გადავადდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება?

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის ფარგლებში, 1-ლი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედდეს, სადაც მსხვილმა საწარმოებმა და გენერაციის ობიექტებმა ელექტროენერგიით უნდა ივაჭრონ.

თუმცა ბაზრის მონაწილეების ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნულ პლატფორმაზე ვაჭრობისთვის მზად არაა და უმჯობესი იქნება, თუკი რეფორმის ეს ნაწილი დროებით გადავადდება.

როგორც „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბარში ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ განაცხადა, ამ ეტაპზე პლატფორმა სატესტო რეჟიმში მუშაობს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ხარვეზი გამოიკვეთა, მათ შორის ბაზრის მონაწილეების მზაობის მიმართულებით. მისი თქმით, როგორც ბირჟის, ასევე ენერგეტიკის დარგის რეფორმის სხვა კომპონენტების დათქმულ ვადაში ამოქმედება ტექნიკურ და ასევე, ბაზრის მონაწილეების მზაობაზე იქნება დამოკიდებული.

„დავიწყეთ კომპლექსური ტესტირებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეები ვაჭრობენ როგორც ბირჟაზე, ასევე საბალანსო ბაზარზე. ეს სატესტო რეჟიმი გვაჩვენებს ყველაფერს და თუკი ამ პერიოდში რაიმე ისეთი პრობლემა გამოიკვეთა, რომელიც მეტ დროს მოითხოვს, ბუნებრივია, ჩვენ ამას მომზადებულები შევხვდებით. ქვეყნები ამ მოდელზე წლების განმავლობაში გადადიოდნენ, ჩვენ საკმაოდ ამბიციური ვადები გვაქვს აღებული. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბირჟა 1-ლი ივლისიდან სრულად ამოქმედდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენად მზად იქნებიან თავად კომპანიებიც“, – განაცხადა ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა.

ამასთან, სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 1-ლი ივლისიდან დამატებით 23 მსხვილი საწარმო თავისუფალ ბაზარზე უნდა გავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ელექტროენერგია პირდაპირ გენერაციის ობიექტებისგან ან ესკოსგან უნდა იყიდონ. კომპანიებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ენერგეტიკულ ბირჟაზე ივაჭრონ.  


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply