გიორგი ჩიქოვანი: ელექტროენერგეტიკის ინფრასტრუქტურისა და შიდა გენერაციის წყაროების განვითარება არის ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა

ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეებისგან სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის შენიშვნა, რომ საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული, თუ რეალურად რამდენი ელექტროენერგია სჭირდება ქვეყანას, რა წყაროებით შეიძლება აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება და რომ შეიძლება სულაც არ არის აუცილებელი დამატებით ამდენი ჰიდროპროექტის მშენებლობა და არსებული გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციის შემდეგ, ასევე მზისა და ქარის რესურსების დახმარებით, თავისუფლად შეძლებს ქვეყანა ხსენებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ „ენერგონიუსი“ ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს გიორგი ჩიქოვანს დაუკავშირდა.

ჰესების მშენებლობის მოწინაღმდეგეები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოს არ გააჩნია რაიმე გეგმა, რომელის მიხედვითაც იქნება განსაზღვრული, თუ რეალურად რამდენი ელექტროენერია სჭირდება ქვეყანას, რა წყაროებით შეიძლება აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება, ასევე მზისა და ქარის რესურსების დახმარებით, თავისუფლად გაუმკლავდებიან აღნიშნულს?

საქართველო წლების განმავლობაში მზარდ ენერგოდეფიციტს განიცდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის მოთხოვნას საკუთარი რესურსებით (ქვეყნის შიგნით მოქმედი გენერაციის წყაროებით) ვერ იკმაყოფილებს და იმპორტს საჭიროებს, ხოლო ელექტროენერგიაზე მოთხოვნა კი ყოველწლიურად 5%-ით იზრდება. მხოლოდ 2020 წელს საქართველომ 1 610 100 000 კვტ.სთ ოდენობის ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. განახლებადი რესურსების სწორი ათვისება აუცილებელია ენერგოდეფიციტის აღმოსაფხრელად და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გადამცემი სისტემის ოპერატორის – ს/ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან – ს/ს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსთან“ და შ.პ.ს. „ენერგოტრანსთან“ შეთანხმებით ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა ეს არის ქვეყნის გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის გაძლიერების დროში გაწერილი პროგრამა, რომელიც წარმოადგენს პასუხს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, მომავალი გამოწვევების საპასუხოდ და შესაძლებლობების განსახორციელებლად. ის ასახავს საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ადეკვატურ განვითარებას, მომავლის დამაჯერებელი სცენარების შესაბამისად. ამ დოკუმენტში შესაძლებელია ნახოთ თუ რეალურად როგორ იზრდება ელექტროენერიაზე მოხმარება. რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და  რა პოტენციურად დაგეგმილი პროექტებით/წყაროებითარის შესაძლებელი აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება.

ასევე ხშირად გაისმის უკმაყოფილება, რომ არ ხდება განახლებადი ენერგიების ისეთი რესურსების, როგორიცაა მზე და ქარი, სათანადოდ ათვისება. ხსენებული მიმართულებით თუ იგეგმება ახალი პროექტების განხორციელება?

ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულად მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი წყლის რესურსს ანუ ჰიდროენერგორესურსებს უჭირავს. თუმცა მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს როგორც ქარის ასევე მზის ენერგიის კუთხით. სწორედ არსებული პოტენციალიას ათვისება არის მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.  

ქარისა და მზის გენერაცია დღის ჭრილშიც კი მკვეთრად ცვალებადია. ამიტომ მოხმარება-მიწოდების ბალანსის შესანარჩუნებლად საჭიროა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სწრაფმოქმედი რეზერვების არსებობა. გარდა ამისა, ქარის და მზის სადგურებს არ გააჩნიათ „ინერცია“, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს ავარიებს. შესაბამისად, მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან დიდი სიმძლავრეების ინტეგრაციის შემთხვევაში, თუ სისტემაში არ იქნება საკმარისი რეზერვების და ინერციის წყაროები, გაიზრდება ავარიების რაოდენობა და მომხმარებლების შეზღუდვის რისკი. ამიტომ ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობის უზრუნველსაყოფად, უნდა მოხდეს წყალსაცავიანი ჰესების და მზის და ქარის ელექტროსადგურების ჰარმონიული განვითარება.

იმისათვის რომ მზისა და ქარის ენერგიის წყაროების ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში ინტეგრაცია საქართველოს ენერგოსისტემისათვის გამოწვევებიდან გადაიქცეს შესაძლებლობებად, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ შეისწავლა განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციის შესაძლებლობას, ევროპული საკონსულტაციო კომპანია DIgSILENT-ის დახმარებით. უნდა იქნას შესწავლილი, რა მაქსიმალური სიმძლავრის ქარისა და მზის ენერგიის სადგურების ინტეგრირებაა შესაძლებელი, ქსელის საიმედო და მდგრადი მუშაობის შენარჩუნების პირობებში.

ამ ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის პორტფელში იდენტიფიცირებული და განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა ჯამში 80 მგვტ სიმძლავრის მზის პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ხოლო რაც შეეხება ქარის ენერგიას ამ ეტაპზე ფონდის პორტფელში განვითარების ეტაპზეა 4 ქარის ელექტროსადგურის პროექტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ჯამური სიმძლავრით 310 მგვტ.

ზოგი ენერგეტიკოსი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ გარკვეული ჯგუფების მხრიდან აწყდებიან დიდ წინააღმდეგობას არა მხოლოდ ყველს მასშტბის ჰესების, არმედ მზისა და ქარის ობიექტების მშენებლობის დროსაც, თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას და თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მსგავს პროტესტს?  

ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განვითარების კუთხით გარკვეული მოწინააღმდეგეთა ჯგუფების მხრიდან შექმნილი  არსებული მდომარეობა პრობლემას უქმნის არა მხოლოდ დიდი მასშტაბის არამედ მცირე და საშუალო ზომის ელექტროსადგურების განხორციელებასაც. რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის კუთხით. მაგალითად შეგვიძლია მოვიყანოთ ლოპოტა ჰესის პროექტი, რომელიც ასევე სოციალური პროებლემებიდან გამომდინარე 2 წელია დაპაუზებულია. პროექტის დეველოპეროა ქართულ-იტალიური კომპანია შპს ,,ართანა-ლოპოტა“ რომელიც 10 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ცდილობს კონკრეტული პროექტის ფარგლებში. ეს არ არის დიდი მასშტაბის ჰიდროელექტრისადგურის პროექტი, თუმცა მიუხედავად ამისა არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე პროექტის მშენებლობა 2019 წლიდან შეჩერებულია.

ზოგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის ისეთ დარგებს, როგორიცაა ბიოენერგია და განსაკუთრებით გეოთერმული ენერგია, საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს. თუ იგეგმება რაიმე პროექტის განხორციელება ან თუნდაც კვლევითი სამუშაოების ჩატარება აღნიშნული მიმართულებით?

ჩვენს ქვეყანას ალტერნატიული ენერგიის ათვისების კუთხით საკმაოდ საინტერესო პოტენციალი აქვს. სს ,, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა ბიომასისა და ბიოგაზის პროექტები. ამასთანავე განახლდა ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის საქართველოში და ბიომასის გამოყენების პოპულარიზაციის კვლევა. დაგეგმილია და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მწვანე წყალბადის და გეოთერმული ენერგიის საპილოტე პროექტის განსავითრებლად სხვადასხვა საერთაშორისო დონორ თუ საფინანსო ორგანიზაციებთან.

და ბოლოს, როგორ გესახებათ ქვეყნის ენერგეტიკის მდგრადი განვითარება?

ელექტროენერგეტიკა არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროსა და საქართველოს მოსახლეობაზე. ამიტომ ელექტროენერგეტიკის ინფრასტრუქტურის და შიდა გენერაციის წყაროების განვითარება არის ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა. საქართველოს ენერგოსისტემას მოუწევს არამხოლოდ იმ გამოწვევების გადალახვა რომელიც დაკავშირებულია არსებულ რადიალურ ინფრასტრუქტურასთან, მოხმარების ზრდასთან, გენერაციის ინტეგრირებასთან და სატრანზიტო პოტენციალის ათვისებასთან, არამედ იმ ახალ გამოწვევებთან, რომელიც რომელიც ბოლო წლებში გაჩნდა მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და კლიმატური ცვლილებების შეჩერების საჭიროების გამო. ახალ გამოწვევებს, როგორებიცაა ელექტრომობილები – პიკური დატვირთვის შესაძლო მკვეთრი ზრდა, პროსუმერები (Procumers) – სისტემის დეცენტრალიზაცია და არაპროგნოზირებადობა და ძლიერ ცვალებადი მოთხოვნის მქონე მომხმარებლები, სახელმწიფომ აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება ისეთი ღონისძიებებით, როგორებიცაა წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა, ენერგოეფექტურობის ამაღლება, ალტერნატიული/მწვანე ენერგოპროექტების განვითარება, ენერგიის შემნახველი სადგურებისა და ბატარეების დანერგვა, თბოსადგურებისა და სისტემათაშორისი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მართვისა და ოპერირების სისტემის სრულყოფა, ჭკვიანი ქსელების დანერგვა, ქარისა და მზის ელექტროსადგურების ოპტიმალური ინტეგრირება, ბოლო თაობის დაგეგმვა და პროექტირების პროგრამების გამოყენება და სხვა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply