თინა ხიდაშელი: ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს

თინა ხიდაშელი: ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. თინათინ ხიდაშელი თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში (RUSI) სიტყვით გამოვიდა. 

საჯარო გამოსვლისას მან თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევების, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილის, ნატო-საქართველოს ურთიერთობების და ტერორიზმთან ბრძოლაში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო განსაკუთრებულ ინტერესს იძენს მსოფლიოსთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის რეგიონში გამორჩეული ქვეყანა საკუთარი მისწრაფებებითა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით, არამედ, ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც. საქართველოს უსაფრთხოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ენერგოდერეფნის კონტექსტში, რკინიგზის კონტექსტში, რომელიც ჩინეთს ევროპასთან დააკავშირებს, მომავალი შესაძლებლობების კონტექსტში, რასაც ირანთან და დასავლეთ ევროპის და აშშ-ის მხრიდან შეთანხმების მიღწევის პირობებში შეიძლება ელოდებოდეს სამყარო. ეს, ალბათ, არის მიზეზიც და შედეგიც ყველა იმ პრობლემისა, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა. როგორც ჩანს, რუსეთისთვის სრულიად წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ მის კონტროლს მიღმა არსებობდეს ასეთი თავისუფლების დერეფანი, არსებობდეს ტერიტორია, რომელსაც ვერ აკონტროლებს, რომელზეც გავლენა არ აქვს, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ამასობაში ეს დერეფანი გამოყენებულია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, აზიის და ევროპის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის, ტვირთბრუნვისთვის, ვაჭრობისთვის, წარმატებისთვის.

როგორც რუსეთის ინტერესია ნათელი და ცალსახა ამ შემთხვევაში, ასეთივე ნათელი და ცალსახა უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების და იმ ქვეყნების ინტერესები, რომლებიც მოსარგებლე არიან ამ თავისუფლების დერეფნით. ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი არგუმენტია ჩვენს ხელში, რომელიც ხმამაღლა, ყველა ფორუმზე რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ პრაქტიკული მიზეზი, თუ კიდევ რატომ უნდა იდგნენ საქართველოს გვერდით, გარდა იმ დიადი მიზნებისა, რომელიც დემოკრატიის, ევროპული მისწრაფებების და ერთიანი ევროპული ოჯახის გაფართოებას მოიცავს“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

Leave a Reply

Menu Title