ნამახვანჰესის დილემა – ტესტი საქართველოსთვის

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” ნამახვანჰესთან დაკავშირებული მოსაზრებების განხილვას აგრძელებს და აღნიშნულს საკუთარ გვერდზე სტატიას უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

ნამახვანჰესის მშენებლობის გარშემო შექმნილი კრიზისი ქვეყნისთვის ისეთივე საზიანოა,
როგორც მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და პანდემიით გამოწვეული კრიზისები.
საზოგადოების ნაწილი ჩართულია პროექტის წინააღმდეგ ხანგრძლივ პროტესტში, ხოლო
მთავრობა კომუნიკაციის დეფიციტის პირობებში, ვერ უზრუნველყოფს სიტუაციის კრიზისიდან
გამოყვანას და ძალისმიერ მეთოდებს მიმართავს. შექმნილი მდგომარეობა სცილდება
ენერგეტიკის სფეროს, პოლიტიკურ ელფერს იძენს და უფრო ღრმა, უსაფრთხოების კრიზისს
აჩენს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჰესის ძალისმიერად აშენებას ან მშენებლობის
ძალისმიერად შეწყვეტას ქვეყნის მომავლისთვის დამანგრეველი ეფექტი ექნება.

ამავე დროს, შექმნილი მდგომარეობა, მხარეთა ფრთხილი და პასუხისმგებლიანი ქმედების
პირობებში, შეიძლება მიმართულ-იქნას საზოგადოებრივი ურთიერთობების, მართვის
მექანიზმების დახვეწისკენ, ცოდნის და პროფესიონალიზმის დანერგვის და ქვეყნის სწრაფი
განვითარებისკენ. მომავალი ერთი თვე დაანონსებულ აქციებამდე არის უმნიშვნელოვანესი
პერიოდი იმისთვის, რომ ყველა პასუხისმგებლიანი მხარე, დიალოგის საშუალებით, ეცადოს ამ
შესაძლებლობის გამოყენებას.

როგორია ნამახვანჰესის ენერგეტიკული ფასეულობა?

უპირველესად, გვინდა ხაზი გავუსვათ რომ კანონმდებლობის და ხელშეკრულების შესაბამისად,
ნამახვანჰესი იქნება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი
საწარმო, რომელიც ადგილობრივი რესურსით გამოიმუშავებს და საქართველოს ქსელს
მიაწვდის ელექტროენერგიას და გადაიხდის გადასახადებს. ის იმართება ცენტრალური
სადისპეტჩეროს მიერ და არა აქვს რაიმე უპირატესობა ექსპორტზე სხვა ჰესებთან შედარებით.
უფრო მეტიც, ზოგიერთი ჰესისგან განსხვავებით, არა აქვს გარანტირებული დაშვება
საექსპორტო ხაზებზე. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ნამახვანჰესი არ შეიტანს წვლილს
ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სრულიად უსაფუძვლოა.

ნამახვანჰესი არის 433 მეგავატიანი, წყალსაცავიანი კასკადური ჰესი, რომელმაც უნდა იმუშაოს
და ელექტროენერგია მიაწოდოს საქართველოს ენერგოსისტემას. მისი წლიური გამომუშავება
1500 გვტსთ საქართველოს 2020 წლის მოხმარების 12%-ია და ოთხჯერ აღემატება ქუთაისის 2020
წლის მოხმარებას. სადგურმა, სავარაუდოდ, უნდა იმუშაოს 100 წლის განმავლობაში და
გამოიმუშაოს დღევანდელი 400 ქუთაისის ან 12 საქართველოს წლიური მოხმარების ტოლი
ენერგია. წყალსაცავის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ნამახვანჰესს შეუძლია დამატებით
დაახლოებით 600მგვტ მზის და ქარის სიმძლავრეების ქსელში ჩართვის უზრუნველყოფა. რამაც
ამავე რაოდენობის დამატებითი ენერგია უნდა გამოიმუშაოს. ჯამში საუბარია დღევანდელი
საქართველოს მოხმარების დაახლოებით 20-მაგი მოცულობის ელექტროენერგიის საკუთარი,
განახლებადი წყაროებით გამომუშავებაზე,რაც საქართველოს განვითარებას და
კეთილდღეობას უნდა ემსახუროს საუკუნის განმავლობაში.

ნამახვანჰესი,იმპორტდამოკიდებულების და არსებული და მზარდი ელექტროენერგიის
დეფიციტის შემცირების საშუალებაა. 15 წლიანი გამოსყიდვის პერიოდის შემდეგ, ის გახდება
ადგილობრივი იაფი ენერგიის წყარო. სადგური შექმნის სისტემის ავარიულ რეზერვს და
შეინახავს წყლის მნიშვნელოვან რაოდენობას ენერგოდეფიციტის შესავსებად.

პიკური გამომუშავებით ჩაანაცვლებს ძვირ იმპორტს და გააძლიერებს საქართველოს
ენერგოსისტემის რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობებს.

კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით, ის მოგვცემს მოსალოდნელი გაზრდილი
წყალმოვარდნების და გვალვების დარეგულირების და წყლის რაციონალურად გამოყენების
საშუალებას. ასევე, დიდი რაოდენობით სათბური გაზების გაფრქვევების დაზოგვით,
დაგვეხმარება ევროკავშირის და გაეროს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში.
გაზრდის განახლებადი ელექტროენერგიის წილს და ამით საქართველოში წარმოებულ
ენერგოინტენსიურ ნაწარმს კონკურენტულს გახდის ევროკავშირის ბაზრებზე. ეს არის
შესაძლებლობები, რასაც სათანადო მუშაობით გამოყენება ესაჭიროება.

შეუძლებელია ამ პროექტის სრულფასოვნად ჩანაცვლება მზის, ქარის და მცირე
ჰიდროსადგურებით ვინაიდან ისინი ან უფრო ძვირია, ან ტექნიკურად შეუძლებელი და ვერ
უზრუნველყოფს ყველა ნახსენებ სარგებლებს. ნამახვანჰესის პროექტი უფრო მომგებიანია ასევე
ხუდონის და ნენსკრას წყალსაცავიან პროექტებთან შედარებით.

მოყვანილი გარემოებები აჩვენებს რომ ნამხვანჰესი საქართველოს ენერგეტიკის ერთერთი
უმნიშვნელოვანესი პროექტია და მისი ფასეულობიდან გამომდინარე, მის აშენება-არაშენების
საკითხი სათანადო ყურადღებას და გულისხმიერებას იმსახურებს.

რას გამოიწვევს არსებული პროცესის გაგრძელება?

მიმდინარე დაპირისპირების გაგრძელება და პროექტის ძალისმიერი მეთოდებით მშენებლობა
სავარაუდოდ გამოიწვევს პროტესტის შემდგომ ესკალაციას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ
არასტაბილობას, საზოგადოებრივი ძალების ფლანგვას შიგა წინააღმდეგობებზე და ქვეყნის
შემდგომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დასუსტებას.

თავის მხრივ პროექტის დაუსაბუთებელი შეწყვეტა გამოიწვევს პროექტის სარგებლების
დაკარგვას, არბიტრაჟს და სანქციებს, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუარესებას, ქვეყნის
საინვესტიციო მიმზიდველობის დაკარგვას, სამეზობლოში საგარეო ურთიერთობების
გაუარესებას, ევროკავშირთან ინტეგრირების პერსპექტივების შეკვეცას. ეს აისახება ასევე სხვა
მშენებარე ობიექტებზე, სადაც ანალოგიურ პროტესტებს იგივე აქტორები მართავენ.
ინფორმირებული მოქალაქეების და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ძნელი ასახსნელი
იქნება, თუ რატომ ირჩევს საქართველო ენერგეტიკული უმწეობის გზას, რთულ სამეზობლოში,
საკუთარი უსაფრთხოების საზიანოდ. რატომ არ ასრულებს ასოცირების შეთანხმების ერთერთ
პრიორიტეტს და არ მონაწილეობს კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში, რატომ არ
ემზადება ამ ცვლილებისათვის თვითონ?

შესაბამისად, პროცესის არსებული ფორმით გაგრძელებას ყველა შემთხვევაში უდიდეს ზიანთან
მივყავართ. დაპირისპირება კი მხოლოდ მტრის ინტერესებს ემსახურება.

რა უშლის ხელს სიტუაციის დარეგულირებას?

საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები, პროექტის ტექნიკური საფრთხეების, გარემოზე
ზემოქმედების, მისი სტრატეგიული დასაბუთების, პროცესის გამჭვირვალობის, სახელმწიფო
დათმობების მიზანშეწონილობის, პროცედურების დაცვის და სხვა მრავალ საკითხთან
დაკავშირებით. კითხვებზე გაცემული პასუხები კი ან არადამაჯერებელია, ან ვერ აღწევს
ადრესატამდე. აშკარაა სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაციის და მართვის დეფიციტი. იქმნება
შთაბეჭდილება, რომ ის ვერ ახერხებს პროტესტის მონაწილეებთან პირდაპირ დიალოგს და
იშველიებს ექსპერტთა საბჭოებს ან უცხოურ კომპანიებს, რაც, პროტესტის მომხრეთა
ჩართულობის გარეშე, ისევ მონოლოგის და არა დიალოგის გზაა.

დიალოგს ხელს უშლის ისიც, რომ ჰესის „მომხრეებად“ და „მოწინააღმდეგეებად“ დაყოფილი
საზოგადოება და სხვადასხვა ინფორმაციას ფლობს. ჰესის კრიტიკოსთა კითხვების დიდი
ნაწილი ჰესების საწინააღმდეგო ცრუ ინფორმაციით, ან ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით
არის გამოწვეული. არასწორი ინფორმირებით ხდება საზოგადოების პოლარიზება და დეზორიენტაცია
რითაც ქვეყანას ბევრად მეტი ზიანი ადგება, ვიდრე კონკრეტული პროექტის ჩაშლაა.

პროტესტის მონაწილეები და მომხრეები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. სამწუხაროდ
პროტესტის მონაწილეებს ნაკლებად ჰყავთ საკმარისი პროფესიული ცოდნით აღჭურვილი,
მიუკერძოებელი და კონსტრუქციულად განწყობილი, წარმომადგენლები. ის ორგანიზაციები და
პირები, ვინც ამ ფუნქციას კისრულობენ, ზოგჯერ მცდარი ინფორმაციით და მიკერძოებით მეტ
დაპირისპირებას და არა საგნობრივ დიალოგს უწყობენ ხელს. ამის მაგალითია თუნდაც
ხელშეკრულების მუხლების არასწორი და განმეორებითი ინტერპრეტაცია ან პროექტის
რისკების აჟიტირება.

სამწუხაროდ მიმდინარე პროცესი დამყარებულია დაპირისპირებაზე, სადაც კომუნიკაციის და
თანამშრომლობის დეფიციტის პირობებში ფაქტები და პროფესიული სიმართლე გადასულია
უკანა პლანზე ან სრულიად უგულებელყოფილია. პროექტის მიმართ დასმული კითხვები
ძირითადად გამოიყენება მხოლოდ პროექტის შეჩერების და არა მისი გაუმჯობესების
მოთხოვნის გასამყარებლად. რაც არასწორია: პროექტზე სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება
არ შეიძლება იყოს ცალმხრივი. ის უნდა ითვალისწინებდეს ენერგეტიკულ, ეკონომიკურ,
გარემოსდაცვით, პოლიტიკურ და უსაფრთხოების ასპექტებს ქვეყნის ძირეულ ფასეულობებს,
ადგილობრივ და საქვეყნო ინტერესებს. საჭიროა არა მხოლოდ მშენებლობის, არამედ მისი
შეწყვეტის საფრთხეების ყოველმხრივი შეფასებაც.

ამ პირობებში კიდევ უფრო დასაფასებელია რიონის ხეობის მცველების თავშეკავებული და
მოზომილი ქმედება, რაც მათ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

რაშია გამოსავალი?

ნამახვანჰესი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და, სწორად აშენების შემთხვევაში,
უდიდეს სარგებლის მოტანა შეუძლია, არასწორი აშენებით ან მის გარშემო შექმნილი
დაპირისპირების ძალისმიერი გადაწყვეტით კი ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
დაპირისპირების საფუძველია მხარეთა განსხვავებული ხედვა პროექტის რისკებისა და
სარგებლის შესახებ, რისი აღმოფხვრაც შესაძლებელია მხოლოდ ობიექტური, პროფესიული
ინფომრაციით, მეცნიერებასა და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით. საკითხის
პოლიტიზირება მხოლოდ შემდგომ დაპირისპირებას იწვევს და ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.

ჩვენი ღრმა რწმენით პროექტის მიმართ დასმულ საკითხებს შორის არ არის ისეთი, რომელიც
სურვილის შემთხვევაში, მუშაობით (და არა ბრძოლით), ვერ დაიძლევა. ასეც რომ არ იყოს, და
პროექტს გამოუსწორებელლი ხარვეზები ჰქონდეს, კრიზისის სამუშაო გარემოში გადაყვანით
შეიძლება უამრავი სისტემური სარგებლის მიღება. მათ შორის ავამაღლოთ პროექტების
გამჭვირვალობა, ხარისხი და ანგარიშვალდებულება, გავაუმჯობესოთ ენერგეტიკის მართვის და
დაგეგმვის ხარისხი, გარემოსდაცვითი კვლევების და პროცედურების ხარისხი; გადაიხედოს
რეგიონული განვითარების პოლიტიკა ადგილობრივი თქმების სასარგებლოდ; დაფასდეს
პროფესიული ცოდნა, მეცნიერული კვლევა და განათლება; საზოგადოებამ გამოიმუშავოს
იმუნიტეტი დეზინფორმაციის მიმართ, და რაც მთავარია, ჩვენი მწირი ენერგია და რესურსი
დაიხარჯოს არა შიგა დაპირისპირებაზე არამედ განვითარებაზე.

ამისთვის ჩართულმა მხარეებმა, და უპირველესად მთავრობამ, მაქსიმალური პასუხისმგებლობა
და ძალისხმევა უნდა გამოჩინონ მდგომარეობის დასარეგულირებლად. უახლოესი პერიოდი
დაგეგმილ აქციებამდე ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პასიურობა ან დიალოგის
უარყოფა რომელიმე მხარის მიერ სრულიად გაუგებარი და მიუღებელი იქნება.

საჭიროა ადგილობრივი სპეცილიასტები და მეცნიერები მეტი პასუხისმგებლობით, ჩაერთონ
ობიექტურ სამეცნიერო და პროფესიულ განხილვაში და მისი არსი მიუკერძოებლად მიიტანონ
მხარეებთან. საზოგადოების ცნობადმა სახეებმა და პოლიტიკოსებმა სასურველია ხელი შეუწყონ
კონსტრუქციულ დიალოგს და სამუშაო პროცესს, ხოლო პოზიციები დააფიქსირონ სრულფასოვან
პროფესიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. პროტესტის მონაწილეებმა სასურველია
გაითვალისწინონ მდგომარეობის სენსიტიურობა და მეტად ჩაერთონ დიალოგში, მეტი მზაობით
განიხილონ განსხვავებული მოსაზრებები. უმთავრესი პასუხისმგებლობა კი აქვს სახელმწიფოს
რათა პროტესტის მონაწილეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მაქსიმალური გამჭვირვალობის
პირობებში, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სანდო და თანამონაწილეობრივი დიალოგი,
ადგილობრივი და საჭიროებისამებრ უცხოელი ექსპერტების ჩართულობით.

ნამახვანჰესის დილემაა – გავაგრძელოთ დამანგრეველი დაპირისპირება, თუ ერთად გავიაზროთ
ქვეყნის ინტერესები და შევუდგეთ მათ განხორციელებას; გავიმარჯვოთ ერთმანეთზე და
ქვეყანაზე, თუ გავიმარჯვოთ ერთად და ქვეყნისთვის.

გვინდა მშვიდობა, წარმატება და ერთად გამარჯვება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას და ყველა მის
მოქალაქეს.

წყარო: weg.ge


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply