ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

საპარტნიორო ფონდმა კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, იტალიური კომპანია Salini Impregilo ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს.  მათივე ინფორმაციით, წინამოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს სამშენებლო მოედანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას და სამშენებლო ტექნიკის მობილიზაციას. რაც შეეხება ძირითადი სამუშაოების დაწყებას, იგი დაგეგმილია 2016 წლიდან, თუმცა მშენებლობის ნებართვა 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე გაიცემა. მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, მთავრობის წევრებმა, კორეის რესპუბლიკის და იტალიის ელჩებმა და K Water-ისა და Salini Impregilo-ს ხელმძღვანელმა პირებმა.

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია – Salini Impregilo განახორციელებს.  პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის “ექსიმ ბანკი.” პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).

Leave a Reply

Menu Title