აქვთ ჩატარებული კვლევები როგორც გეოლოგიური მიმართულებით, ასევე ჰიდროლოგიური და კლიმატის კუთხით“, – განაცხადა თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, კვლევები სამინისტროს საიტზეა განთავსებული და მათზე წვდომა ყველას შეუძლია.

თანდილაშვილმა ასევე ისაუბრა ზუთხის უნიკალურ სახეობაზე, რომლის კვლევას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია რიონის ხეობაში აწარმოებს.

მისი განმარტებით, „ნამახვანჰესის“ საპროექტო არიალამდე ატლანტიკური ზუთის სახეობა ვერ მიღწევს, რადგანაც „ვარციხეჰესისა“ და კიდევ რამდენიმე ჰესის სახით, ბუნებრივი ბარიერი აქვს გადასაადგილებლად. თუმცა, თანდილაშვილის განცხადებით, სამინისტრომ კომპანიას დაავალა, ზუთხის ამ სახეობის კონსერვაციისა და გამრავლებისთვის სახსრები გამოჰყოს.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply