ჩვენ უნდა განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც ათწლეულები იქნებიან მომავალი თაობების სამსახურში

ჩვენ უნდა განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც ათწლეულები მომავალი თაობების სამსახურში იქნებიან

საქართველოს მთავრობა და კორეული კომპანია „K Water-ი” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის, „ნენსკრაჰესის” მშენებლობას იწყებენ – ჰიდროელექტროსადგურს დღეს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და კორეული კომპანია K-Water-ის წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი.

“დღეს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ეყრება საფუძველი.ეს არის ხელშეკრულებათა კომპლექსური პაკეტი, რომელსაც ხელს აწერენ, საპარტნიორო ფონდი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი ( ესკო) , საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და კორეული კომპანია კეივოთერ (K-Water). ეს პროექტი იქნება ერთერთი მნიშვნელოვანი, იმ პროექტებს შორის, რაც ბოლო წლებში განხორციელდა და სერიოზულ წვლილს შეიტანს სექტორის განვითარებაში.

მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ენერგეტიკის მნიშვნელობას ქვეყნის აღმშენებლობის ურთულეს საქმეში: ჩვენ უნდა განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც წლები, ათწლეულები იქნებიან ქვეყნის, ჩვენი მომავალი თაობების სამსახურში, როგორც ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების, პროგრესის გარანტები. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს იმ საფუძვლის შექმნა, რაც სტაბილურ და შეუქცევადს გახდის დაწყებული ეკონომიკური განვითარების ურთულეს პროცესს. ჩვენ ვართ ორიენტირებულნი შედეგზე და არა მომენტალურ ეფექტზე. დღიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობისა საქართველო არის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ძიების და მოპოვების პროცესში.

არასდროს ყოფილა ხელისუფლების გადაწყევტილებები ამ მოცემულობის, ამ საჭიროების ადექვატური, ჩვენ ჩავიბარეთ ურთულესი მდგომარეობა სოფლად, მთაში,…. კონკრეტულად ენერგეტიკაში და ზოგადად ეკონომიკაში. წლების მანძილზე ნადგურდებოდა ის რაც მემკვიდრეობით გვერგო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტების პარალელურად მოისპო მთელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა , რისი გამოყენებაც შეიძლებოდა ქვეყანაში დოვლათის შესაქმნელად. უყურადღებობით და უპატრონობით დაიცალა მთა, გაპარტახდა სოფლები თითქმის ყველა რეგიონში. ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი, რაც მთავარია სტაბილური და ეფექტური სტრატეგია როგორ განვითარდეს ქვეყანა, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში დამყარდეს შრომის დიქტატურა და ეს იყოს მუდმივი, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, მიუხედავად გარე ფაქტორებისა.

ჩვენმა მოსახლეობამ ორი ათეულ წელზე მეტია- იწვალა, გადაიტანა პოლიტიკური ომები, მავნებლური ინტრიგები თუ კლანური გადანაწილებები. დღეს ჩვენ, ჩვენი გუნდი- ქვეყნის მთავრობა ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითრებიზე, ჩვენი ინტერესი, მიზანი და ოცნებაა შევქმნათ ისეთივე სტაბილური, უზრუნველყოფილი ქვეყანა, როგორიც ევროპის ქვეყნებია! ისეთივე ჯანსაღი და თანამედროვე გარემო ქონდეს არსებობისთვის ჩვენს მოქალაქეებს როგორიც არის ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში. თითოეული ენერგოობიექტი ეს არის ერთი დადებული აგური ამ დიდ მშენებლობაში, ეს არის დასაქმებული ადამიანები, ეს არის მომავალში წარმოების და სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი, ეს არის დასაბამი კეთილდღეობის. ამიტომ ჩვენ ყველანი აღვსილნი ვართ სიამაყით, ვართ მოტივირებულები აბსოლუტურად ყველა, ვინც აქ ვიმყოფებით და ვინც ხვალიდან იმუშავებს ამ პროექტის განსახორციელებლად. ქვეყნის წარმატება თითოეული ჩვენგანის წარმატებაა, ჩვენი წარმატება კი ჩვენივე ხელით შეგვიძლია ყოველთვის შევქმნათ. გილოცავთ ყველას ვინც ამ პროექტში მონაწილეობთ, ყველას ვინც ხელი შეუწყო ქვეყნისთვის კიდევ ერთი სასარგებლო საქმის დაწყებას. გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას!” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

Leave a Reply

Menu Title