ჰესი და ქართული საზოგადოება

იმის მიუხედავად, რომ ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებს კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაინც ვთვლი, რომ მათი აქცია შეიძლება სასარგებლო სოციალურ და პოლიტიკურ გამოცდილებად გარდაიქმნას. ვერ ვამტკიცებ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამე ვისწავლეთ თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს, ბევრმა ადამიანმა თავს რაღაც შეკითხვები ცოტა სხვანაირად დაუსვა და რაღაცას სხვა თვალით შეხედა. 

აშენდეს თუ არა ჰესები?

ერთ შედეგს იმაში ვხედავ, რომ განათლებულ საზოგადოებაში რამდენადმე ნაკლებ მისაღები გახდა დებულება, რომ ნებისმიერი დიდი ჰესის მშენებლობა მიუღებელია და ქარის და მზის ენერგიით უნდა დავკმაყოფილდეთ. თუ ეს დაკვირვება სწორია, ის მხოლოდ ენერგეტიკის საკითხებს არ ეხება – ეს საღი აზრის გამარჯვებაა. თუ ადამიანებს უნდათ, ელექტროენერგია ჰქონდეთ და, ზოგადად, ხალხი სიღარიბის გამო ქვეყნიდან არ გარბოდეს, სამოქალაქო ენერგიას მხოლოდ პროტესტებში არ უნდა ხარჯავდეს. პოზიტიური წარმოდგენაც უნდა გვქონდეს, ქვეყანა ეკონომიკურად როგორ განვითარდეს. ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით არ გამოვირჩევით, მაგრამ, როგორც მცოდნე ხალხი დიდი ხანია ამბობს, ჰიდროენერგეტიკის განვითარება ჩვენი ბუნებრივი ეკონომიკური ნიშაა. შეგვიძლია, მის გამოყენებაზე მაინც უარი ვთქვათ, მაგრამ ამას ძლიერი არგუმენტები და კონკრეტული ალტერნატივის შემოთავაზება სჭირდება.  

ქართული ოცნების მართველობის წლებში ვნახეთ, რომ პრაქტიკულად ყველა ჰიდროენერგეტიკული პროექტი ჩავარდა და ეს “სახალხო” პროტესტების შედეგად მოხდა. სიტყვა “სახალხოს” ბრჭყალებში ვსვამ არა იმიტომ, რომ მოპროტესტეებს ხალხად არ ვთვლი, არამედ ეჭვის ქვეშ ვაყენებ მათ უფლებას, ზოგადად ხალხის სახელით ილაპარაკონ. ცალკეულ შემთხვევაში ოპონენტები სხვადასხვა მიზეზებს ასახელებდნენ, მაგრამ ჯამში ზოგადი განწყობა შეიქმნა: საქართველოში ჰესები არ უნდა აშენდეს. ქარისა და მზის ენერგიაზე ზოგადი მითითებების იქით, მოპროტესტეებს დიდად არ შეუწუხებიათ თავი იმაზე ლაპარაკით, აბა რა უნდა აშენდეს და საერთოდ, რით უნდა გაიტანოს ქვეყანამ თავი. 

ცხადია, ასეთი პროექტების განხორციელებისას სახელმწიფოებმაც და ინვესტორებმაც მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ მშენებლობის რეგიონში მცხოვრები ადამიანების კონკრეტული ინტერესები და უზრუნველყონ, რომ მათ, როგორც მინიმუმი, ეკონომიკური ზიანი არ მიადგეთ და, მეტიც, რაღაც სარგებელი ნახონ. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ პრეტენზიები მაინც ყოველთვის იქნება. რაღაც ტერიტორია, სადაც ადრე სოფელი, სასაფლაო თუ საძოვარი იყო, დაგუბებული წყლის ფსკერზე აღმოჩნდება – ვიღაცას ამის გამო ემოციური პროტესტი გაუჩნდება, ან უფრო დიდი კომპენსაციის იმედით გამოთქვამს უკმაყოფილებას. მეორეს მხრივ, გამოჩნდებიან იდეოლოგიურად მოტივირებული აქტივისტები, ვინც პროტესტში მონაწილეობით მორალური კაპიტალის მოპოვებას ეცდება (ამას ვინმეს საკრიტიკოდ არ ვამბობ – ჩვეულებრივი ამბავია). 

ცხადია, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ლეგიტიმური ეკოლოგიური წუხილები. ყველა ჰესის მშენებლობა გარემოში რაღაცას ცვლის. გარემოს დამცველებმა ეს ცვლილება შეიძლება “ზიანად” მონათლონ. ზოგ შემთხვევაში, ალბათ, სამართლიანად; ხანდახან, მათი შიშები გაზვიადებულია. არაპროფესიონალებს არა გვაქვს საშუალება, წინასწარ შევაფასოთ ეკოლოგიური პროგნოზების საფუძვლიანობა. მაგრამ შეგვიძლია შევაფასოთ ის გარემოსდაცვითი შედეგები, რაც უკვე აშენებულმა ჰესებმა მოიტანა. ჯერჯერობით არ გამიგია, რომ წარსულ მშენებლობებს რაღაც კატასტროფა მოჰყვა. 

“შენ წაიკითხე ხელშეკრულება?”

პროტესტის თბილისში გადმოტანამ და მისმა განსაკუთრებულმა რადიკალიზმმა (“ქალაქის პარალიზებას მოვახდენთ, თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებთ”) არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დედაქალაქის მხარდაჭერა ისეთი დიდი არ აღმოჩნდა, როგორც ორგანიზატორები იმედოვნებდნენ. არც ერთმა დიდმა პარტიამ, გარდა ულტრანაციონალისტებისა, პროტესტს სოლიდარობა არ გამოუცხადა. მიხეილ სააკაშვილმა “რიონის მცველებს” კიევიდან კომპლიმენტები კი გამოუგზავნა, მაგრამ მის პარტიას დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენია. მხარდაჭერა მხოლოდ მემარცხენე ინტელექტუალებისგან ან ნატივისტურად განწყობილი ჯგუფებისგან წამოვიდა, თუმცა მათაც გვერდიგვერდ დგომა დიდად არ ესიამოვნათ.

ამ ფონზე, მოპროტესტეები თავდაცვის პოზიციაზე აღმოჩნდნენ: ზოგადად ჰესებს კი არ ვაპროტესტებთ, არამედ ამ კონკრეტულ ხელშეკრულებას, რომელიც “კაბალურია” და, შესაბამისად, ხელისუფლების არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს. ფოკუსის დაკონკრეტება უკვე კარგია: საგნობრივი კამათის შანსი ჩნდება. მაგრამ ასეთ კამათს პრობლემაც ახლავს თან: მას სპეციფიკური კომპეტენცია და კონკრეტულ საკითხებში გარკვევა სჭირდება. როგორც ამ დღეების დისკუსიებიდან თავად გამოვცადე, კომპეტენციის საჭიროებაზე მითითება განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს. როცა ვწერდი, რომ საკმარისი არ ვიცი, რათა ამ კონკრეტული პროექტის ავ-კარგი შევაფასო, აღშფოთებულ შეძახილს მაგებებდნენ: როგორ, ხელშეკრულება არ წაგიკითხავს? იგულისხმებოდა არა მხოლოდ 250-გვერდიანი დოკუმენტის გაცნობის მორალური ვალდებულება, არამედ დაშვება, რომ ნებისმიერი ადამიანი ადვილად გაერკვევა მის არსში. მე სხვანაირად ვიცი: ამგვარი ხელშეკრულებების ინტერპრეტაცია მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, რომლის მოპოვებასაც ადამიანები წლებს ახმარენ. ეს ნიშნისმოგებით მოგდებული “ხელშეკრულება წაიკითხე” წარმოაჩენს საკმაოდ ზერელე წარმოდგენას იმაზე, თუ რას ნიშნავს “საკითხის ცოდნა”. 

სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ არაპროფესიონალებიც არ უნდა ვეცადოთ, გავერკვეთ, ხელისუფლება ჩვენს ზურგს უკან ჩვენს ინტერესებს ხომ არ ღალატობს. ამისთვის მცოდნე ადამიანებმა ეს დოკუმენტი უნდა განგვიმარტონ და მისი პოზიტიური თუ საფრთხის შემცველი მხარეები დაგვანახვონ. 

ამ ამოცანის შესრულება იკისრა ორგანიზაციამ სოციალური სამართლიანობის ცენტრი (სსც), რომელმაც მარტის დასაწყისში ხელშეკრულების 27-გვერდიანი შეფასება გამოაქვეყნა. მისი ძირითადი აზრი ისაა, რომ სახელმწიფო, ჩვენი ინტერესების ხარჯზე,  ზედმეტად ბევრს უთმობს პროექტის განმახორციელებელ კომპანიას. თუმცა, ის ცალსახად მაინც არ ასკვნის, რომ ქვეყნის ინტერესები მთლიანობაში დაზარალდა: ღიადაა დატოვებული შესაძლებლობა, რომ პროექტის განხორციელებისგან მიღებული სტრატეგიული სარგებელი ზედმეტი დათმობებისგან მიღებულ ზარალს გადაწონის. მოგვიანებით, ეკონომიკის სამინისტრომ უპასუხა ორგანიზაციის შეფასებას და სცადა, დაემტკიცებინა, რომ ხელშეკრულება გაცილებით უკეთ იცავს ქვეყნის ინტერესებს, ვიდრე სსც ამას წარმოადგენს; ამას პასუხის პასუხი მოჰყვა. 

სსც-ს ინიციატივამ შექმნა შანსი, რომ დისკუსია ზოგადი ლოზუნგების სროლიდან (როგორიცაა, მაგალითად, “მშობლიური მიწის დაცვა”) კონკრეტული საკითხების განხილვაზე გადართულიყო. ხსენებული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ მეც შემიძლია, ვთქვა, რომ რაღაც წარმოდგენა მაქვს ამ პროექტზე. მხარეების კონკრეტული არგუმენტების შეფასებას ვერ შევუდგები და ვერც თავს მივცემ ამის უფლებას (ვაღიარებ, ზოგ შემთხვევაში სსც-ის პრეტენზიები უფრო საფუძვლიანი მეჩვენა, ზოგან – სამინისტროს პასუხი). მაგრამ ამ განხილვიდან ცხადი ხდება, რომ რაიმე ექსტრაორდინარულ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს. არ ვიცნობ ამგვარი ხელშეკრულებების დადების საერთაშორისო პრაქტიკას (რაც ნებისმიერი შეფასებისთვის აუცილებელია), მაგრამ იმდენი კი ვიცი, რომ როდესაც მთავრობა დაინტერესებულია მსხვილი ინვესტიციის მოზიდვით, მან ინვესტორს მისთვის მომგებიანი პირობები უნდა შესთავაზოს. ისიც ვიცი, რომ ჰიდროენერგეტიკა ის სექტორია, სადაც ასეთი ინვესტიციების მოზიდვის შედარებით დიდი შანსი არსებობს. ზოგადად, ამ მთავრობის პროფესიონალიზმზე მაღალი აზრის არა ვარ და მას ხანდახან, არცთუ მოფერებით, “უნიათოს” ვუწოდებ. მაგრამ სსც-ის დასკვნაში ვერაფერი ამოვიკითხე ისეთი, რაც ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, შეშფოთებას გამოიწვევდა. ამ ხელშეკრულებაში ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამე რომ წერებულიყო, ეს ორგანიზაცია ამას არ დამიმალავდა. 

ზედმეტი ზოგადობა რომ არ დამბრალდეს, კონკრეტულ მაგალითსაც მოვიყვან. სსც ხელშეკრულებას ნაკლად უთვლის იმას, რომ ის კატეგორიულად არ ავალდებულებს კამპანიას, დასაქმებულთა რაღაც კვოტა (მაგ. 70 ან 80%) აუცილებლად საქართველოს მოქალაქე იყოს. ტექსტში შესულია მხოლოდ “რბილი” ვალდებულება: “კომპანია მიმართავს ყველა კომერციულად გონივრულ მცდელობას, რომ სადგურებზე დასაქმებულთა საშუალოდ 70% იყოს საქართველოს მოქალაქე. ეს პირობა დამოკიდებულია საკმარისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც კომერციულად იმავე პირობებით იმუშავებდნენ, როგორც უცხოელები”. რატომ არ აკმაყოფილებს ეს სსც-ს? ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, კვალიფიციური თანამშრომლები ჰყავდეს. სამწუხაროდ – ეს კარგად ვიცით – შესაძლებელია, გარკვეულ სფეროებში მან საქართველოს მოქალაქეებს შორის ასეთი კადრები მოცემულ მომენტში ვერ იპოვოს. რამდენად სამართლიანია, მას არაკვალიფიციური თანამშრომლის აყვანა დავაძალოთ? რატომ ველით, რომ სერიოზული კომპანია ასეთ პირობებზე წამოვა?  

მაგრამ ამ შემთხვევაშიც აშკარაა, რომ რეგიონის მოსახლეობას დასაქმების ახალი რეალისტური შანსი ექმნება. ნებისმიერ კომპანიას ურჩევნია, ადგილობრივი მუშა-ხელი დაასაქმოს, რადგან ეს უფრო იაფია (სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი მაინცდამაინც მაღალ ხელფასებს შეჩვეული არაა – რაც ამ შემთხვევაში უპირატესობაა). მართალია, კომპანიას ადგილობრივი მუშახელის გადამზადების ფორმალური ვალდებულება არა აქვს, ეს საქმე საქართველოს პროფესიული განათლების სისტემასაც შეიძლება დაეკისროს. 

უკეთესი ვარიანტის წარმოდგენა ყოველთვის შეიძლება. მაგრამ ის, რაც სსც-ის ანგარიშში წავიკითხე, არანაირად არ მაფიქრებინებს, რომ ამ პროექტის განხორციელებით ქვეყანამ რაიმე პრინციპულად არასწორი ნაბიჯი გადადგა. 

“ყველანი ციხეში!”

ვისურვებდი, სამინისტროს პასუხის ავტორს თავი შეეკავებინა ისეთი სიტყვების ხშირი გამოყენებისგან, როგორიცაა “არაკომპეტენტური”, “დილეტანტური”, “სპეკულატური” და ა. შ. (სსც-ის საწყისი დოკუმენტი გაცილებით უფრო კორექტული იყო). თუმცა ქართული სტანდარტებით არასამთავრობო ორგანიზაციის და სამინისტროს პოლემიკა მაღალი ცივილიზებულობის ნიმუშია. 

სსც-ის დასკვნა “რიონის მცველთა” მოთხოვნების და რიტორიკის რადიკალიზმს არაფრით ამართლებს. თბილისში გამართული აქციის მოთხოვნების თანახმად, ხელშეკრულება სასწრაფოდ უნდა დავხიოთ, ხოლო ადამიანები, ვინც პასუხს აგებს მის საქართველოს მხრიდან ხელმოწერაზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივცეთ (სიტყვასიტყვით: მათზე “საქმეები უნდა აღიძრას”). საჯარო მოხელეთა გადაწყვეტილებები აპრიორი კრიმინალურად (სავარაუდოდ, კორუფციულად) ცხადდება. 

ასეთი დიდი პროექტების შემთხვევაში კორუფციული გარიგებების ეჭვი ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მოძრაობის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის მიმართაც გამოითქვა ბრალდებები, რომ მის უკან, ერთი მხრივ, ქურდები, მეორეს მხრივ კი – რუსეთის “გაზპრომთან” დაკავშირებული პირები დგანან. რითაა ეს ეჭვი ნაკლებ საყურადღებო? ეს არახალია: ქართველები პროფესიულად ეჭვიან ერად ჩამოვყალიბდით, ჩვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი აუცილებლად კრიმინალად ან მტრის მოსყიდულად წარმოგვიდგენია. მდგომარეობას ართულებს ის, რომ ხანდახან ასეც შეიძლება აღმოჩნდეს; მაგრამ ნებისმიერ ბრალდებას მაინც დასაბუთება სჭირდება. 

დიდი იმედი არა მაქვს, რომ ამის შემდეგ ამას ვისწავლით. მაგრამ იმ აზრს მაინც უნდა შევეჩვიოთ, რომ ეკონომიკური პროექტების შეფასებას პროზაული და კომპეტენციაზე აგებული ანგარიში სჭირდება და არა პატრიოტული თავდადება. ზოგადად, პატრიოტიზმიც გვჭირდება და თავდადებაც, მაგრამ ეს ის სფერო არაა.

წყარო: “ტაბულა”

Leave a Reply